LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

76
201905071725261187759796

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო.

“საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისათვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი. იმისათვის, რომ სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიწყოს მუშაობა ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო წინადადების შემუშავებაზე, მის ძირითად საქმიანობად, საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ნაცვლად, განისაზღვრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია.

ახალი ფუნქციის სათანადოდ შესრულების მიზნით, სახელმწიფო კონტროლს ანაკლიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაუწევს, რომელიც საინვესტიციო წინადადებების შემუშავების, ინვესტიციების მოზიდვისა და დაინტერესების მიმართულებით ყველაზე მაღალი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე უწყებაა“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები