პანდემიის და მის შესაჩერებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, უსამსახუროდ და დანაზოგის გარეშე არაერთი მოქალაქეა დარჩენილი. ისინი კორონას გადაურჩნენ, თუმცა ახლა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.

მთავრობამ გამოაცხადა, რომ მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამით დაეხმარება. დახმარებები გაიცა კიდეც – თვითადასაქმებულებზეც და დაქირავებულებზეც, მაგრამ უამრავი ადამიანი ამ სიაში ვერ მოხვდა.

 

შემთხვევით ნაპოვნი 10 ლარი – ერთი კვირისთვის

დარეჯან ქარქაშაძე მარტოხელა ქალია, პროფესიით ინჟინერი, საპენსიო ასაკამდე რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი. კორონამდე თავს სუვენირების მაღაზიაში თავისივე მოქსოვილი საფულეების ჩაბარებით და ბინის ნათესავისთვის “მიქირავებით” ირჩენდა.

თუმცა, ბოლო პერიოდში გორგასლის ქუჩაზე სუვენირების მაღაზიაში დატოვებული მისი მოქსოვილი არც ერთი საფულე არ გაყიდულა. ნათესავი, სტუდენტი გოგონა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა და ქუთაისში დაბრუნდა. დარეჯანი მარტო დარჩა, შემოსავლების გარეშე.

როცა გზები დაიკეტა, სოფელში ძმასთან და ნათესავებთანაც ვერ შეძლო წასვლა. ეს პერიოდი ფაქტობრივად პურის ფულის გარეშე დარჩა.

ბოლოს რომ მაღაზიაში საბანკო ბარათით ვერ გადავიხადე, რატომღაც საფულეში ჩავიხედე და  შემთხვევით ჩამრჩენია 10 ლარი. როგორ გამეხარდა არ იცით, ასე მეგონა მილიონი ვნახე. სურსათი მომარაგებული მქონდა. პურზე მეყოფოდა ერთი კვირა. მერე უკვე ერთი სული მქონდა წამოვსულიყავი სოფელში ნათესავებთან”, – ყვება დარეჯანი “ფორტუნასთან”.

სწორედ ამ პერიოდში სჭირდებოდა მას კომპენსაცია. მაღაზიიდან, სადაც საფულეებს აბარებდა, ცნობა არ მისცეს. როდესაც უწყებას მიმართა, უარი მიიღო. უთხრეს, რომ “თქვენო თვითდასაქმებულებში არ ითვლებითო”.

“თუ ცნობა არ მოგაქვს მაღაზიიდან იმ მაღაზიის ჩეკები მომიტანე, ნედლეულს სადაც ყიდულობდითო. საბანკო მომსახურებით არ სარგებლობს ის მაღაზია და ვერ მოვახერხე მიტანა. ჩეკები არ შემინახავს, რას ვიფიქრებდი, რომ დამჭირდებოდა.

სწორად იქცევა მთავრობა, ყველა მეწარმე უნდა იხდიდეს საშემოსავლოს და რეგისტირებულები იყვნენ, მაგრამ მე ნამდვილად არ მქონდა იმხელა საქმიანობა რომ ინდმეწარმედ ან რამედ დავფიქსირებულიყავი. სულ 50 ლარის ნედლეულს ვყიდულობდი 200 ლარი მქონოდა ბრუნვა თვეში.

ბინაში, ნათესავისგანაც ამდენივეს ვიღებდი და ეს ორ ადამიანს კვებაში გვყოფნიდა – ეს უფრო ურთიერთპატივისცემა იყო, ვიდრე ბინის გაქირავება.

ნამდვილად არ ვაკეთებდი უკანონოდ არაფერს. მარტოხელა ქალი ვარ და ასე ვაპირებ თავის რჩენას”, – ამბობს დარეჯანი “ფორტუნასთან”.

ახლა ის ტყიბულშია, ძმებთან და ბიძაშვილებთან. ასე ახერხებს, უფულობას გაექცეს. აგვისტოდან პენსიას ელოდება და იმედოვნებს, რომ სექტემბრიდან თბილისშიც დაბრუნდება.

 

გიდი

თამუნა გოგოლაძე 2017 წლიდან შიდა ტურების ორგანიზებას აკეთებდა. ჯერ თბილისიდან ქართველი ტურისტების მომსახურებით დაიწყო, შემდეგ უცხოელებზეც გადაერთო. ამ დროს სხვა სფეროშიც მუშაობდა, თუმცა 2018 წლიდან ტურისტულ სააგენტოში დაიწყო საქმიანობა და მთლიანად ამ საქმიანობაზე გადაერთო.

შემდეგ ბათუმში გადავიდა, დაოჯახდა და ტურებიც დროებით შეწყდა, თუმცა 2020 წელი უკვე გაწერილი ჰქონდა – ტურებით, ახალი სერვისებით, ფასდაკლებებით და ა.შ.

“რაღაც გრანდიოზული არა, თუმცა ტურები უკვე დაგეგმილი მქონდა, ივენთებიც მედო “ფეისბუქზე”. ვაპირებდი ჩემი გავლით მსურველს ნებისმიერი მომსახურება მიეღო. ყოველ შემთხვევაში გაჩერებას არ ვაპირებდი“, – ამბობს თამუნა “ფორტუნასთან”.

დიდი გეგმების მიუხედავად, ახლა ძალიან მცირეზეა შეჩერებული – დამსვენებლებს საფეხმავლო ტურებს სთავაზობს, რაც შემოსავლის წყაროდ ნამდვილად არ გამოდგება.

გამოდის, რომ თამუნა კოვიდ 19-მა სამსახურის და შემოსავლების გარეშე დატოვა, თანაც დიდი ხნით.

სწორედ ასეთი ხალხისთვის მთავრობამ ერთჯერადი კომპენსაციების სისტემა შექმნა. თუმცა, თამუნამ ეთჯერადი 300-ლარიანი დახმარების აღებაც ვერ მოახერხა.

“ისეა მექანიზმი მოწყობილი, რომ ეს დახმარებები თითქმის არ გაიცეს. მარტო მე კი არა, ბევრი ტურისტული სფეროს წარმომადგენელი ვიცი, ვინც დახმარების გარეშე დარჩა. რადგან ტურიზმი მარტამდე გაჩერდა, შესაბამისად, საშემოსავლოებსაც ვერ იხდიდნენ ბოლო თვეებში, ამის გამო ხალხი ვინც უფრო დაზარალდა, ერთჯერად დახმარებასაც ვერ იღებს, არათუ რაიმე მხარდაჭერას,” – აცხადებს თამუნა “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

 

შეიძლება მექანიზმი მართლაც ასეა მოწყობილი, რადგან ასეთი დახმარებებისთვის სულ 75 მილიონი ლარია გამოყოფილი. 75 მილიონი ლარი რომ 300-300 ლარად გადავანაწილოთ, ის 250,000 მოქალაქეს ეყოფა.

თუმცა, სტატისტიკა უჩვენებს, რომ თვითდასაქმებულების რაოდენობა 840,400 ადამიანია (დასაქმებულთა სრული რაოდენობის თითქმის ნახევარი, 49.7%).

გამოდის, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილის კომპენსაციის გარეშე დატოვება, თავიდანვე გათვლილი იყო.

 

თამუნას კიდევ ერთი პროფესია აქვს – ის კერძო რეპეტიტორია და რადგან ტურისტული სფერო გაურკვეველი ვადით გაქრა, როგორც შემოსავლის წყარო, იმედოვნებს, რომ განათლების სფეროდან მაინც შეძლებს გარკვეული ანაზღაურების მიღებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მეორე ტალღა დაიწყება.

“სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, ონლაინ სწავლების გვერდი გავაკეთე, მყავდა ერთი მოსწავლეც და ვფიქრობ სექტემბრიდან ამ მიმართულებით უნდა გადავეწყო და განვავითარო. სხვა რა უნდა მოვიფიქრო არ ვიცი…” – ამბობს თამუნა.

 

სასტუმროს მეპატრონე

შორენა გოლომანიძე ქობულეთში სასტუმროს მფლობელია. სანამ ქობულეთის ფიჭვნარში ამ სასტუმროს ააშენებდა, დიდი გზა გაიარა – სასტუმრო დაფინანსების და დახმარებების გარეშე მოაწყო, შესაბამისად, მისი საბანკო ისტორია სესხებით და კრედიტებითაა დახუნძლული.

რამდენიმე წელია მთლიან სასტუმროს მთელი სეზონით უცხოელებზე აქირავებს – ძირითადად იჯარით, სომხებზე და ისინი ამუშავებენ სასტუმროს. ასე მისთვის კონკრეტული შემოსავალი გარანტირებულია. ეს კი იმისთვის სჭირდება, რომ ბანკის ვალის გადახდაში ხელი არ შეეშალოს.

წელს მისი სასტუმროს “კლიენტები” ქვეყანაში ვერ შემოდიან. უკვე შუა სეზონია და შორენამ მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლო ოთახების გაქირავება.

“ბანკის ვალები მაქვს და არ ვიცი რა მეშველება. არ ვარ ქართულ ბაზარზე გასული. ორი ან სამი წელი მინდა, რომ ქართველები მოვიზიდო. არ იციან ჩემი სასტუმროს შესახებ.

რადგან ტურისტები არ ჩამოდიან და კლიენტის გარეშე ვართ, ქართველი დამსვენებლები ისეთ ფასდაკლებებს ითხოვენ, რომ ხარჯის გასწორებაც კი შეიძლება გაჭირდეს. ხვალ მივდივარ ბანკში, ვნახოთ რამდენად დამეხმარებიან სესხის თაობაზე”, – ამბობს შორენა და ფიქრობს, რომ როგორი აქტიურიც არ უნდა იყოს აგვისტოს თვე, სესხის მხოლოდ 10%-ის გადახდას მოახერხებს.

ისიც სხვების მსგავსად ამბობს, რომ არ იცის რა ქნას.

 

ჩვენ სულ სამი ადამიანი ჩავწერეთ, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ და კომპენსაციაც არ ეკუთვნით, თუმცა ასეთი რამდენიმე ათასია. ზოგი შეიძლება ხმას ვერავის აწვდენდეს, ზოგს დამხმარეც არავინ ჰყავდეს…

კორონა მათთვის იმაზე მძიმე რამაა, ვიდრე ვირუსი და პანდემია, სახელმწიფომ კი მათი დახმარებისთვის უფრო ეფექტიანი მექანიზმები უნდა შეიმუშავოს.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები