LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანტიბიოტიკები კი არ ამცირებს, არამედ ზრდის ფილტვების ანთების განვითარების რისკს“- კომაროვსკი

97

გასულ კვირას „ავტორადიოზე” სამედიცინო გადაცემათა ციკლმა აიღო სტარტი. რუბრიკა „სტუმრად ექიმთან“ ამჯერად ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ ცნობილ უკრაინელ პედიატრთან ევგენი კომაროვსკისთან, რომლის გადაცემაც „ექიმ კომაროვსკის სკოლა“ საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ჩვენ დავუკავშირდით მას უკრაინაში და მშობლებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ. მათ შორის ვირუსების სიხშირეზე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედებაზე, ხველის თავისებურებებზე, ბავშვებში ტემპერატურის ცვალებადობაზე და ანტიბიოტიკების გამოყენებაზე.

თქვენი სტატიები ძალიან პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი რეკომენდაციების მოსმენა ქართველი მშობლებისთვის. ჩვენ შევარჩიე ის კითხვები, რომლებიც ყველაზე აქტუალურია დღეს სეზონური ვირუსების პერიოდში. გვითხარით, თუ შეიძლება, რა სიხშირით უნდა ავადობდეს ბავშვი, რა ითვლება ნორმად და რა პათოლოგიად?

მთავარი რაც უნდა გახსოვდეთ, ვირუსებით ავადობის მიზეზი – ესაა კონტაქტი ადამიანებთან, ვინც უკვე ვირუსის მატარებელია. ანუ მთავარი მიზეზი არის შეხვედრა ავადმყოფ ადამიანთან. რაც მეტია ასეთი შემთხვევა, მით მეტია ვირუსის ალბათობაც. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლებში, ბაღებში და თავისუფალ დროს, სუფთა ჰაერზე სეირნობის ნაცვლად, ატარებენ სახლებში, ეკონტაქტებიან და-ძმებს… ან როდესაც დედას მიჰყავს ისინი სუპერმარკეტში, სადაც უამრავი ადამიანია და დედა ვერ ხვდება, რომ სჯობს, ამ დროს ბავშვი დატოვოს სახლში… ასეთმა მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ზრდიან ვირუსების საფრთხეს.

ჩვენ ვერ ვიტყვით გამუდმებით უარს სკოლასა თუ ბაღში სიარულზე, ამიტომ ეს მაინცდამაინც ჩვენზე დამოკიდებული არაა. მეორე მიზეზი, ესაა ვირუსების კონცენტრაცია ჰერში. ადამიანები ამას ხშირად ვერ იგებენ. როცა ბავშვი ზის საკლასო ოთახში, რომელიც არ ნიავდება, გაკვეთილის ბოლოს ვირუსის კონცენტრაცია ისეთი მაღალია, რომ შეიძლება დაავადდეს ყველა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა მუდმივად ვანიავოთ ოთახი. იდეალურია, როცა დარეკავს ზარი და ბავშვები  გარბიან დერეფნებში, მასწავლებლები კი ამ დროს აღებენ კარს, ფანჯრებს, მომსახურე პერსონალი ასუფთავებს იატაკს. ანუ რაც ურო მშრალია ჰაერი, მით მეტია ვირუსის კონცენტრაცია. შესაბამისად, ვირუსის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება ორპირი ქარია.

3თქვენ პრინციპში ნაწილობრივ უპასუხეთ კითხვას საბავშვო ბაღებზე, მაგრამ მაინც მინდა ჩაგეკითხოთ. სწავლის პირველი წელი საბავშვო ბაღში ხანდახან ძალიან რთულდება. ბავშვები ხშირად ავადობენ და მშობლების ნაწილი უარს ამბობს ბავშვის ბაღში ტარებაზე. ანუ, გვაქვს ასეთი სიტუაცია: ბაღი, სადაც ბავშვი კარგად ატარებს დროს და ვირუსები, რომლებიც გამუდმებით ხვდება ბავშვს. როგორ მოვიქცეთ? უარი ვთქვათ ბაღზე?

