LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არსებობს ერთი, ძალიან მარტივი გზა ამ ვითარებიდან გამოსვლის – ეს არის არასაჭირო ჰოსპიტალიზაციების შეწყვეტა!” – გიორგი კანდელაკი

947
20200421-192510-2020-05-26-07-09-37-217661

ექიმი ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსვლის გზას ასახელებს. როგორც ექიმი აღნიშნავს, არსებობს ერთი მარტივი გზა, რომელსაც არც მატერიალური რესურსი სჭირდება, არც ტექნოლოგიური აღჭურვილობა, არც მეცნიერული პოტენციალი- ეს არის არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შეჩერება.

“ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, აღარ გვყოფნის საწოლები, ექთნები, ექიმები რომ გავუმკლავდეთ კოვიდს. ვეღარ ხდება მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, არის ამ მიზეზით გამოწვეული მსხვერპლიც – როდესაც ვერ მოხერხდა პაციენტების საავადმყოფოში მოთავსება. და ამ დროს არსებობს ერთი, ძალიან მარტივი გზა ამ ვითარებიდან გამოსვლის, რომელსაც არც მატერიალური რესურსი სჭირდება, არც ტექნოლოგიური აღჭურვილობა, არც მეცნიერული პოტენციალი – ეს არის არასაჭირო ჰოსპიტალიზაციების შეწყვეტა! თითქოს ყველამ იცის დეკლარირებულ დონეზე, ამ საკითხზე დღეს უკვე ყველა საუბრობს რომოდენიმე კვირაა, მაგრამ რაღაც მოჯადოებული აურა არ იძლევა ამ მარტივი ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას.
დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არ ნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. აშშ-ს, ევროპის გამოცდილება რომ ავიღოთ – 5-10% ია, მაქსიმუმ 15%. ჩვენ შეგვიძლია ერთი დღის განმავლობაში, გავაორმაგოთ საწოლები, გავაორმაგოდ თითო პაციენტის წილ მოსული ექთნის და ექიმის რაოდენობა, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ჰოსპიტალიზაციის განხორციელება, ავწიოთ მოვლის და მკურნალობის ხარისხი და ეს უკანასკნელი ასევე პირდაპირპროპორციულია ვენტილირებული პაციენტების შემცირებასთანაც, რადგან ექიმს რჩება მეტი დრო და ყურადღების საშუალება, მაქსიმალურად თავიდან აიცილოს არასაჭირო ინტუბაცია.
ამ ყველაფერს სჭირდება მარტივი რამ: პროტოკოლებში მკაცრად გაწერილი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები! კოვიდი ერთერთი გამორჩეული დაავადებაა, რომელსაც აქვს ძალზე ობიექტური, ადვილად გაზომვადი, ძნელად მანიპულირებადი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმი და ამ საკითხის მკაცრად გაკონტროლებაც არ წარმოადგენს პრობლემას. და ამის მაგივრად იმართება მრავალსაათიანი შეხვედრები, განხილვები, „აზრთა“ ჭიდილი, ექსპერტთა მწუხარება არსებულ ვითარებაზე, ხელისუფლების ტანჯვა-ვაება მომავალზე ფიქრით – მოკლედ სადომაზოხიზმი მოქმედებაში, საქმის ნაცვლად! ხოლო მას, ვისაც ეს ეხება, აი ის სრულ კმაყოფილებაშია არსებული ვითარებით და პერიოდულად ამაყობს ამ პროცენტით.
ნამდვილად წააგავს ეს ყველაფერი გაბრიელ გარსია მარკესის რომანს: გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა-ს. ყველამ ყველაფერი ვიცოდით, ყველასთვის ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ არავინ არაფერი ამისთვის არ გავაკეთეთ.
ღვთის წყალობით, თუ მართლა პიკის მიდამოებში ვართ (მე ასე მგონია, თუმცა ამ საკითხში შესაძლოა ვცდებოდე) გავუძლებთ რაღაცნაირად, მაგრამ თუ არ ვართ?”-წერს გიორგი კანდელაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები