LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები, რომელმაც საქართველოს ბედი შეცვალა: 28 ოქტომბერს პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა

1035
Archevnebi-036

დღე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ბევრ ცვლილებას დაუდო საფუძველი.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში პირველი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა. 29 წლის წინ ჩატარებული კენჭისყრით კომუნისტური რეჟიმის დასასრული დაიწყო.

შერეული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3444 ათასი ადამიანი იყო, მონაწილეობა კი 67%-მა მიიღო. მოსახლეობის უმრავლესობამ უზენაესი საბჭოს 250 დეპუტატი 5 წლის ვადით აირჩიეს.

ქვეყნის მმართველობის სათავეში 81 დეპუტატით „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ მოვიდა. გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ბლოკი ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანდა და 1990-1991 წლებში საქართველოს მმართველი ძალა იყო.

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი 

 

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მონაწილეები რადიო “ფორტუნასთან” საუბრის დროს იმ პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.

ზვიად გამსახურდიას მთავრობის, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდგომში დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე:

„ის პერიოდი ბევრი მოვლენით იყო დატვირთული, იმ დროზე საუბრისას ძალიან ხშირად იყენებენ სიტყვა „პირველს“. პირველად მოხდა ის, რომ არჩევნები დაინიშნა, მასში „მრგვალმა მაგიდამ“ და იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელმაც შემდეგ თავისუფლება მოუტანა საქართველოს.

ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა. იმ ხელისუფლებას, იმ პარლამენტს მრავალნარი ეპითეტით იხსენიებენ ხოლმე, მაგრამ ხალხი ყველაზე ხშირად იგონებს, როგორც ეროვნული ხელისუფლება და ასევე კანონიერი ხელისუფლება. დღემდე საქართველოს ისტორიაში ეს იყო ერთადერთი არჩევნები, როცა წაგებულ და დამარცხებულ არცერთ მაჟორიტარსა და პარტიას არ უთქვამს, რომ თუნდაც 1 ხმა გაუყალბეს.

საბჭოთა კავშირმა ნელ-ნელა არსებობის შეწყვეტა დაიწყო. არჩევნების შემდეგ პირველი რაც გავაკეთეთ, გამოვაცხადეთ გარდამავალი პერიოდი. ახალი კონსტიტუცია არ მიგვიღია, მაგრამ მასში თითქმის ყველაფერი შეიცვალა და საბჭოური არაფერი არ დარჩა. იმ ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი კანონი მივიღეთ.

გაზაფხულზე რეფერენდუმი ჩატარდა. ესეც პირველად იყო საქართველოს ისტორიაში, როდესაც თითოეულ მოქალაქეს საკუთარი აზრი ჰკითხეს. მასში ასეთი კითხვა იყო – გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? მოსახლეობის 98 პროცენტმა თავისუფლებას დაუჭირა მხარი.

ამ რეფერენდუმის გარდა, ასევე პირველად საქართველოს ისტორიაში იმავე დღეს 31 მარტს ადგილობრივი არჩევნები, შემდეგ კი იმავე წლის 26 მაისს კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მასში დიდი უპირატესობით ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. ეს კი იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ აქტს მოჰყვა, ეს იყო 1991 წლის 9 აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ეს იყო პერიოდი, როდესაც დამპყრობელი ქვეყანა რუსეთი ყველანაირ პროვოკაციებს გვიწყობდა და ამას გამკლავება უნდოდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად 5 წლის ნაცვლად წელიწადი და 3 თვე იყო ხელისუფლებაში, მაინც წინასაარჩევნო ყველა პირობა შეასრულა. ვერავინ დამისახელებს თუნდაც ერთს, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. მათ შორის კი ყველაზე მთავარი: როცა ჩვენ დაგვამხეს, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო დავტოვეთ, რომელიც აღიარებული იყო თითქმის ყველა ქვეყნის მიერ. ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება.

თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, თუ რას ნიშნავს არჩევანი. საერთოდაც, თავისუფლება ეს ხომ არჩევის უფლებაა. პასუხისმებლობა თითოეულ ადამიანზეა და არა მხოლოდ ხელსუფლებაზე.“

 

ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია 1990-1992 წლებში საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო, რომელმაც  ასევე მოაწერა ხელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე:

„ეს იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რამაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დაასრულა. ეს იყო ჯგუფი, რომელმაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც სწორედ ამ არჩევნებმა განაპირობა.

არჩევნები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩატარდა, რა დროსაც მთავარი ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო. მახსოვს, რომ ჩვენ, ყველა ოპოზიციონერი ერთად ვიყავით კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ.

ეს იყო მართლაც დიდი ზეიმი. ასეთი გამარჯვება დიდი ხანი მზადდებოდა, მთელი 70-იანი 80-იანი წლები ამ გამარჯვების მზადება იყო და სწორედ ამას მივაღწიეთ. ეს იყო ყველაზე ზუსტი და სწორი ნაბიჯი, რომელმაც უსისხლოდ მოგვაპოვებინა თავისუფლება.

ამ დღის შემდეგ გარდამავალი ეტაპი გამოცხადდა, ამ პერიოდში ხშირად გვსაყვედურობდნენ, რომ 1921 წლის კონსტიტუცია პირდაპირ არ აღვადგინეთ. რეფერენდუმი ჩავატარეთ, მოსახლეობას ვეკითხებოდით, სურდათ თუ არა დამოუკიდებლობა 1921 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ჩვენი მიზანი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა აღგვედგინა, რაც შესრულდა კიდეც. საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუცია მთლიანად შეიცვალა და იმ 1978 წლის კონსტიტუციაში აბსოლუტურად მიღებული იქნა ახალი დროის, ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის კონსტიტუცია. უბრალოდ, 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა დაკავშირებული იყო გარკვეულ ხიფათებთან, რადგანაც ადეკვატური არ იყო ქვეყნის მოწყობა, ისე როგორც 1918 წელს იყო, ეს გამოიწვევდა გარკვეულ უხერხულობას და გამოიწვია კიდევაც.

მთელი სისტემური ცვლილება მოხდა ქვეყანაში. ჩვენ დავიწყეთ მზადება დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემისათვის, ასევე  ქვეყნის ინტეგრაციისათვის. ქვეყნის ინსტიტუციების შექმნა. ეს იყო ეტაპი, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი იწყებდა. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვიყავით და პირდაპირ ქუჩის მოძრაობიდან აღმოვჩნდით კაბინეტებში. ეს იყო პროცესები, ჩვენ ხომ ვიცით რისი შესაძლებლობა გვქონდა და  რა შევძელით.

მიხარია, რომ ამ დღის მონაწილე ვარ. ჩვენ მეტი ვალდებულება გაგვაჩნია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.“

 

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბიმურზა დადეშქელიანი:

„28 არჩევნების მნიშვნელობა ძალიან დიდია. საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ კოალიციის სახით. ამ დღეს ფაქტობრივად, ქართულ სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი. რადგან უსისხლოდ, ძალადობის გარეშე 70-წლიანი კომუნისტური დიქტატურა დაემხო ერთპარტიული იმპერიული ხელისუფლება ბატონობდა ქვეყანაში და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს, ქართული სახელმწიფოს აღდგენას. ქართულ ისტორიაში ერთ-ერთი დიდი თარიღია.

70 წლის განმავლობაში საქართველოში არც მრავალპარტიული და არც დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა. იყო ერთი კომუნისტური პარტია და მისთვის უნდა მიგეცა ხმა, ან საერთოდ არავისთვის არ მიგეცა, რადგანაც არავინ არ იყო დასახელებული. პირველად ეს 28 ოქტომბერს ჩატარდა…  და რა შედეგი მოგვცა? კომუნისტური დიქტატურა დაემხო და ეროვნული ძალები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა, შემდეგ პრეზიდენტი ავირჩიეთ და ასე შემდეგ. დაიწყო ყველანაირი რეფორმები.“

 

1990 წლიდან დღემდე საქართველოში 22 არჩევნები ჩატარდა. აქედან: 5 საპრეზიდენტო, 7 საპარლამენტო, 7 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და 4 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აგრეთვე 1 რეფერენდუმი და 2 პლებისციტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები