LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგზარდობაში და ახლა – კინოს ცოცხალი ლეგენდები

1654
#ფილმები

კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები და მით უმეტეს კინოვარსკვლავები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდული გარეგნობა. მათი უმეტესობა ამისათვის პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, ნაწილი კი ბუნებრივად დაბერებას ამჯობინებს. დღეისათვის ჰოლივუდისა თუ ევროპული კინოს ყველაზე ხანდაზმული ვარსკვლავების უმეტესობა ახალგაზრდობაში შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩეოდა. როგორ გამოიყურებიან ისინი დღეს? გადავავლოთ თვალი ფოტოებს…

ჯინა ლოლობრიჯიდა

იტალიელი კინოვარსკვლავი და ფოტოჟურნალისტი, გასული საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სექს-სიმბოლო ახლა 93 წლისაა. ლოლობრიჯიდა განსაკუთრებით ცნობილია „პარიზუის ღვთისმშობლის ტაძარში“ (1956) შესრულებული ესმერალდას როლით, სადაც მას პარტნიორობას ენტონი ქუინი უწევს.

კლინტ ისტვუდი

90 წლის ისტვუდზე ხშირად ამბობენ, რომ იგი ბევრად წარმატებული რეჟისორია, ვიდრე მსახიობი და ამაზე დავა ძნელია თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტვუდს თავისი ოთხივე „ოსკარი“ სწორედ როგორც რეჟისორს აქვს მოგებული. მის სამსახიობო კარიერაში უდავოდ უნდა აღვნიშნოთ სერჯო ლეონეს ვესტერნები.

შონ კონერი

პირველი ჯეიმს ბონდი ამჟამად 89 წლისაა. შოტლანდიელ ვარსკვლავს აქტიური სამსახიობო კარიერა დასრულებული აქვს. შონ კონერმა ყველაზე ცნობილი ჯაშუშის შესახებ გადაღებულ 7 ფილმში ითამაშა. 1988 წელს მან „ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის ბრაიან დე პალმას ფილმში „ხელშეუხებელნი“.

ანუკ ემე

ფრანგი კინოვარსკვლავი 88 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება. ემეს ისეთ ფილმებში აქვს შესრულებილი როლები, როგორიცაა „ტკბილი ცხოვრება“(1960), 8½ (1963), „კაცი და ქალი“ (1966).

ჟან პოლ ბელმონდო

ფრანგული კინოს ლეგენდა ამჟამად 87 წლისაა. ბელმონდოს ფილმებიდან აღსანიშნავია „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ (1960), „კაცი რიოდან“ (1964) და „პროფესიონალი“ (1981).

ჯოან კოლინზი

87 წლის კოლინზი ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს სერიალიდან „დინასტია“, სადაც ჯოანი ალექსის ქერინგთონის როლს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო აღიარება და „ოქროს გლობუსი“ კოლინზს სწორედ „დინასტიამ“ მოუტანა. რამოდენიმე წლის წინ  მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობისათვის დედოფალმა ელისაბედ II-მ ჯოან კოლინზი საპატიო ორდენით დააჯილდოვა.

სოფი ლორენი

იტალიური და მსოფლიო კინოს ლეგენდა სოფი ლორენი 85 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია. ოსკაროსან მსახიობს არაერთ ფილმში უთამაშია, მის როლებს შორის კი გამორჩეულია პერფორმანსები ფილმებში: „ეს დაიწყო ნეაპოლში“(1960), „ორი ქალი“(1961), „გუშინ, დღეს და ხვალ“ (1963), „ქორწინება იტალიურად“ (1964) და ა.შ.

ბრიჯიტ ბარდო

85 წლის ფრანგი კინოვარსკვლავი ბოლო წლებში ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტის საქმიანობითაა ცნობილი. ბარდო მეოცე საუკუნის 50-60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი და სექს-სიმბოლო იყო, განსაკუთრებული მოწონება კი წილად ხვდა მის როლებს ფილმებში:“ და ღმერთმა შექმნა ქალი“ (1956) , „ვივა მარია!“ (1965) და „გარდაცვლილთა სულები“ (1968).

ალენ დელონი

ფრანგული კინოს ლეგენდა და 60-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი სექს-სიმბოლო 84 წლის არის. დელონმა გამორჩეული სახეები შექმნა ფილმებში: „როკო და მისი ძმები“ (1960), “კაშკაშა მზეზე” (1960), “დაბნელება” (1962), “ლეოპარდი“ (1963), „ყვითელი როლს-როისი“ (1965), “დაკარგული რაზმი“ (1966) და „სამურაი“ (1967).

ჯული ენდრიუსი

ბრიტანელი ვარსკვლავი ჯული ენდრიუსი 84 წლისაა. ოსკაროსანი მსახიობი ყველაზე მეტად ცნობილია როლებით ფილმებში „მერი პოპინსი“(1964)  და „მუსიკის ჰანგები“ (1965).

რობერტ რედფორდი

„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი რობერტ რედფორდი 83 წლისაა. მის კარიერაში გამორჩეული ფილმებია: „დიდი გეტსბი“ (1974), „კონდორის სამი დღე“ (1975) და „აფრიკიდან“ (1985).

ჯეკ ნიკოლსონი

ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად მიჩნეული, ოსკარის 12- გზის ნომინანტი ჯეკ ნიკოლსონი 83 წლისაა. იგი ერთ-ერთია იმ ექვსი მსახიობიოდან, რომლებსაც სამსახიობო კატეგორიებში 3 „ოსკარი“ აქვთ მოპოვებული. ნიკოლსონმა ოქროს ქანდაკებები ფილმებში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1976), „სინაზის ენა“ (1984) და „უკეთესი არ არსებობს“ (1998) შესრულებული როლებისათვის მიიღო.

ვანესა რედგრეივი

83 წლის ბრიტანელი მსახიობი ერთ-ერთია იმ მსახიობთა მოკლე სიიდან, რომლებსაც კარიერაში მოგებული აქვთ „ოსკარის“, „ბაფტას“ და „ტონის“ სამსახიობო ნომინაციები. რედგრეივის ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ჯულია“ (1977), „მარია, შოტლანდიის დედოფალი“ (1971), „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ (1974) და  „ბოსტონელები“ (1984).

კლაუდია კარდინალე

ტუნისური წარმოშობის იტალიელი კინოვარსკვლავი, რომელიც ცნობილია ფილმებით : „როკო და მისი ძმები“ (1960), 8½ (1963) და „დაკარგული რაზმი“ (1966) 82 წლისაა.

ალ პაჩინო

80 წლის ოსკაროსანი მსახიობის ყველაზე ცნობილი როლი რასაკვირველია მაიკლ კორლეონეა „ნათლიადან“. მრავალწლიან ფილმოგრაფიაში პაჩინოს არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული, თუმცა მათ შორის მაინც შეგვიძლია გამოვარჩიოთ პერფორმანსები ფილმებში: „ნაიარევი სახე“( 1983), „ქალის სურნელი“ (1992),  „კარლიტოს გზა“ (1993), „დონი ბრასკო“(1997) და „ირლანდიელი“ (2019).