საქართველოს ნაკრებმა ტესტ მატჩი გამართა სტუმრად 6 ერის წარმომადგენელ შოტლანდიასთან და ულაპარაკოდ წააგო – .

“მარიფილდზე” პირველი ტაიმი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. სქოთებმა ყველაფერში დაგვჯაბნეს, მათ ქართველები უბურთოდაც დატოვეს და უქულოდაც, ჩვენებს შანსი ფაქტობრივად არ ჰქონიათ, ბურთიც სულ მეტოქეს ჰქონდა და ამიტომ 17:0 ტაიმის შემდეგ ლოგიკურიც იყო.

აი მეორე ტაიმი კი მშვენივრად დაიწყო. 45-ე წუთზე ჩვენებმა ანგარიში შეამცირეს. ტაბუცაძემ ლელო დადო (მე-6 ლელო მე-3 თამაშში), აბჟანდაძემ გარდასახა და უკვე 17:7 გახდა.

სამწუხაროდ, იმედიანი დასაწყისი ფუჭი გამოდგა.

მასპინძლებმა ლელო აქეთაც მალე დაგვიდეს, სულ რაღაც 5 წუთში – 22:7.

სამწუხაროდ, თამაში შოტლანდიელების უპირატესობით გაგრძელდა. მასპინძლებმა 10 წუთში კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს (პლუს გარდასახვა) და უკვე 29:7. მასპინძლები შეტევას განაგრძობდნენ, ჩვენებს მათი შეჩერება სულ უფრო უჭირდათ და ანგარიშიც იზრდებოდა. დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კიდევ ერთი ლელო და გარდასახვა მივიღეთ – 36:7.

მალე ჩვენები კაცნაკლულები დარჩნენ, რაც “ნარშავებმა” გამოიყენეს კიდეც – კიდევ დაგვიდეს ლელო 41:7.

თამაშის დამთავრებას არაფერი აკლდა, როცა მორიგი შეცდომის შედეგად კიდევ დაგვალელოვეს – 48:7.

საქართველოს კი ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მორღვეული იყო სათამაშო დისციპლინა, დავუშვით ბევრი შეცდომა, მეტოქეს ყველაფრის უფლებას ვაძლევდით, ვერ ვუტევდით, პლუს უთამაშებლობა და შესაბამისად უნდა ვაღიაროთ, რომ შედეგი ლოგიკურია და რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროპელ ბობოლებთან ჭიდილი.

 

 

ჯერ კიდევ თამაშამდე ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესაა მოსამზადებელი მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ და შოტლანდიურ მხარეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობაც გადაუხადა.

ბორჯღალოსნები ედინბურგში საფრანგეთიდან ჩავიდნენ, სადაც ბოლო ერთი კვირა ვარჯიშობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებს ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა, ბოლო 8 თვის განმავლობაში პირველად ვითამაშეთ, ჩვენი მორაგბეების ნაწილს 7 თვეა არ უთამაშია.

 

 

საქართველოს ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:

მიხეილ ნარიაშვილი,  ლექსო ყაულაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ნოდარ ჭეიშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, აკაკი ტაბუცაძეს, დემე თაფლაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, სოსო მათიაშვილი.

“ბორდოს” 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილს დებიუტანტია.

ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ – ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

 

როგორც იცით, კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან გასამართი მატჩი, რამაც ბორჯღალოსნებს „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადებაში პრობლემები შეუქმნა:

“ცუდია ის, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, იძულებული ვართ ლეგიონერები კლუბებში გავუშვათ. ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაგვივარდა. დანარჩენი მორაგბეები საქართველოში ვბრუნდებით და მზადებას ადგილზე გავაგრძელებთ, ინგლისთან თამაშამდე კი, სრულფასოვნად მოსამზადებლად არასრული ერთი კვირა გვექნება“ – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მაგარი თამაშები ელოდება 8 ერად გადაკეთებულ ტურნირზე. ჩვენებს ბრიტანული გრანდები ელით: ინგლისი (11 ნოემბერი), უელსი (21 ნოემბერი) და ირლანდია (29 ნოემბერი).

“ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ვითამაშოთ კარგი რაგბი“ – ესეც ლევან მაისაშვილის სიტყვებია და მართლაც იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველები ისე ითამაშებენ, რომ ეჭვი არავის გაუჩნდება თუ სად არის ჩვენი ადგილი.

 

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე გაიმართა, რომელშიც სქოთებმა ლელოს გატანა ვერ მოახერხეს. თუმცა, 15:6 მოგვიგეს.

2016 წელს, კილმარნოკში შოტლანდიელებმა 43:16 დაგვამარცხეს.

შარშან მსოფლიოს თასის გათამაშების წინ ბრიტანელებს ორჯერ ვეთამაშეთ. თბილისიში 10:44 დავმარცხდით. საპასუხო მატჩი ედინბურგში, “მერიფილდზე” გაიმართა და ისევ შოტლანდაიმ მოიგო – 36:9.

შოტლანდიის ნაკრები ექვსი ერის პირველი გუნდია, რომელიც თბილისში გვეწვია.

 

 

მსგავსი თემები