LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი – კარგად დავიწყებული ძველია“ – ევროპული ფილმების ყველაზე წარმატებული და მარცხიანი ჰოლივუდური რიმეიქები

7387
#სტუმრადვარსკვლავთან

უცხოური ფილმების დუბლირება ამერიკაში მიუღებელია, რადგან მაყურებელს უჭირს სუბტიტრების კითხვა, ამიტომ ამერიკელები რეგულარულად იღებენ ევროპული ფილმების საკუთარ ვერსიებს. არავის უკვირს, როცა რეჟისორები მსუბუქი ფრანგული კომედიებით და ორიგინალური კრიმინალური ისტორიებით ინტერესდებიან, გასაკვირია, როცა იმ ფილმებს ირჩევენ, რომლებიც შორსაა ამერიკული კულტურისგან. რა თქმა უნდა, სიუჟეტის გამეორება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ შესაბამისი ატმოსფეროს შექმნაა ძალიან რთული.

გთავაზობთ 10 ევროპული ფილმის ყველაზე წარმატებულ და მარცხიან ამერიკულ ვერსიას:

„უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ (Breathless), ჯიმ მაკბრაიდი, 1983 – ორიგინალი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ (À bout de souffle), ჟან-ლუკ გოდარი, 1960 – ერთ-ერთი ყველაზე „თავხედური“ რიმეიქი, რადგან ამერიკელებმა არა უბრალოდ ფრანგული ფილმის, არამედ გოდარის შედევრის, „ახალი ტალღის“ კლასიკის გადამღერება სცადეს. სწორედ ფრანგული ფილმის ნოვატორული კინოენით მოხდა ერთგვარი გადატრიალება და დაიწყო ახალი ეტაპი მსოფლიო კინოს ისტორიაში, რადგან ხელის კამერამ, ბუნებრივმა განათებამ და კოლაჟის საფირმო სტილმა, 1960-იანი წლების ნამდვილი პარიზი გააცოცხლა ეკრანზე. საინტერესო აღმოჩნდა ფილმის სიუჟეტიც – კრიმინალური საყვარლების ისტორია, როცა ჟან-პოლ ბელმონდომ მომხიბვლელი კრიმინალი განასახიერა, ჯინ სიბერგმა კი, თავქარიანი ამერიკელი სტუდენტი, რომელიც დაუფიქრებლად გასცემს და საკუთარი ხელით აბარებს პოლიციას ყოფილ საყვარელს.

23 წლის შემდეგ ჯიმ მაკბრაიდმა ბელმონდო რიჩარდ გირით შეცვალა, სიბერგი კი, ვალერი კაპრისკით. ამერიკულ ვერსიაში გირი ლონ-ანჯელესელი მძარცველია, კაპრისკი კი, ფრანგი სტუდენტი. მართალია, წამოწყება თავიდანვე უმოწყალო კრიტიკისთვის იყო განწირული, მაგრამ რეჟისორმა მაინც არ დაიხია უკან. მაკბრაიდმა უარი თქვა გოდარის სტილის იმიტირებაზე და რეიგანის ეპოქის ატმოსფერო შექმნა საკუთარ ფილმში. რა თქმა უნდა, 1980-იანი წლების ამერიკა ნაკლებად რომანტიკული და კინემატოგრაფიული აღმოჩნდა, ვიდრე 1960-იანების საფრანგეთი, მაგრამ საკუთარი პერსონაჟის უდარდელობა, გულგრილობა და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება, გირმაც ისევე კარგად გადმოსცა, როგორც მისმა წინამორბედმა.

„ზღვარს იქით“ (The Fall), ტარსემ სინგჰი, 2006 – ორიგინალი „იო-ჰო-ჰო“, ზაკო ჰესკია, ბულგარეთი, 1981 – წარმატებული კლიპმეიკერის ტარსემ სინგჰის დებიუტი მხატვრულ კინოში ტრილერით „გალია“ შედგა, ფანტასტიკურ ფილმზე „ზღვარს იქით“ კი, მთელი 6 წელი მუშაობდა ინდოეთში, არგენტინასა და იტალიაში, თურქეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში, ინდონეზიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

სიურრეალისტური ფილმის მთავარი პერსონაჟი პარალიზებული კასკადიორია, რომელიც იმავე ჰოსპიტალის პაციენტისთვის, მძიმედ დაავადებული გოგონასთვის ფანტასტიკურ ზღაპარს იგონებს შავ ყაჩაღზე, აფრიკელ მონაზე, ინდოელ მეომარზე, იტალიელ ბუნტისთავსა და ჩარლზ დარვინზე. ულამაზესი ფილმი ერთგვარი გაცოცხლებული, მოძრავი ფერწერული ტილოების ნაკრებია და სწორედ ამიტომ გაუჭირდა გაქირავებაში მოხვედრა, ზარალის შიშით კინოთეატრების მესვეურები მთელი ორი წელი ამბობდნენ უარს მის გაშვებაზე. აღსანიშნავია, რომ ფილმი ბულგარული საბავშვო ზღაპრის რიმექია, თუმცა ევროპულ ვერსიაში პატარა ბიჭუნა მოტეხილი ხელით იპარება პარალიზებული მსახიობის პალატაში და სწორედ მას მოუთხრობს საოცარ ისტორიას მეკობრეებზე.