საქმე იმაშია, რომ ბავშვის ორგანიზმი აბსოლუტურად მზადაა, მოერიოს ვირუსულ ინფექციას ყოველგვარი წამლების გარეშე, ცხადია, უფროსების სწორი მიდგომის დახმარებით. აუცილებლად უნდა ჩააცვათ ბავშვს თბილად, გაანიავოთ მისი ოთახი, ასვათ ბევრი სითხე და არ დააძალოთ ჭამა. ბავშვისთვის ეს სრულიად საკმარისია, 4-5 დღეში ვირუსი აუცილებლად ალაგდება. ბავშვებს არ ეშინაით ვირუსების, მათ ეშინიათ მკურნალობის და იმის, რომ მშობლები ათობით წამალს დაალევინებენ.  როცა არ გყოფნით ცოდნა და ენთუზიაზმი იმისთვის, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, მოერიოს ვირუსს დამოუკიდებლად, მაშინ ბავშვი ბაღში არ უნდა ატაროთ.

თუ შეგიძლიათ, ბავშვის დახმარება სწორად, ყოველგვარი ვირუსის საწინააღმდეგო წამლების გარეშე, ატარეთ ბაღში რომელი ასაკიდანაც გინდათ. ავადობა არაა მხოლოდ მშობლის ბრალი, ესა საბავშვო ბაღის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის.  ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, ხვალ ბაღში მისვლისას იკითხოს მასწავლებელთან, როგორია ჰაერის ტენიანობა ოთახში, არის თუა არა სპეციალური აპარატი, რომელიც განსაზღვრავს ტენიანობას. თუ ბაღში ჰაერი მშრალია, ცხადია, ბავშვები ადვილად გახდებიან ავად. თუ მათ დიდხანს ასეირნებენ სუფთა ჰაერზე, ავადობის სიხშირე რადიკალურად იკლებს. ცხადია, ასეთი ბაღები ერთეულია.

დამოკიდებულია თუ არა ბავშვის ავადობის სიხშირე ასაკზე? ამბობენ რომ პატარების მიყვანა ბაღში არ ღირს და ოპტიმალური ასაკი 3 წელია.

რა თქმა უნდა, ასაკი არაფერ შუაშია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნებით, ბავშვი, რომელიც დადის სკოლასა თუ ბაღში, შეიძლება წელიწადში 6-ჯერ ან თუნდაც 12 ჯერ ავადობდეს, ეს ნორმაა. ასეთი ბავშვები ხშირად მოავადეებად არ ითვლებიან.

ისევ ვირუსებს და მის თანმხლებ ერთ-ერთ სიმპტომს ვუბრუნდებით, რომელიც ძალიან აწუხებთ მშობლებს – ესაა ხველა. თითქმის ყოველი მეორე ბავშვი, რომელსაც ვირუსი აქვს, ახველებს. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, ესაა ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ქვედა სასუნთქი გზების ანთება, ალერგიული ხველა თუ თუნდაც ყივანახველა? და საერთოდ, რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ხველა?

უმეტესწილად, ხველას აქვს ერთი მიზეზი. ესაა ზედა სასუნთქი გზების ანთება, ანუ ყელი ან ცხვირი. როდესაც ცხვირის ლორწოვანიდან წამოსული სითხე გადადის უკან, ყელში, ეს აძლიერებს ხველას. თუ ბავშვი ახველებს და თქვენ მას აძლევთ პოპულარულ ამოსახველებელ წამლებს, სისველე ფილტვებში მატულობს და ხველა ძლიერდება. ბავშვს არ სჭირდებათ ხველის საწინააღმდეგო არანაირი წამალი. ხველისას მას უნდა  სუფთა ჰაერი, ბევრი სითხე. კიდევ ერთი რჩევა – თუ ხველა ძლიერდება ღამით, ანუ როცა ბავშვი იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გირჩევთ, მატრასის ქვეშ ამოუდოთ დამხმარე ბალიში, რომ მივიღოთ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა. როცა ბავშვი ზის და ნაკლებად ახველებს, ხოლო წოლის დროს ხველა უძლიერდება, ეს ათასი პროცენტით დასტურია, რომ ხველა მომდინარეობს ცხვირიდან. ამიტომ ამ დროს ცხვირი უნდა გამოურეცხოთ ფიზიოლოგიური ხსნარით და დამატებითი ბალიში დადოთ არა ბალიშის ზემოთ, არამედ მატრასის ქვემოთ. ასევე კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ და გაითვალისწინეთ – სთხოვეთ ბავშვს, ღრმად ჩაისუნთქოს, თუ ეს გამოიწვევს ძლიერ ხველას, სასწრაფოდ გჭირდებათ ექიმი.

4ვირუსული ინფექციების დროს მაღალი ტემპერატურა რთულად ექვემდებარება წამლებს.  რა რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს? მაგალითად სველი ტილოს დადება შუბლზე, ან ბავშვის შეყვანა გრილ შხაპში…

არ ვურჩევ  მშობლებს, სახლის პირობებში მიმართონ გაგრილების ამ მეთოდებს. ეს იქნება აბაზანა, კომპრესი თუ რაიმე სხვა. თუმცა შხაპის მიღება 34-35 გრადუს ტემპერატურაზე, მაშინ როცა სიტუაცია კრიტიკულია და სიცხე 39.5 ფარგლებში მერყეობს, ნამდვილად კარგი საშუალებაა სიცხის დასაგდებად.  კატეგორიულად არ შეიძლება ცივი წყალი! ავადობის პირველ და მეორე დღეს, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები არ მოქმედებს, ე.ი. ორგანიზმში სითხის დეფიციტია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვს მივცეთ დიდი რაოდენობით სითხე. შანტაჟი, მოთაფლვა, საჩუქრები, ყველა მეთოდი ამ დროს გამართლებულია. დაუდგით წყალი 3 ლიტრიანი ქილით და უთხარით, რომ თუ ამას ბოლომდე დალევს, აუცილებლად უყიდით სასურველ სათამაშოს. გახსოვდეთ, რომ როცა ბავშვი შეისუნთქავს 24 გრადუს ტემპერატურას ოთახში, ის ამოისუნთქავს 38-ს უკან. თუ შეისუნთქვას 18 გრადუსს, კარგავს მეტი ოდენობით სიცხეს. ამიტომ ჩააცვით თბილად და სახლში მუდამ გქონდეთ ტემპერატურა არა უმეტს 18 გრადუსისა, ასეთ დროს სიცხის დამწევი საშუალებები იმოქმედებს 99% შემთხვევაში.

ძალიან რადიკალური მიდგომა გაქვთ ანტიბიოტიკების მიმართ. გვითხარით, რა განსაკუთრებულ სიტუაციაში ინიშნება ანტიბიოტიკები?

რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცა არსებობს ხოლმე.მაგალითად, ანგინა, ფილტვების ანთება, ჰაიმორიტი, როცა ანტიბიოტიკების გარეშე ფონს ვერ გავალთ. მაგრამ, როცა ბავშვს აქვს ბრონქიტი, ეს 99.9% შემთხვევაში ვირუსული ინფექციაა და ანტიბიოტიკი აქ არაფერ შუაშია. მთავარი, რაც უნდა ესმოდეთ მშობლებს – თუ ბავშვს აქვს ვირუსული ინფექცია, ცხადია, არის ბაქტერიული ინფექციით მისი გართულების შანსი. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, თუ ბავშვს სურდო აქვს, ეს შეიძლება დასრულდეს ფილტვების ანთებით. სურდოს იწვევს ვირუსი, ხოლო ფილტვების ანთებას – ბაქტერია. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ თუ სურდოს დროს შვილს ანტიბიოტიკს მისცემენ, ვირუსი ფილტვის ანთებაში არ გადაიზრდება და ამით წინასწარ მოკლავენ ბაქტერიებს. ესაა საშინელი შეცდომა. არც ერთ ანტიბიოტიკს არ შეუძლია ყველა ბაქტერიის მოკვლა. ერთი სახის ბაქტერიასთან ბრძოლით თქვენ ხელს უწყობთ სხვა ბაქტერიებს   გავრცელებას და ამ დროს ანტიბიოტიკების დანიშვნა კი არ ამცირებს, არამედ ზრდის ფილტვების ანთების განვითარების რისკს. ანტიბიოტიკებს არასოდეს ნიშნავენ პროფილაქტიკისთვის, ისინი ინიშნება მაშინ, როცა დამტკიცებულია, რომ ინფექციის წარმომქმნელი ბაქტერიაა. თუ თქვენ და თქვენს ექიმს არ გაქვთ ეჭვები დიაგნოზთან დაკავშირებით, რომ ესაა ანგინა, ფილტვების ანთება თუ ჰაიმორიტი, რა თქმა უნდა, უნდა დანიშნოს ანტიბიოტიკი. თუ ექიმი მაინც ეჭვობს, მაშინ უმჯობესია ჩატარდეს სისხლის კლინიკური ანალიზი.

ექიმები გვირჩევენ, აუცილებლად ავცრათ ბავშვები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ბევრი მშობელი უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ეს ვაქცინა შექმნილია კონკრეტული ვირუსების წინააღმდეგ და არაა მიამართული ყველა მათგანზე. ბევრიც ამბობს, რომ წინა წელს აცრა ბავში და შედეგი არ ჰქონდათ. ანუ, ვინ უნდა იცრებოდეს ამ ვაქცინით. ხშირად მოავადე ბავშვი თუ ყველა?

რასაც ახლა ამბობთ, არის ყველაზე გავრცელებული მითი ვაქცინაციაზე. ამას ავრცელებენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ სწავლა, კითხვა. მათ ურჩევნიათ ერთი კვირა, ან ათი დღე მოავადე ბავშვთან ერთად ისხდნენ სახლში და იმკურნალონ, ვიდრე დაიცვან საკუთარი შვილები. მითებს გრიპის ვაქცინაზე უსწავლელი ადამიანები ავრცელებენ. საქმე იმაშია, რომ გრიპის ვირუსები მთელს მსოფლიოში მძვინვარებს და მთელს მსოფლიოში არის ლაბორატორიების ქსელი, რომლებიც აკვირდებიან ვირუსის გავცელების არეალს. თავის მხრივ, ამ ქსელს მართავს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ლაბორატორიებში მუშაობენ სერტიფიცირებული სპეციალისტები და მეცნიერები. როგორც წესი, მარტსა და აპრილში მეცნიერები აკეთებენ პროგნოზს, რომელი ვირუსები გავრცელდება ევროპაში, საქართველოსა და უკრაინაში შემოდგომამდე. ანუ, ეს ხდება ცნობილი მხოლოდ მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში. სწორედ ამ პროგნოზებზე დაყრდნობით იწყება ახალი ვაქცინის შექმნა, რომელიც მზადაა აგვისტოს შუა რიცხვებში. გაყიდვაში კი ის სექტემბერში შემოდის. გრიპის ვაქცინა ყოველ წელს სხვადასხვაა და ის იმ ვირუსების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ამ წელს იქმნება. ასე რომ, თქვენ მიერ ნახსენები არგუმენტი, თითქოს ის კონკრეტული ვირუსების მიმართ არის შექმნილი, არასწორია.

ასევე, ახალი გრიპის ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსებს , ისინი ძალიან მარტივად გადასატანია და ძალიან ეფექტურია. ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ – ესაა მატერიალური შესაძლებლობების საკითხი. აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაძლებლობა შეიტანოს ის ქვეყანაში და ოჯახს, შეიძინოს. არიან ადამიანები, რომელთათვისაც ეს ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესენი არიან მოხუცები, ბავშვები ასთმის დიაგნოზით, ბავშვები დიაბეტით, გულის პათოლოგიებით, ცერებრალური დამბლით და ა.შ. როცა ჩვენ ვცრით პატარებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, ვიცავთ ასეულობით მოხუცს, რომლებიც, თავის მხრივ, ვირუსებით ავადდებიან სწორედ ბავშვებისგან. ამიტომ მთელს ცივილიზებულ სამყაროში რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ბავშვებისთვის 6 თვიდან ზევით და ასევე, მნიშვნელოვანია, ექიმების, მასწავლებლების, საბავშვო ბაღის თანამშრომლების, სახელმწიფო თანამდებობის პირების აცრა. სხვათაშორის, მათი მხრიდან ამ ფაქტის დემონსტრირება ტელევიზიით პირდაპირ ეთერში კარგი მაგალითი იქნება.

1პოპულარულ ვიტამინებზე მინდა გკითხოთ. ესაა თევზის ქონის შემცველი ომეგა-3, ასევე C ვიტამინი, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს. ასევე ცალკე კითხვა მაქვს D ვიტამინზე, რომლის დანიშვნაც ბოლო დროს დაიწყეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაც. რეალურად რისთვისაა საჭირო ეს ვიტამინები?

არანაირი კავშირი ვიტამინებს  და იმუნური სისტემის მუშაობას ერთმანეთთან არ აქვთ. ვიტამინები არ ეხმარება ხშირად მოავადე ბავშვებს, იშვიათად დაავადდნენ. ისინი მხოლოდ მშობლებს ეხმარებიან ვალმოხდიდალ იგრძნონ თავი. ვიტამინები საჭიროა მაშინ, როცა ადამიანი არ იკვებება სრულფასოვნად. ასევე, აუცილებელია ორსულობის დაგეგმვის პერიოდში. ცალკეული ვიტამინების შემთხვევაში, მაგალითად ვიტამინი D საჭიროა, როცა ბავშვს არ ჰყოფნის მზე, ცხადია, ვიტამინები უნდა მივიღოთ ზომიერად. თუ არ გაქვთ საშუალება, მიირთვათ ხილი, ან ბოსტნეული, არ გაქვთ საშუალება მიირთვათ ყურძენი, მაშინ  – დიახ,  უნდა მიიღოთ C ვიტამინი. რატომღაც მგონია, რომ საქართველო არაა ის ქვეყანა, სადაც ადამიანებს აკლიათ ყურძენი, ან ციტრუსი.

ადრე იყო კვლევები, რომ C ვიტამინს აქვს პროფილაქტიკის ეფექტი და ის ხელს უწყობს ვირუსული ინფექციის მალე დამარცხებას, მაგრამ ბოლო დროის კვლევებმა ეს აზრი გააბათილა. ვირუსისგან დამცავი არანაირი ეფექტი ვიტამინს არ გააჩნია. დღეისთვის, ესაა კომერციული მითი, რომელსაც ექსპლოატაციას უწევენ ფარმაკოლოგიური კომპანიები. ასევე, კარგი საშუალებაა მშობლებისთვის, რომ დაიწყნარონ ნერვები და იფიქრონ, რომ ბავშვისთვის ყველაფერი გააკეთეს.

როგორ უნდა ეცვას ბავშვს ცივ ამინდში და როგორ მოვიქცეთ თუ ის თავიდანვე თბილად ჩაცმას შევაგუეთ და გადაჩვევა გვიჭირს?

ამისთვის ეტაპობრივად უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს ტანსაცმლის გახდისა და ქუჩაში ბავშვის ყოფნის რეჟიმი. არ შეიძლება, ცივ ამინდში უბრალოდ იდგეს ბავშვი ქუჩაში – უნდა დარბოდეს, ხტუნავდეს, თამაშობდეს, აი ამ დროს ნათელი ხდება, როგორ უნდა ეცვას მას. თუ ნახავთ, რომ სახლში მოსული პატარა გაოფლიანდა, შემდეგ ეტაპზე ჩააცვით მას ნაკლები ტანსაცმელი. ბავშვს აუცილებლად უნდა სციოდეს ქუჩაში დგომისას, რადგან ფიზიკური აქტივობის სტიმულირება მოახდინოს.  ერთ ადგილას კი არ უნდა იდგეს სუფთა ჰაერზე, არამედ ირბინოს, დაკავდეს სპორტით და ა.შ.  უამრავი კარგი ხარისხის სამოსი და ფეხსაცმელია, რომელიც ბავშვს კომფორტულად გადაადგილებაში უწყობს ხელს. დაახლოებით 300 წლის წინ ბავშვები ქუჩაში ქურქითა და მოუხერხებელი ჩექმებით დარბოდნენ და ეს მოძრაობაში ხელს უშლიდა. დღეს, როცა არის უამრავი სინთეტიკური ქსოვილი, რომელიც პრაქტიკულია მოძრაობისას და ინარჩუნებს სითბოს, რატომ არ ვისარგებლოთ ცივილიზაციის მიღწევებით?!

ფიზიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ ასაკზე. რა ასაკიდანაა რეკომენდებული ბავშვის მიყვანა სპორტზე? მაგალითად 2 წლის ბავშვი უკვე ძალიან აქტიურია, შეიძლება ის დაკავდეს სპორტით?

ხალხი ხშირად ურევს ერთმანეთში სპორტისა და ფიზკულტურის ცნებებს. სპორტი ეს პროფესიაა, ესაა მაღალი მიღწევები. ფიზიკური აქტივობა და ფიზკულტურა – სულ სხვა რამაა და არ არის ასაკი, რომლისთვისაც ეს უკუჩვენებაა. რა გვიშლის ხელს, ფიგურულ სრიალზე ვატაროთ 2 წლის ბავშვი, ან ვუყიდოთ პატარა გორგოლაჭები, ან უბრალოთ ვირბინოთ მასთან ერთად. ამიტომ სინამდვილეში, პრობლემა არა ასაკში, არამედ დედისა და მამის სიზარმაცეშია.

კითხვა მაქვს პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ეს უკანასკნელი უკვე შედის აცრების  კალენდარში. რეალურად ბევრი მშობელი უარს ამბობს მის გაკეთებაზე, რადგან ვერ ხვდება რა სარგებელი აქვს ამ ვაქცინას. აგვიხსენით თუ შეიძლება, რა დაავადებების წინააღმდეგაა ის მიმართული?

პნევმოკოკი – ესაა ბაქტერია, რომელიც იწვევს უამრავი სახის დაავადებას. სახელწოდების მიუხედავად, არ გულისხმობს ფილტვების ანთებას. ის  ყველაზე ხშირად იწვევს ყურისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციას და ესაა მიკრობი, რომელიც ხელს უწყობს ვირუსული ინფექციების დროს პროცესების გამწვავებას. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ესაა ყველაზე უსაფრთხო და საოცრად ეფექტური ვაქცინა. ვაქცინაციის პრობლემა მხოლოდ ფინანსებშია. თუ სახელმწიფო ამ ვაქცინას უფასოდ გთავაზობთ, მთელი გულით გილოცავთ. ეს შესანიშნავია.

 კიდევ ერთი შეკითხვა ეხება პოლიპებს. ექიმები ხშირად გვირჩევენ ადენოიდების ოპერაციული გზით მკურნალობას. რას ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა პოლიპების მკურნალობა თუ ჯობს გართულებების თავიდან ასაცილებლად, მათი ოპერაციული გზით მოცილება?

არსებობს ამის ჩვენებები. მაგალითად, როცა ბავშვს უჭირს სუნთქვა, ხშირია ანთებითი პროცესები, აქვს ფილტვების პრობლემები. აი თუ ეს პრობლემები არის, მაშინ საჭიროა ოპერაციული ჩარევა. პოლიპები იზრდება 6 წლამდე და მერე შემცირებას იწყებს. შესაბამისად ყველა მასთან დაკავშირებული დაავადება დროდადრო გადის თავისით. ასე რომ, თუ ბავშვს ზომიერად უძნელდება სუნთქვა, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის ნორმალურ აქტივობაში, არ აქვს ყურებთან დაკავშირებული ხშირი პრობლემები, არ აქვს ქრონიკული ბრონქიტი, ხშირი ფილტვის ანთება, მათი მოშორები არანაირი მიზეზი არ არსებობს.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები