LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავა: „საერთოდ არ არის „სამარცხვინო“, რომ ვიღაც ოჯახის, მეუღლის, შვილისა და სასიამოვნო ვალდებულებების ერთგულია…“

6550
nina-tyebuchavaa

„ჩემი ცოლის დაქალების“ პირველივე სერიიდან გვახსოვს ნინას პერსონაჟი, რომელიც უკვე რვა წელია, სტაბილურად ჩანს ეკრანზე და ყველაზე პოპულარული სერიალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირია.

ანა ტყებუჩავამ ამ რვა წლის განმავლობაში, სერიალში მონაწილეობის პარალელურად, პირადი ცხოვრების მოწყობაც მოახერხა, გათხოვდა და ორი გოგონა გააჩინა. სერიალის სცენარისტმა და პროდიუსერმა მისი დაფეხმძიმება სცენარში ორივეჯერ გაითვალისწინეს.

დღეს „ჩემი ცოლის დაქალები“ აღარ გადის „რუსთავი 2“-ზე და ახალი სიცოცხლე ახალ ტელეარხზე„ ფორმულა“ დაიწყო. ანა ამბობს, რომ მაყურებლის იმედი აქვთ, რომელმაც „ჩცდ“ ამდენ ხანს აცოცხლა…

ანა ტყებუჩავა:

ასე დაიწყო ყველაფერი რვა წლის წინ. „ჩემი ცოლის დაქალებში“ მივედი გამხდარი, ახალგაზრდა, ვარდისფერლოყებიანი ბავშვი… არც ისეთი ბავშვი ვიყავი, ვხუმრობ. 28 წლის ვიყავი. საკმაოდ დიდი ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. კიდევ, „ფორმულა კრეატივმა“ იცოდა კარგად, რას აკეთებდა და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დღემდე ცოცხალი პროცესია, გვემატებიან ადამიანები, მაგრამ ფორმულა იგივე რჩება.

პირველი სერიის გადაღებაზე მიხვდი, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს აკეთებდით?

მქონდა შეგრძნება, რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვიღებდით, მაგრამ არ მქონდა მოლოდინი ასეთი პოპულარობის. მაშინ ვთქვი, რომ რასაც ვაკეთებ, ბოლომდე კარგად უნდა გავაკეთო-მეთქი. ძალიან მსიამოვნებდა ამ სერიალში მონაწილეობა. ყველაფერი მახსოვს, კოსტიუმიდან დაწყებული, ლოკაციით დამთავრებული.

შენი თავი წარმოგიდგენია ამ სერიალის გარეშე? ხალხი მიდი-მოდის, შენ რჩები მუდმივად…

ჩემ გარდა ბევრი მონაწილეობს დიდი ხანია. ალბათ, როდესღაც დასრულდება ეს სერიალი. ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშაო. თავიდანვე, სერიალი პოპულარული რომ გახდა, ქუჩაში რომ მოდიოდნენ, მკოცნიდნენ, მეხვეოდნენ და კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ, ცივად კი არ ვხვდებოდი, უბრალოდ, გულთან ახლოს არ ვუშვებდი. არ მინდოდა მივჩვეოდი. ხომ იცი, ძალიან მაღალ სიმაღლეზე რომ არ უნდა ახვიდე, თორემ ჩამოვარდნისას ძალიან გეტკინება? ეტყობა, ამისგან ვიცავდი თავს. თუმცა სერიალის პოპულარობა იმდენ ხანს გაგრძელდა, ამ სიამოვნებას ჩავყევი…

„ჩემი ცოლის დაქალებს“ ჰქონდა რთული პერიოდები, როცა „რუსთავი 2“-ის პრობლემები დაიწყო, გიორგი ლიფონავასთვის დაურეკავთ და უთქვამთ, მორჩა, გააჩერე სერიალიო და ჩვენი სიამოვნებისთვის დაგვიმთავრებია ეპიზოდის გადაღება… ყოფილა ასეთი რაღაცები.

ანუ გცოდნიათ, რომ ერთ ეპიზოდს იღებდით და სერიალი ჩერდებოდა?