„ანგელოზების ქალაქი „ (City of Angels), ბრედ სილბერლინგი, 1998 – ორიგინალი „ცა ბერლინის თავზე“ (Der Himmel über Berlin, გერმანია-საფრანგეთი), ვიმ ვენდერსი, 1987 – ანგელოზ დამიელის ორიგინალური ლეგენდა, რომელმაც უკვდავება მიწიერი ლამაზმანის სიყვარულში, ყავასა და ნიკ კეივის კონცერტში გაცვალა, სილბერლინგის ვერსიაში ბანალურ ისტორიად იქცა. როგორც ჩანს, რეჟისორმა, რომელმაც კეთილ მოჩვენებაზე „კასპერზე“ შექმნილი საბავშვო ფილმებით გაითქვა სახელი, საერთოდ ვერ გაუგო ვენდერსის ფილმს და მხოლოდ მოსაწყენი პაროდიის შექმნა მოახერხა. ფილმი ვერც მთავარი როლის შემსრულებლებმა ნიკოლას კეიჯმა და მეგ რაიანმა გადაარჩინეს.

„მართალი ტყუილი“ (True Lies), ჯეიმს კამერონი, 1994 – ორიგინალი „ტოტალური თვალთვალი“ (La totale!, საფრანგეთი), კლოდ ზიდი, 1991 – იშვიათი რიმეიქი, რომელიც ორიგინალს ჯობია. ზიდის კომედიაში მადამ ელენი მეუღლეს რიგით არამზადასთან ღალატობს, რომელიც სპეცაგენტად ასაღებს საკუთარ თავს, მაშინ როცა ელენს წარმოდგენაც არ აქვს, რომ სწორედ მისი მეუღლე ფრანსუაა სპეცსამსახურის ნამდვილი აგენტი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტზე ნადირობს. ამერიკელებმა უცვლელად გაიმეორეს ისტორია, თუმცა ჯემი ლი კერტისისა და არნოლდ შვარცნეგერის წყალობით უღიმღამო ფრანგული კომედია ნამდვილ ჰოლივუდურ ბლოქბასტერად აქციეს სახასიათო იუმორითა და ამერიკული ტრადიციების ხაზგასმით.

„ვანილის ცა“ (Vanilla Sky), კამერონ კროუ, 2001 – ორიგინალი „გაახილე თვალები“ (Abre los ojos, ესპანეთი), ალეხანდრო ამენაბარი, 1997 – ჯოელ შუმაჰერის შემდეგ, რომელმაც ესპანელ რეჟისორს სადებიუტო ნამუშევრის „დისერტაციის“ იდეა „მოპარა“, კამერონ კროუ დაინტერესედა ამენაბარის მისტიკური დრამით „გაახილე თვალები“, რასაც რეალობის ლაბირინთებზე შექმნილი ფანტასტიკური ფილმების მთელი სერია მოჰყვა „მეცამეტე სართულისა“ და „მატრიცას“ ჩათვლით“.

ჩახლართული ესპანური ვარიანტი ნამდვილი ევროპული მელოდრამაა პარალელური რეალობითა და რომანტიკული ისტორიით, შედარებით მარტივი ფაბულა აქვს ამერიკულ რიმეიქს, რომლის მთავარი პერსონაჟი – შეძლებული ნიუ-იორკელი პლეიბოი ტომ კრუზის შესრულებით, ეჭვიანი საყვარლის მსხვერპლი ხდება. ფილმებს მხოლოდ პენელოპა კრუსი აერთიანებს, რომელმაც ამერიკულ ფილმში სამი წლით ადრე ესპანურ ორიგინალში შესრულებული როლი გაიმეორა და ისევ ის საბედისწერო ქალი განასახიერა, რომელიც წყვილის დაშორების მიზეზი ხდება.

„უძილობა“(Insomnia), კრისტოფერ ნოლანი, 2002 – ორიგინალი „უძილობა“(Insomnia, ნორვეგია), ერიკ შელბერგი, 1997 – კრისტოფერ ნოლანმა, რომელიც არასდროს ეძებდა მარტივ გზებს, არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს და მორიგ პროექტად ნორვეგიული დეტექტივი აირჩია. მორალურ და ზნეობრივ პრინციპებს მოკლებული პოლიციელი იონას ენგსტრემი ოსლოდან ქვეყნის ჩრდილოეთში მიემგზავრება სკოლის მოსწავლის მკვლელობის გამოსაძიებლად, სადაც უსასრულო პოლარული დღეები მის უძილობას იწვევს. უპრინციპო ენგსტრემი შემთხვევით კლავს მეწყვილეს, თუმცა მოუხელთებელ კრიმინალზე გადაბრალებით, წარმატებით აღწევს თავს სამსახურებრივ გამოძიებას.

ნოლანმა მოქმედება ნორვეგიიდან ალასკაზე გადაიტანა. სკანდინავი ენგსტრემისგან განსხვავებით, რომელიც თვითონაც ძალიან ჰგავდა მანიაკს, ამერიკელი პოლიციელი რამდენიმე წლით დააბერა და მისი როლის შესრულება ალ პაჩინოს შესთავაზა. საბოლოოდ რეჟისორმა საკმაოდ საინტერესო ისტორია შექმნა მით უფრო, რომ ცნობილმა კომიკოსმა რობინ უილიამსმა ამპლუა შეიცვალა და პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე სასტიკი მკვლელის როლში.

„გაუჩინარება“(Vanishing), ჯორჯ სლეიზერი, 1993 – ორიგინალი – „გაუჩინარება“ (Spoorloos, ნიდერლანდები), ჯორჯ სლეიზერი, 1988 – ევროპელი რეჟისორები იშვიათად აკეთებენ საკუთარი ფილმის რიმეიქებს. ჰოლანდიური „გაუჩინარება“ – დინამიური ტრილერია, რომელშიც დასასვენებლად გამგზავრებული ახალდაქორწინებული წყვილი – რექსი და სასკია ავტოგასამართ სადგურზე ჩერდებიან. სასკია უკვალოდ ქრება, რექსი კი, რომელიც რამდენიმე წელი უშედეგოდ ეძებს მეუღლეს, ბოლოს თვითონ ხდება მანიაკის მსხვერპლი. ამერიკული „გაუჩინარება“ ზუსტად იმეორებს წინამორბედის სიუჟეტს, თუმცა რადიკალურად განსხვავდება ფინალი, რომელიც სლეიზერმა ტრადიციულ ამერიკულ „ჰეფი-ენდად“ აქცია და პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ევროპული ვერსიის იდუმალებას, ერთგვარ ინტრიგას. არ დააყოვნა არც შედეგმა – ფილმი სამარცხვინოდ ჩავარდა გაქირავებაში.

„მხიარული თამაშები“ (Funny Games U.S.), მიხაელ ჰანეკე, 2007 – ორიგინალი – „მხიარული თამაშები“ (Funny Games, ავსტრია), მიხაელ ჰანეკე, 1997 – ევროპულ და ამერიკულ ვერსიებს მხოლოდ ენა და მსახიობების დასი განასხვავებს, სიუჟეტს ორ ზრდილობიან სადისტსა და წესიერ შეძლებულ ოჯახზე კი, 2007 წლის ფილმი ზუსტად იმეორებს. შეკითხვაზე, რა საჭირო იყო რიმეიქის გადაღება, ჰანეკამ მარტივად უპასუხა, რომ სურდა მისი ფილმი ამერიკელ მაყურებელსაც ენახა. პუბლიკამ ფილმი ნახა, თუმცა ნაკლები აღფრთოვანებით, ავსტრიელი რეჟისორის ნამუშევარმა ვერც კინომოყვარულების, ვერც კრიტიკოსების მოწონება ვერ დაიმსახურა.

„საყვარელი ჩარეთი“ (Sweet Charity), ბობ ფოსი, 1969 – „კაბირიას ღამეები“, ფედერიკო ფელინი, 1957 – ნეორეალიზმის შედევრით მოხიბლულმა ფოსმა თავად ფელინისგან შეიძინა საავტორო უფლებები, დრამატული კინოს ენა მიუზიკლის ენაზე „თარგმნა“ და მეუღლესთან – მსახიობთან გვენ ვერდონთან ერთად წარმოადგინა საკუთარი დადგმა ბროდვეიზე, თუმცა მის მიუზიკლში კაბირია არა  გულუბრყვილო მეძავი, არამედ იაფფასიანი კლუბის მოცეკვავეა. მიუზიკლის არნახული წარმატების შემდეგ ფოსმა კინოპროდიუსერებისგან მიიღო ფილმის დადგმის შეთავაზება და მართალია, „კაბარესა“ და „ლენის“ ფონზე „ჩარეთი“ დღეს ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ თავის დროზე ფოსის ერთ-ერთ უძლიერეს ნამუშევრად ითვლებოდა.

„მოღალატე“ (Unfaithful), ედრიან ლაინი, 2002 – ორიგინალი „მოღალატე ცოლი“ (La femme infidèle), კლოდ შაბროლი, 1969 – კიდევ ერთი რიმეიქი რიჩარდ გირის მონაწილეობით, რომელიც „ცხრანახევარი კვრის“ ავტორმა ედრიან ლაინმა დადგა, თუმცა ამჯერად ზედმეტი ეროტიზმისგან თავი შეიკავა და მაყურებელს პროვინციულ ქალაქში დაბინავებული მოღალატე ცოლის და შურისმაძიებელი ქმრის ისტორია მოუთხრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები