LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძის სექსისტური შეფასება: “იყო სირთულეები, ვინაიდან პირველად ხდება, როდესაც საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი”

272
65946690-2057799194521179-8400856877361004544-o

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის 16 დეკემბერიდან შეუდგა. პრეზიდენტის საქმიანობის ერთ წელს ოპოზიცია და უმრავლესობა სხვადასხვაგვარად აფასებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ამ დროის განმავლობაში, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ მიუკერძოებელია და არცერთი პარტიის ინტერესებს არ ატარებს.

ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთ წელზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ სექსისტური შეფასება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ქალი პრეზიდენტი პირველად ჰყავს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა იმ სირთულეებს მოერევა, რომელიც ქალმა პრეზიდენტმა წარმოშვა.

“საქმიანობის ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა აჩვენა, რომ ის არ არის ვალდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, მას აქვს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები,  განსხავებული  მოსაზრებები. პოლიტიკურმა პარტიებმაც, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში მას აქვს თავისუფალი და ობიექტური პოზიციები…

იყო სირთულეები ამ პერიოდში, ვინაიდან პირველად ხდება, როდესაც საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი და ქალი პრეზიდენტი, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. რეალურად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სირთულეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოერევა და ინსტიტუტები ნორმალურად გააგრძელებენ ფუნქციონირებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ერთ წლიან საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. ზურაბიშვილს დილიდან  აქცია მოუწყვეს და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააპროტესტეს.

“ჯარიც გვყავს და იარაღიც გვაქვს, მთავარსარდალი არ გვყავს” – “შეცვალე” ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთ წელს აპროტესტებს

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

2018 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილს მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მხარდაჭერა გამოუცხადა.