კი და ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. მე არასდროს მჯეროდა, რომ სერიალი მალე დასრულდებოდა. აგერ მეთექვსმეტე სეზონამდე მივედით. ამას წინათ ჩემმა თანამშრომელმა მკითხა, აბა, ტყებო, შენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება „ჩემი ცოლის დაქალებიო“? ვუპასუხე, რომ ვფიქრობ, კიდევ სამი წელი მაინც იარსებებს. ასეთი ინტუიცია მაქვს, რომელიც ხშირად ამართლებს ხოლმე. რა ვიცი… მინდა, რომ ბევრი იყოს „ჩემი ცოლის დაქალებისნაირი“ სერიალი. ეს სერიალი ქართველებზეა, ჩემზე, შენზე, ვეძებთ საკუთარ თავებს, ვამართლებთ პერსონაჟებს.

შენ ხარ ნინა?

არ ვარ ნინა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ამ პერსონაჟს ვთამაშობ. სასაცილო იყო, როცა ოჯახურ სცენებს ვთამაშობდი და მეუბნებოდნენ, ახლა დათოს ისე  უთხარი რაღაც, რომ ინფორმაცია გამოსტყუოო. ხუმრობდნენ, ანას გათხოვებისთვის ვამზადებთო.

რამე გამოგდომია სერიალიდან რეალურ ცხოვრებაში?

გამოდგომით არა, მაგრამ რაღაც ეპიზოდები გამხსენებია, გამივლია პარალელები და გამღიმებია. თუმცა როცა ამდენი ხანი თამაშობ ერთ პერსონაჟს და ასეთი დიდი დოზითაა შენთან, მერე მასთან ბრძოლა გინდება, რომ სულ არ „შეგჭამოს“, მიუხედავად იმისა, რომ ნინა ძალიან მიყვარს.

ყველაფრის გათვალისწინებით, ეს პროექტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთან ბევრი რამ არ არის სტაბილური, გინდა, რაღაცის იმედად იყო და რაღაცას ჩაეჭიდო, ჩვენ ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და გადასახადებს ვიხდით (იცინის), მაგრამ ამის მიუხედავად, ეს სერიალი არის ჩვენი ცხოვრების პულსი. დაქირავებული ქილერებივით ვართ. ხომ იცი, რომ დაურეკავენ ხოლმე ფილმებში, – „ხვალ, 12-ზე“… და ჩვენ ვიცით, რომ მეორე დღეს თორმეტზე აუცილებლად უნდა ვიყოთ გადაღებაზე… სულ ვნატრობდი, ცხოვრება ვიღაცამ დამიგეგმოს-მეთქი და ისე აღმოჩნდა, რომ დღეს ჩემს ცხოვრებას „ჩემი ცოლის დაქალები“ გეგმავს.

სერიალს ძალიან დიდი დრო მიაქვს და შენი შემოქმედება მაინც მწირია, იშვიათად გეძლევა სიახლეების მოსინჯვის საშუალება, ეს ხომ არაა მიუზიკლი, რომ ნინა ერთ დღეს ადგეს და იმღეროს (იცინის), მაგრამ ქეთი დევდარიანი ცდილობს, ჟანრობრივი მრავალფეროვნება მაინც შემოიტანოს.

შენ გქონდა ერთი ძალიან შთამბეჭდავი ეპიზოდი, როცა ნინა თმას იპარსავს. ამ ეპიზოდმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია მაყურებლებს შორის და შენი სამსახიობო მონაცემების წარმოჩენის საშუალებაც გქონდა…

კარგი და ცუდი გაგებითაც, რაც ძალიან გიყვარს, ის მსხვერპლს მოითხოვს. ამ შემთხვევაში ჩემი თმა გავწირე, თუმცა ეს არ იყო ტრაგიკული არჩევანი. მე ამ ეპიზოდით ძალიან ვისიამოვნე.

როგორც ყველა მსახიობს, შენც გეშინია ერთ როლში ჩარჩენის?

არ მეშინია. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გიცნობენ. თუკი ცუდი და სამარცხვინო რაღაცით გიცნობენ, ეს კარგი არ არის. ამ როლმა ძალიან დიდი სიყვარული და სითბო მომიტანა. არიან დიდი მსახიობები, რომლებიც ერთი როლით ახსოვთ. არ მაქვს პრობლემა, რომ ვიღაცებს ახსოვდეთ ანა ტყებუჩავა, როგორც ნინა. ადრე „დასისგან“ მიცნობდნენ, მერე „ჭამა და სექსიდან“. „ჩემი ცოლის დაქალებით“ უბრალოდ, ეს ძალიან დიდი დოზით მოვიდა. ხალხს ჰგონია, რომ მისი ოჯახის წევრი, მეზობელი, მეგობარი ხარ. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს პერსონაჟები მართლა არსებობენ და რომელიღაც უბანში ცხოვრობენ. ჩემთან მოსულან და უკითხავთ, იმედია, ჯანმრთელად ხართო. ნინოს მეძახიან, ძალიან შინაურულად. მეც ვიხედები. ვხვდები, რომ მე მიხმობენ.

როცა შენს პერსონაჟი გაუკრიტიკებიათ, გული არ გტკენია?

ძალიან ახლობელს ძალიან უხეშადაც უთქვამს ნინაზე. უახლოეს მეგობარს რომ გალანძღავენ, ასე მომხვედრია გულზე. სცენარი რომ მომდის, ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელი მეც მაღიზიანებს, გაჩეჩილაძეს ხშირად უთქვამს კატოზე, ვაიმე, რა სულელია ეს გოგოო (იცინის), მაგრამ ჩვენთვის ძალიან შორიდან ყურება მაინც რთულია. ნინაზე ასეთი კომენტარიც წამიკითხავს, კიბო კი არა, ნეტავ, მანქანამ დაარტყასო (იცინის). არ მესმის, ასეთი კომენტარი რატომ უნდა დაწერო,მაგრამ მეორე მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ პერსონაჟი გაკეთებულია.

„ფორმულაზე“ რომ გადადიოდით, შიში არ ახლდა, მაყურებელი შემოგიერთდებოდათ თუ არა?

მხოლოდ მაყურებლის იმედი გვაქვს და დიდი მადლობა მათ. ჩვენთვის, მსახიობებისთვის, ეს იყო ხანგრძლივი დასვენება, ამ ყველაფერმა გადაიარა მიშას, ქეთის, ზუკას, ირაკლის ხარჯზე. ჩვენ საერთოდ არაფერი შეგვხებია. მათ იციან, რომ აქ ვართ, თუკი რამეში დავჭირდებით. მათ კი გასაგებად აგვიხსნეს, რომ ვჭირდებით. რაც არ ვიცით, იმაში არ ჩავრეულვართ. გაგვიმართლა, თორემ ეს პროცესი იყო მტკივნეული. ალბათ, დროულიც იყო, თუმცა ცუდია, რომ ასეთი ფაქტის შემდეგ მოხდა. „ფორმულა კრეატივს“ ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. იგეგმება ბევრი რამ…

შენი პირადი ცხოვრება, ორსულობები სერიალში გაიარე… როგორ აბალანსებ ოჯახურ თემებსა და სერიალის გადაღებებს?

ვმუშაობდი დღე და ღამე, როცა ოჯახი არ მყავდა. სულ ვფიქრობდი, რა მანერვიულებდა იმ თემაზე, დღეს როდის ვამთავრებ სამსახურს-მეთქი. როცა მე და ლევანმა ერთმანეთი გავიცანით, დაოჯახება გადავწყვიტეთ, მერე ბავშვი შეგვეძინა, სერიალის გარდა ყველაფერზე უარს ვამბობდი.

რა თქმა უნდა, ორივეგან ვაკლებ რაღაცას, სხვანაირად არ გამოდის, მაგრამ ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო. მეორე ბავშვი მინდოდა და მივედი ირაკლი საღინაძესა და ქეთი დევდარიანთან… სერიის სცენარი მივიღე მალევე და ნინა უკვე დაფეხმძიმებული იყო. ამ დროს მე ჯერ არ ვიყავი ორსულად, თუმცა ვგეგმავდი… მერე რაღაცნაირად დავეწიე ნინას. ისე ვინერვიულე, სერიის სცენარი რომ მოვიდა, მახსოვს, ვტიროდი, ჩემი ქმარი გავაღვიძე და ვუთხარი, ნინა ფეხმძიმედაა-მეთქი (იცინის). ვფიქრობდი, დრო არ დამეკარგა, რადგან სულ მცირე, ძალიან მინდოდა ორი შვილი…

მესამეზეც ფიქრობ?

არ ვიცი… ცოტა ხანი მინდა, საკუთარ თავსაც დავუთმო. ჩემი შვილები 5 და 2 წლის არიან. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს დრო. ძალებს მოვიკრებ, განვვითარდები…

ბალანსზე ვლაპარაკობდით და ერთი პერიოდი მივხვდი, რომ სამსახურის დასრულების შემდეგ გიჟივით მივქროდი სახლში, ბავშვები, სახლი, კერძის მომზადება… ყველაფერს თავად ვაკეთებ. სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა კერძების კეთება, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი,  რომ ღამის სამ საათზე სახლში მისული ჩახოხბილს რომ „ეჭიდავები“, არც ისე კარგი შეგრძნებაა (იცინის). მაგრამ ანა ნინაზე კარგი კულინარია, ამაზე თავიდანვე შევთანხმდეთ.

მინდა, მშვიდად ვიყო, როცა სამსახურში მივდივარ, თორემ არავის ჩემი ოჯახიდან პრეტენზია არ აქვს. მით უმეტეს, ორი ბებია მყავს, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. სამსახურში რომ მივდივარ, მინდა, ჩემი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობდნენ და ყველაფერი ჰქონდეთ. ლევანიც ასეა ზუსტად. საერთოდ არ არის „სამარცხვინო“, რომ ვიღაც ოჯახის, მეუღლის, შვილისა და სასიამოვნო ვალდებულებების ერთგულია. თუკი რამე არ გიყვარს, არ უნდა გააკეთო. თუკი ადამიანი არ გიყვარს, მასთან ვერ დაგაბამენ. ადრე ხომ ასეთი აზრი იყო, მსახიობებს ოჯახური ცხოვრება არ ეწყობათო. ჰოლივუდის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგი წყვილები წამოვიდნენ და ხმამაღლა ამბობენ, რომ ოჯახი ძვირფასია. ეს ტრენდი წამოვიდა, ასე ვთქვათ და ვფიქრობ, საქართველოშიც მკვიდრდება.

თავის გადაპარსვაზე რომ იყო საუბარი, ჩემი ოჯახის, შვილების რეაქციაზე ვიფიქრე და გავითვალისწინე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დილას რომ გავიღვიძებდი, ჩემს შვილებს ჩემი არ შეშინებოდათ… რა ვქნათ, ეს ასეთი პროფესიაა და ოჯახი გვერდზე დაგიდგება, თუმცა რა თქმა უნდა, შენი ნაბიჯი პროფესიაში მისაღები უნდა იყოს.

ყველას მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ კომპლექსებსა და ცუდ აზრებს, ჩემი ცხოვრება მიდის და თავისუფლება მეზღუდებაო. ამის უკან სერიოზული კომპლექსები ან არასწორი არჩევანი იმალება.

ჩემს ქმარს ხშირად უწევს ხოლმე მივლინებებში ჩასვლა. სულ ვამბობ ხოლმე, რატომ ამბობენ ქალები, რომ მარტოობა სიამოვნებთ. ალბათ, არავის მოსწონს. როცა ამ არჩევანს აკეთებენ, კარგად დაფიქრდნენ. თუკი შენ გვერდით მყოფი ადამიანის ერთი თვისება მაინც მოგწონს ძალიან, კაცთმოყვარეობა იქნება ეს თუ სხვა რამ, ამას უნდა ჩაებღაუჭო, თორემ ოჯახის დანგრევა ძალიან ადვილია, აშენება კი – რთული.

ანა, ბოლოს მინდა გკითხო, არის ისეთი რამ, რაც არ ვიცით შენ შესახებ?

ძალიან მიყვარს ცეკვა. სახლში ჩემს შვილებთან ერთად ხშირად ვცეკვავ, ვერთობი, ვთამაშობ… ბალერინობა ჩემი დიდი ოცნება იყო. არ ვიარე, მაგრამ მაშინ ვიცოდი, რომ ძალიან თხელი და სხვანაირი აღნაგობის უნდა ყოფილიყავი. მერე, რომ გავიზარდე, ვნახე, რომ ჩემზე მკვირი გოგონებიც მშვენივრად ცეკვავდნენ. სიამოვნებით ვიქნებოდი მოცეკვავე…

არაფერი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე, ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსის საშუალება კითხვა იქნებოდა. რეალობისგან გაქცევის საუკეთესო ხერხია. როგორც მსახიობისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

მე და ჩემმა მეუღლემ პროექტორი შევიძინეთ და ვცდილობთ, როცა ბავშვები დაიძინებენ, საინტერესო ფილმებს ვუყუროთ, თუნდაც არქივიდან. მსახიობისთვის ძველი ფილმების ნახვა, იმის ხილვა, როგორ მუშაობს მისი კოლეგა, ძალიან დიდი ინსპირაციის წყაროა.

კიდევ, ძალიან მინდა, ვიმღერო, სმენა მაქვს, მაგრამ ხმას ვერ ვიმორჩილებ და მინდა, ვისწავლო…

იმედია, შენს სიმღერას თუ არა, ცეკვას მაინც ვნახავთ „ჩემი ცოლის დაქალებში“…

ვიცეკვო? დიდი სიამოვნებით (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები