„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ის, ე.წ პრეზიდენტის განცხადება, ყოველგვარ მორალურ ზღვარს გადაცილებულია, რასაც აქამდე ჩვენ შეჩვეულნი ვიყავით. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი დანამატი – სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებით მოვაჭრე ადამიანებად გადაიქცნენ, რაც მიუღებელი და ყოველგვარ მორალურ სტანდარტს გადაცილებულია.
„რას ნიშნავს ტყვეებით ვაჭრობა, რას ნიშნავს ადამიანებით ვაჭრობა? როგორ შეიძლება საერთოდ ადამიანის თავისუფლება სავაჭრო საგნად აქციო? – ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს არის ის, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.იცით ჩვენი პოზიცია, ნიკას პოზიცია კი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი – მათ სურთ, ის გირაო, რომელიც აღარ არსებობს, პროპაგანდის ნაწილად კიდევ ერთხელ იყოს გამოყენებული,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, პარტიის ოფიციალური გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ყრილობის შემდეგ იქნება მიღებული.
“ჩვენი გადაწყვეტილებას ოფიციალურად, პარტიის პოლიტსაბჭოს ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, მინდა გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის თავისუფლებით ვაჭრობა მიუღებელია. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ამდენი აქცენტი გვქონდა, რომ „ქართული ოცნება“ ამ სასამართლოს პირობებში ჩვეულებრივად თავისუფლებით მოვაჭრედ გადაიქცა.
თქვენ იცით, რომ ეს არ არის ბრძოლა, რომელიც კონკრეტულ მომენტში წყდება, რეჟიმისა და ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი მარათონია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოში აუცილებლად იქნება ის პერიოდი, როცა კანონის უზენაესობა დადგება და თავისუფლებით მოვაჭრეები ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. ამორალურია, როცა საპყრობილეში მყოფი ადამიანის ბედით ვაჭრობენ,“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.