LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანში მთავარი გარდატეხა ყველაზე მტკივნეული გზის გავლის შემდეგ ხდება” – ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე

1407
33573432-10216526919988827-180150646589095936-n

რა არის დეპრესია და როგორ აისახება ის ადამიანის განწყობაზე – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.

რამდენი სახის დეპრესია არსებობს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ადამიანი უბრალოდ უგუნებოდ არის თუ საქმე გვაქვს ისეთ კლინიკურ დიაგნოზთან როგორიც დეპრესიაა. თვითონ დეპრესია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და დათრგუნვას ნიშნავს. არსებობს ორი სახის დეპრესია: ენდოგენური და ეგზოგენური, ანუ შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეული.

ენდოგენური დეპრესიის ერთი ცალსახა მიზეზი არ არსებობს, ხშირად მას ბიოლოგიურ ფაქტორებს მიაწერენ. რაც შეეხება ეგზოგენურ დეპრესიას – ეს არის რეაქცია სტრესზე, როდესაც ადამიანმა ზუსტად იცის, თუ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა. მაგ: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განქორწინება, მძიმე დიაგნოზი, ფინანსური ვალდებულებები და ა.შ.

დეპრესიის დროს თავის ტვინში ქიმიური პროცესებიც მიმდინარეობს. საქმე გვაქვს სეროტონინის დონის შემცირებასთან, რომელსაც მეორენაირად ბედნიერების ჰორმონი ეწოდება. სეროტონინი პასუხისმგებელია ჩვენს გუნება-განწყობაზე.

რა სიმპტომები აქვს დეპრესიას?

დეპრესიის სიმპტომებია: ცუდი გუნება-განწყობილება, სიცარიელის შეგრძნება, საკუთარი თავის ბრალეულობისა და დანაშაულის განცდა, ემოციური გასადავება (ინტერესების დაქვეითება, დაკარგვა ), მადის დაქვეითება ან მატება, უძილობა ან ძილიანობა, ანჰედონია ( საყვარელი საქმისგან სიამოვნების ვერ მიღება), უენერგიობა, შენელებული მეტყველება, უარყოფითი ფიქრები, ფიქრები სიუციდზე… და ეს არ არის სიმპტომების სრული ჩამონათვალი.

როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

იმისათვის, რომ დაისვას დეპრესიის დიაგნოზი, ორი კვირის განმავლობაში და მეტ ხანს ადამიანს უნდა აწუხებდეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. დეპრესიის განკურნება ხდება ძირითადად ფსიქოთერაპიით, თუმცა ხანდახან ფსიქიატრის ჩართვაც ხდება საჭირო, რაც მედიკამენტოზურ მკურნალობას გულისხმობს. დეპრესიის განკურნება ბოლომდე შესაძლებელია, რაც უფრო ნაადრევია ჩარევა, მით უკეთესი პროგნოზი გვაქვს. ამ დიაგნოზს მტანჯველი მარტოსულობის განცდა ახასიათებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა, რომ ადამიანმა გარიყულად არ იგრძნოს თავი. ამ დროს ადამიანს ისედაც ახასიათებს დანაშაულისა და სირცხვილის განცდა. ასევე, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, ვარჟიში, სწორი კვება და სრულფასოვანი ძილი. თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება ცხოვრებაში დადებითად მოქმედებს ადამიანზე. ასევე, ახალი ინტერესები და საკუთარი თავის დაჯილდოება.

დეპრესია საბოლოოდ განკურნებადია. ცნობილია, რომ ადამიანში მთავარი გარდატეხა ყველაზე მტკივნეული გზის გავლის შემდეგ ხდება. აღმოსავლური სიბრძნე დეპრესიას ბნელ ღამეს ადარებს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ნათელი დღე. მთავარია როგორ მივიღებთ მას, როგორც სასჯელს თუ როგორც გამოცდილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები