LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატ ნანა ფილაურზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება – ადვოკატთა ასოციაციამ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა

175
ადვოკატთა ასოციაცია

ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადვოკატ ნანა ფილაურის მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს. აღნიშნულ თემაზე დღეს, ასოციაციაში ბრიფინგი ჩატარდა, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარემ,  დავით ასათიანმა, ჟურნალისტებთან ნანა ფილაურის მიმართ არსებული ზეწოლის,  შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და პროფესიული საქმიანობის ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ ისაუბრა.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადვოკატ, ნანა ფილაურის მისამართით სოციალურ ქსელში კონკრეტული, იდენტიფიცირებადი პირების მიერ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი პოსტები ქვეყნდება. კერძოდ, ადვოკატს „Facebook“- ის მრავალრიცხოვან ჯგუფში სახელწოდებით „თაღლითი დამსაქმებლები გამოავლინე“, სხვადასხვა სახის მოწოდებით აიძულებენ, უარი თქვას საადვოკატო საქმიანობასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაცვაზე, რომელსაც ისინი თაღლითური გზით საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ”. – აცხადებენ ადვოკატთა ასოციაციაში.

მათივე ცნობით, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა,  ადვოკატ ნანა ფილაურის განცხადება თანდართული მასალებით, დეტალურად შეისწავლა და მიიჩნევს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო, ადვოკატზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება. ასევე, ადგილი აქვს კლიენტის ადვოკატთან გაიგივების ფაქტს.

ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები განმტკიცებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით. კერძოდ, „ადვოკატი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია“. ამასთან, „დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა“ წარმოადგენს დანაშაულს და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ფაქტზე რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.

პოპულალურები