საცურაო აუზების შესახებ სტატიებს საინფორმაციო სააგენტოებზე უფრო ხშირად გაზაფხულზე ან ზაფხულში შეხვდებით, რადგან სეზონი სწორედ ამ დროს იწყება.

თუმცა, აუზები მხოლოდ ზაფხულში არ ფუნქციონირებს და მისი დანიშნულება მხოლოდ გარუჯვა არ არის.

ცურვა – აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. მას, ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.

ცურვის დროს ყველა ჯგუფ­ის კუნთები აქტიურდება, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემა, სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან და გარემოს (წყლის) სპ­­ე­ციფიკიდან გამომდინარე, უფრო ნაკლებად იტვირთება, ვიდრე, მაგალითად, თხილამურებით სრიალის ან სირბილის დროს. ამით განსხვავდება ცურვა სხვა ციკლური ვარჯიშებისგან.

„ფორტუნა“ დაინტერესდა რა მდგომარეობა საცურაო აუზებზე არასეზონურ პირობებში– როგორია ფასები და რამდენად დიდი არჩევანი აქვს მომხმარებელს.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში, აუზზე სიარულისთვის თვეში სულ მცირე 65 ლარის გამოყოფა მოგიწევთ, ერთჯერადი ვიზიტების ფასი კი 15 ლარიდან იწყება.

 

საბავშვო აუზებზე ფასები და მოთხოვნა ზამთარშიც არ იცვლება

როგორც აღმოჩნდა, საბავშვო საცურაო აუზებზე, მოთხოვნა წლის ნებისმიერ დროს ერთნაირადაა და ფასებიც შესაბამისად არ იცვლება.

სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებს მშობლები აქ არა გარუჯვისთვის, არამედ ცურვის შესწავლისთვის და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით ატარებენ.

როგორც საბავშვო აუზ „დელფინის“ მენეჯერმა დავით ქაროსანიძემ, „ფორტუნასთან“ განაცხადა, 8 გაკვეთილი ამ აუზზე 55 ლარი ღირს, 12 გაკვეთილი თვეში კი 75 ლარი. ფასები არასდროს იცვლება, რადგან ქაროსანიძის თქმით, თბილისში ყველაზე დაბალი ფასები სწორედ მის აუზზეა.

აუზის სიღრმე 1.80 მეტრია და ამასზე 6 დან 16 წლამდე ბავშვები დაიშვებიან.

საბავშვო აუზ „ნემოზე“, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს, ერთჯერადი ვიზიტი 150 ლარი ღირს.  8 ვიზიტი –100 ლარი, ხოლო ამდენივე ვიზიტი, მხოლოდ შაბათ–კვირას 130 ლარი ღირს. ფასში შედის მწვრთლენის მომსახურებაც.

ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი ნემოში 250 ლარი ღირს, რომლის ფარგლებშიც საცურაო აუზზე 20 ვიზიტის შესაძლებლობა გაქვთ, შაბათ–კვირის ჩათვლით.

იგივე ფასები მოქმედებს უფროსებისთვისაც…

 

დახურული აუზები

თბილისში ბევრი დახურული აუზი არ არის. მათ შორის ერთ–ერთი ძვირადღირებული და კარგი რეპუტაციის მქონე ვაკის საცურაო აუზია. სადაც ერთწლიანი კონტრაქტები ფორმდება, ყოველთვიური გადახდით. შეუზღუდავი მომსახურებითა და დროით აქ აბონიმენტის ყიდვა 400 ლარიდან შეგიძლიათ.

რაც შეეხება შეზღუდულ ვიზიტებს, შაბათ–კვირის გარდა, ნებისმიერ დროს აუზით სარგებლობა 300 ლარი ღირს, ხოლო მხოლოდ–შაბათ კვირას ვაკის საცურაო აუზზე ერთთვიანი აბონიმენტის შეძენა 200 ლარი დაგიჯდებათ.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში ვაკის საცურაო აუზი მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობს.

ვაკის საცურაო აუზი

არენა II –საკმაოდ კარგ მომსახურებას და შესანიშნავ აქციებს გთავაზობთ.

ფასდაკლების საიტებზე ამ აუზზე ერთთვიანი აბონიმენტის ფასი 79 ლარიდან იწყება. ამ ფასად თქვენ 07:00 – 13:00 სთ–მდე, 8 ვიზიტს შეძლებთ. ამ მომსახურების რეგულარული ფასი 115 ლარია.

120 ლარის ნაცვლად 89 ლარს გადაიხდით აქციის ფარგლებში 1 თვიან აბონიმენტში ულიმიტო ვიზიტებით, თუმცა შეზღუდული დროის განმავლობაში ( 07:00 – 13:00 სთ)

225 ლარის ნაცვლად 100 ლარად კი თქვენ ერთთვიან დროის კუთხით ულიმიტო მომსახურებაში შედის 10 ცურვის შემსწავლელი ვიზიტი და ბონუსად თურქული ან ფინური საუნა.

არასეზონურ პერიოდში, ძირითადად, აკვა–აერობიკაზე და ცურვის შემსწავლელ ჯგუფებზე კეთდება აქცენტი.

ასეთი შეთავაზება ამ ეტაპზე გლდანის საცურაო აუზსაც აქვს, სადაც ცურვის შემსწავლელი ჯგუფები, დროების მიხედვით, 65–75 ლარამდე მერყეობს.

ცურვისა და ტრენაჟორების 12 ვიზიტიან აბონიმეტს გთავაზობთ Sport Time 140 ლარად, აქციის ფარგლებში თქვენ საჩუქრად საუნაში 8 ვიზიტსაც იღებთ.

Seaside-ში 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე 1- ჯერადი შესვლა 15 ლარი ღირს, 8 ვიზიტი 80 ლარი, 12 ვიზიტი 100 ლარი, 30 ვიზიტი კი 145 ლარი.

08:00 საათიდან – 23:00 საათამდე კი ერთჯერადი ვიზიტი 20 ლარი ღირს. 8 ვიზიტი 90 ლარი, 12 ვიზიტი 120 ლარი, 30 ვიზიტი კი 175 ლარი დაგიჯდებათ.

თუმცა, მოქმედებს ფასდაკლება, 1 თვიანი 8 ვიზიტიან ულიმიტო VIP აბონემენტზე, სადაც აუზის გარდა, ფიტნეს ცენტრისა და საუნას (თურქული და ფინური) მომსახურებაც შედის.

 

აუზები სასტუმროებში

Hotels & Preference Hualing Tbilisi 2-საათიანი 8 ვიზიტს საცურაო აუზზე 150 ლარად გთავაზობთ. ამის გარდა, სასტუმროს ულამაზეს აუზს სხვა შემოთავაზებებიც აქვს.

ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი, ტრენაჟორებთან, საუნასთან და სხვა მომსახურებებთან ერთად 300 ლარი ღირს.

აუზი გთავაზობთ შაბათ–კვირის ოჯახურ ვიზიტებსაც, რომლის ფარგლებშიც ორი უფროსისა და ბავშვების ვიზიტი 350 ლარი ჯდება.

Holiday inn–ში მხოლოდ ღია აუზია, რომელიც როგორც გვითხრეს მაისის ბოლოდან გაიხსნება.

მოკლედ თუ კარგად მოძებნით და შესაბამის დროებსაც შეარჩევთ, საკმაოდ ხელსაყრელ პირობებში შეგიძლიათ აუზზე ვიზიტი და სხეულის გაჯანსაღება.

როგორც ჩანს, დილის საათებში საცურაო აუზებზე ვიზიტი უფრო იაფი ჯდება, ხოლო საღამოს საათებში შედარებით ძვირი.

ძირითადი ფასები საცურაო აუზებზე, ზამთარშიც და ზაფხულშიც არ იცვლება, თუმცა არასეზონურ პერიოდში, ბევრად უფრო ხელსაყრელ აქციებსა და შემოთავაზებებს წააწყდებით.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოება:

გაითვალისწინეთ, ფასებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ აუზში წყლის წყლის სისუფთავეს. ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, მაგალითად, ქლორის ჭარბი რაოდენობისას, შეიძლება განვითარდეს ალერგიული ფონი, სოკოვანი და სხვადასხვა დაავადებები.

თითქმის ყველა აუზზე ითხოვენ ჯანმრთელობის ცნობას, რომელსაც კლინიკებში, თუ თავად აუზის ექიმები, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გასცემენ. თუმცა, ჯანმრთელობის ცნობა რეალურად არ არის იმის დასტური, რომ აუზზე შესული ყველა ადამიანი ჯანმრთელია და რაიმე გადამდები დაავადების მატარებელი არ არის.

ე.წ. ფორმა N100 ქართულ რეალობაში, ძირითადად, უბრალოდ სავალდებულო ფორმალობაა.

ასე რომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ გაჯანსაღებული სხეულის და დასვენებული გონების ნაცვლად, შინ რაიმე დაავადებით არ დაბრუნდეთ…

თამთა უთურგაშვილი

კატეგორიები: ანალიტიკა
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები