LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანი ქვეყნის პატრონად აცხადებს თავს და ცეკვა-თამაშის ხასიათზეა, მაშინ როდესაც სხვებს ლუკმა-პურის ფული არ აქვთ” – ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ცეკვას აკრიტიკებს

1144
pjimage

“ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოებას მეტი სჭირდება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სხდომის დღევანდელი ფორმატი მიუღებელია, რადგან ოპოზიციას შეკითხვების დასმის საშუალება არ ეძლევა.

“გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც საზოგადოება ელოდება შეკითხვებზე პასუხს, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ დღევანდელი სხდომა წარიმართოს განსხავავებული წესით, იმისთვის, რომ პარლამენტში, სადაც ხალხის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მოვისმინოთ შეკითხვები, რომელიც აქვს საზოგადოებას” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ კი სამადაშვილის გამოსვლას უღირსი უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ საუბრის ნაცვლად სჯობს რაიმე ქმედითი გააკეთოს, რითიც მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს.

“ძალიან უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ -ტოკი” რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის გარანტი და ეს კარგად იცით. ამიტომ გყავთ ეს ადამიანი მუდმივად მიზანში ამოღებული. ამიტომ არის, რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ და რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ კი გამოიყენეთ როგორც ლანძღვის კორიანტელის დასაყენებელი. რაღაც მაინც გააკეთეთ კონკრეტული, რაც ადამიანებს ამ ქვეყანაში მოუტანს სიკეთეს და არამხოლოდ საუბარი, რითაც ხართ დაკავებული, მათ შორის ეკლესიის ლანძღვა-გინებითაც” – მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული გეგმა, როგორ შეძლებენ შექმნილი ვითრების გამო შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანების გამოკვებას, არ აქვს.

“თუ რამეს ითხოვს რეგლამენტი, ეს არის, რომ საგანგებო მდგომარეობის განხილვას უნდა ესწრებოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მაინტერესებს ქალბატონი მეზვრიშვილი, რომელიც დღეს აქ ბატონმა გიორგი გახარიამ გამოაგზავნა, თუ წარმოგვიდგენს მიზეზს, რის გამოც ის აქ არ იმყოფება, თუ უბრალოდ ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ  ხასიათს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ რეალურად ის ანგარიშვალდებული ამ პარლამენტის კი არა, ბუნკერში გამოკეტილი მოტიკტოკე პატრონის წინაშე. ამას ამბობს გახარია, როგორც ჩანს, მისი აქ არ ყოფნით. როგორ აპირებთ გამოიკვებონ ადამიანები, როდესაც ადამიანი ქვეყნის პატრონად აცხადებს თავს, ცეკვა-თამაშის ხასიათზეა ბუნკერში გამოკეტილი, სხვა ადამიანებს კი ლუკმა-პურის ფული არ აქვთ,” – განაცხადა ბოკუჩავამ.