LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასწავლეთ ბავშვებს შრომასთან და ფულთან ურთიერთობის სწორი ხედვა – სიყვარული არ არის მატერიალური”

2336
3-2019-09-13-07-37-47-187790-1024x683

როგორ უნდა ჩამოუყალიბოთ ბავშვებს შრომასთან დაკავშირებული და ფულთან ურთიერთობის სწორი ხედვა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძეს ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი ესაუბრა. “ფორტუნა”გთავაზობთ ფსიქოლოგის რეკომენდაცებს.

“ფინანსური აღზრდა გულისხმობს ფულთან ურთიერთობის მიმართულებით ბავშვის სწორი ხედვის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში  გავლენას ახდენს მის სოციალიზაციასა და ფსიქიკური  ჯანმრთელობის ჩამოყალიბებაზე.

ბავშვის განვითარებაზე და მისი ქცევის ფორმირებაზე პირველ რიგში, გავლენას ახდენს ოჯახი, შემდგომ უკვე მისი სოციალური გარემო. ბავშვი ქცევას სწავლობს მოდელირებით, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ აღზრდის როგორ სტილს იყენებენ მშობლები. ხშირად ვხვდებით, როდესაც მშობლები ბავშვებს უსრულებენ ყველა სურვილს, ყიდულობენ ძვირად ღირებულ ნივთებს, ადრეული ასაკიდან დანიშნულების გარეშე აძლევენ ფულს, რაც არასწორია.

ბავშვებმა უნდა ისწავლონ საკუთარი სურვილების გადავადება, რომ გარკვეული მიზნის მიღწევისთვის საჭიროა ძალისხმევა და შრომა. გარდა ამისა, როდესაც ბავშვს ყველა სურვილი უსრულდება, მისი ქცევა ხდება მანიპულატორული, იცის, როცა მოითხოვს აუცილებლად შეუსრულდება, კარგავს ინტერესს და აღარ რჩება ოცნება, რასაც შემდგომ მოყვება გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები.

გასაგებია, რომ მშობლებს სურთ საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო და დაანახონ მათ სიყვარული. ეს ბუნებრივია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  სიყვარული არ არის მატერიალური. ბავშვებს ადრეულ ასაკში უფრო მეტად სჭირდებათ ყურადღება, ემოციური კავშირი და განსაზღვრული ქცევის წესები.

როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის ფულთან ურთიერთობაზე, აუცილებელია ავუხსნათ, როგორ და საიდან მოდის ფული, რომ ის უნდა გამოიმუშავო სამართლიანი და კანონიერი გზით, ამისთვის კი საჭიროა შრომა. აღნიშნულ საკითხზე აღზრდა იწყება იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია ზოგიერთი კუპიურის ამოცნობა. უნდა ვესაუბროთ ღიად. თუ  ფინანსური პრობლემა შეიქმნა, ავუხსნათ რატომ  მოხდა, როგორ და რა გზით შეიძლება გაუმკლავდეთ. ბავშვმა უნდა დაინახოს მშობლების შრომა.

მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, მივცეთ თუ არა ბავშვს „ჯიბის ფული“ და რა ასაკიდან? უნდა მივცეთ და სასურველია 6 წლის ასაკიდან, მაგრამ განსაზღვრული. მაგალითად, შესაძლებელია მივცეთ 1 კვირის სამყოფი თანხა და ბავშვმა თვითონ გადაანაწილოს  რაში დახარჯავს  და რამდენს.

მაგრამ მშობელმა წინასწარ უნდა უთხრას, რომ ეს არის ერთი კვირის სამყოფი, თუ ბავშვი მაშინვე დახარჯავს ფულს, უნდა იცოდეს, რომ დანარჩენი დღეები იქნება უფულოდ. სწორედ ეს არის დასაწყისი იმისა, რომ მან ისწავლოს როგორ გაანაწილოს და დაგეგმოს ფულის გამოყენება. დახაჯვის შემთხვევაში, შეიძლება ბავშვი ისევ მოვიდეს თქვენთან და ითხოვოს ფული, თუმცა გახსოვდეთ, რომ ფულის კვლავ მიცემით, მას უმტკიცებთ ქცევას, რომ არ დააფასოს თქვენი მიდგომა და არ გამოიმუშაოს სწორი ხედვა თქვენს შრომასთან დაკავშირებით.   

რაც შეეხება მოზარდებს, აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ  გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული  თავისებურებები. ამ პერიოდში   მნიშვნელოვანი ხდება თანატოლთა წრე და მათთან  ურთიერთობა,  დამოუკიდებლობა. გარდატეხის ასაკში მეგობრების აზრი ხდება მშობელზე უპირატესი. მნიშვნელოვანია ირიბად გავაკონტროლოთ რაში ხარჯავს ფულს, რომ რაიმე არასასურველი შედეგი არ მივიღოთ. თუ მოზარდი ითხოვს დამატებით თანხას, მაგრამ არ სურს თქვას რისთვის სჭირდება, აჯობებს გავერკვეთ ამ საკითხში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფულის გამოყენება, როგორც წამახალისებელი საშუალება არ არის სასურველი, მაგალითად: “ისწავლოს და სანაცვლოდ მივცემ ფულს”, არ არის ეფექტური, რადგან ასეთი მიდგომით სწავლის პროცესი კარგავს აზრს და ბავშვს გამოუმუშავდება ეს ჩვევად. სწავლის პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო და საინტერესო, რაშიც მნიშვნელოვანია  მშობლების ჩართულობა და დახმარების გაწევა.

როდესაც ადამიანები საკუთარი ძალებით ვაღწევთ გარკვეულ მიზნებს, ეს გვმატებს სიამაყეს და საკუთარ თავში დარწმუნებულობას, რასაც მოაქვს ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების  შეგრძნება. ამიტომ, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ საკუთარი ძალებით ბედნიერებისკენ სწრაფვა და ავუხსნათ, რას ნიშნავს შრომა.

მნიშვნელოვანია ბავშვებს ვესაუბროთ, რომ არსებობს ცხოვრებისეული ღირებულებები, როგორიცაა: მეგობრობა, ერთგულება, პატივისცემა, სიყვარული, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები