LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული United Airlines საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხს შეისწავლის

208
United-Airlinesjpg

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines – ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა დეტალური პრეზენტაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისები კომერციულად აუცილებლად იქნება მომგებიანი, რადგან საქართველო რეგიონის ლოგისტიკური ჰაბია და მისი ეს ფუნქცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ჩვენი რეგიონი და განსაკუთრებით, საქართველო სთავაზობს მათ პირდაპირი ფრენების დაწყების შემთხვევაში. ახლა გადავდივართ საკითხის შესწავლის ტექნიკურ ეტაპზე, როდესაც ამერიკული მხარე ჩატარებს კვლევას,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდა.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები ამერიკის მედიასივრცეში, რომელიც, მათი შეფასებით, იძლევა ძალიან დადებით შედეგს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობების შედეგიანობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ამერიკული ავიაკომპანიის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს ცნობადობა იყოს მაღალი, რათა ორ ქვეყანას შორის ფრენების დასაწყებად საკმარისი მგზავრთნაკადი არსებობდეს,“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობა შეეძლებათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც, საიდანაც აშშ-ში რეისები არ ხორციელდება. შედეგად, ტრანზიტულ ქვეყნად საქართველოს გამოიყენებენ,“ – აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს დელეგაციას Delta AirLines-იში ექნება, სადაც ნათია თურნავა ორმხრივი ავიაფრენების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები