LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არასოდეს მინახავს ამდენი ხალხი, მთელი საქართველო სვანეთში იყო” – კოვიდის კვალი მესტიის ტურისტულ სეზონზე

394
BeFunky-collage - 2020-09-15T114923.393

მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე სოფელი და თემი ჩაიკეტა. ზაფხულის ბოლოს, სვანეთი უცხოელი და ქართველი ტურისტებისთვის ინფექციის გავრცელების რისკზონას წარმოადგენდა. ადგილზე რამდენიმე კვირის მუშაობის შემდეგ, ეპიდემიოლოგთა ჯგუფმა გაფართოვებული ტესტირების შედეგად, დაინფიცირებულები გამოავლინა, რეგიონში მყოფი ტურისტები კი საკარანტინე სივრცეებში გადაანაწილეს. მუნიციპალიტეტის ჩაკეტვამ უარყოფითი შედეგები მოიტანა რეგიონის ტურიზმის განვითარებაზე, კონკრეტულად იმ ოჯახებზე, ვინც უშუალოდ იყო ჩართული აღნიშნული მიმართულებით. მესტიის ტურისტულ სეზონზე კოვიდ-19-ის კვალზე “ფორტუნასთან” მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში მერიის წარმომადგენელმა ვახტანგ ფილფანმა ისაუბრა.

“მესტიის ჩაკეტვის შემდეგ, ჩავთვალოთ, რომ ტურიზმი მთლიანად მოისპო. მთავრობის გადაწყვეტილებით სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტილი მუნიციპალიტეტი ისევ გაიხსნა, მაგრამ გზების გახსნის შემდეგ თითო-ოროლა ტურისტი თუ დამინახავს, რამდენიმე პოლონეთის მოქალაქეც იყო, თუმცა ძალიან ცოტა. უშგულში რომ ავდიოდი, ერთი მანქანაც არ შემხვედრია, ცარიელი იყო. არა და ამ დროს რეგიონი გადაჭედილია ხოლმე. რეგიონის განვითარებაზე ძალიან ცუდი ზეგავლენა მოახდინა პანდემიამ. ამ ბოლო დროს ყველა ოჯახი  ჩართული იყო ტურიზმში, ყველამ შემოსავლის წყარო მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ კორონავირუსმა მდგომარეობა არსებითად შეცვალა”, – განაცხადა ვახტანგ ფილფანმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარება განსაკუთრებით შეიმჩნეოდა სვანეთში. ფილფანი იმედოვნებს, რომ ზამთრის საკურორტო პერიოდი ისეთივე დატვირთული იქნება, როგორც ზაფხულში იყო. ფილფანის განმარტებით, რეგიონში ზამთრის სეზონზე ისევ ქართველ ტურისტებს ელოდებიან.

“მას შემდეგ, რაც ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა, რეგიონში შიდა ტურიზმი განვითარდა.  ქართველი ტურისტების მოზღვავება გვქონდა. არასოდეს დამინახია ამდენი ხალხი. მთელი საქართვერლო სვანეთში იყო. იმედი მაქვს, ტურისტები არ მოგვაკლდება არც ზაფხულში და არც ზამთავრში. ამ  ზამთარში ქართველ ტურისტებს ველოდებით. სასრიალოდ ქართველი ტურისტები წამოვლენ. უცხოელი ტურისტები წინასწარ გეგმავენ ხოლმე და ჩემი ვარაუდით 20 % უცხოელი ტურისტი შეიძლება ზამთვის კურორტზე მოვიდეს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის ტურიზმი გვექნება წარმატებული” – აღნიშნა ფილფანმა.

ვახტანგ ფილფანის თქმით, ამ დროისათვის რეგიონში საკვები პროდუქტის პრობლემა არ არსებობს. ის აცხადებს, რომ მიუხედავად ზაფხულის ტურიზმის არასასურველი შედეგებისა, რეგიონს არ უჭირს. მისივე თქმით, მოსახლეობა უკვე შემოდგომის მოსავალს იღებს, რომელიც ბარაქიანი აღმოჩნდა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად
შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით

 

“მოსახლეობას იმის შიში, რომ მოზღვავებულმა ტურიზმმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს ვირუსის გავრცელების კუთხით, არ აქვს.  ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვა უმკლავდება იმ რაოდენობის ინფიცირებულებს, მაგრამ თუ შემთხვევები გაიზარდა, მაშინ საშიში გახდება. რეგიონში, როგორც კი პრობლემა შეიქმნა, მაშინვე თავზე დაგვადგა ცერცვაძე და ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. რეაგირება იყო სწრაფი. ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა. მართალია რეგიონში რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა და ტურიზმის მიმართულებით ისეთივე სასურველი შედეგი ვერ გვქონდა, რასაც ველოდით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულად გაგვიჭირდა. არ არის ისეთი ოჯახი, ვისაც შია, ვისაც საკვები არ აქვს. მესტიაში წითელი ჯვრის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე დარიგდა კვებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები. იმდენი, რომ ერთი თვე ეყოფოდათ. შიმშილი არავის არ აწუხებს. თუ ასეთი ოჯახი არის, მოგვმართონ და მათ აუცილებლად ყველა საჭირო პროდუქტით მოვამარაგებთ. უკვე მოსავალმაც მოგვისწრო, ოჯახებმა კარტოფილი, სიმინდი აიღეს. შემოდგომაა და ბარაქიანი მოსავალი გვაქვს”, – აღნიშნა ვახტანგ  ფილფანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები