24 ოქტომბრიდან თბილისში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი თავისი მკვებავით, საქალაქო და საუბნო მარშრუტებით დაიწყებს ფუნქციონირებას.

ქსელის სტრუქტურა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა დღეს გამართულ ავტობუსების ახალი ქსელის პრეზენტაციაზე.

„ეს არის სამდონიანი სტრუქტურა, რომელიც შედგება სწრაფი სატრანზიტო დერეფნისგან. დერეფანი ფარავს ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩას და გამზირს, ყველაზე დიდ მანძილს და რომელსაც კვებავს საქალაქო და საუბნო მარშრუტები.
სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და უკვე მომავალი წლიდან 18-მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებში მოძრაობს 6 -მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები. მიკროავტობუსები ახლახან შეიძინა მერიამ და თვის ბოლოდან 300 ერთეული მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

მისი თქმით, ახალი გეგმის მიხედვით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიცვლება მოცდის დრო, რომელიც საშუალოდ 7 წუთამდე დაიყვანება.

„მინიმალური მოცდის დრო ახალ ქსელში არის 3 წუთი და მაქსიმალური – 15 წუთი. დღეს კი ჩვენი საშუალო მოცდის დრო 28 წუთია. განახლებული ავტობუსების პარკის შედეგად ორნახევარჯერ გაიზარდა მგზავრობის ტევადობა და 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. შესაბამისად, მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო“.

“მარშუტკის” მძღოლებს ფიქსირებული ხელფასი ექნებათ

 

ხმალაძის განმარტებით, აღნიშნული მარშრუტები ემატება უკვე არსებულ მარშრუტებს და არ მოხდება ჩანაცვლება, შესაბამისად, მოქალაქეს, რომელიც დღეს კონკრეტული მარშრუტით სარგებლობს, ისევ შეუძლია ისარგებლოს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გადახდის სისტემა ახალ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში იქნება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

მსგავსი თემები