აჩიკო მეფარიძე შვიდი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, ბოლო სამი წელია კი, თბილისს დაუბრუნდა და წყნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობს, სადაც ეზოს მოწყობითაა დაკავებული. მასთან ინტერვიუ სასტუმრო „ამბასადორში“ ჩავწერეთ.

აჩიკო მეფარიძე:

სამი წელია, აქ ვარ, მაგრამ ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ, გასტროლებზე. აქ, სამწუხაროდ, არ იმართება ბევრი კონცერტი.

რომ შევადაროთ იმ პერიოდს, როცა ვამბობდით, შოუბიზნესი არ არსებობსო, ახლანდელი პერიოდი…

მაშინ შოუბიზნესი ნამდვილად არსებობდა, რადგან კარგი, ნორმალური შემოსავალი მქონდა. უბრალოდ, მაშინ ცოტა სხვა ჩარჩოები და ზომები უნდოდათ ყოფილიყო და ყველას სურდა, ჰქონოდა სხვა მასშტაბი, ასე არ ხდება. ვერ ვიტყვი, რომ გამონაკლისი ვიყავი, ვისაც შემოსავალი ჰქონდა. იყო რაღაც პროცენტი, რომელიც ამ საქმით მშვენივრად ცხოვრობდა, ზოგს მეტი ჰქონდა, ზოგს – ნაკლები, მაგრამ ანაზღაურებას იღებდა.

როდის მიხვდით, რომ შოუბიზნესს პრობლემები შეექმნა?

2004 წლიდან. როდესაც მთავრობა შეიცვალა, მაშინვე უკვე ჩანდა, რომ ტელეეკრანს არავინ დაგვითმობდა. თქვენ ჟურნალისტი ხართ და პრინციპში, ჩემზე კარგად იცით ტელევიზიის ფასი რეკლამირებაში. როცა გინდა, მიაღწიო რაღაც დონეს ამა თუ იმ სფეროში, ამისთვის საჭიროა რეკლამა ჭარბი რაოდენობით. მაშინ მივხვდი, რომ შოუბიზნესისთვის იმ დროს არავინ მოგვცემდა ტელევიზიაში, როგორც ადრე. გვეგონა, რომ ნორმალური იყო, როცა დიდი დოზით ვჩანდით. პრინციპში, ეს ასეც იყო, რადგან ჩვენი სფეროსთვის აუცილებელია. იყო ჯანსაღი კონკურენცია და იმ პერიოდში ბევრი ახალი პროდუქტი შეიქმნა, ახალ ჰიტებს მთელი ქვეყანა მღეროდა, ჩემი აზრით, ეს საოცარი პერიოდი იყო. გული მწყდება, რომ ამას წარსულში ვლაპარაკობ…

ბოლო დროს იმ პერიოდის სიმღერები ისევ პოპულარული გახდა, მათ შორისაა თქვენი სიმღერაც – „მითხარი“…

არა მხოლოდ „მითხარი“, არამედ რამდენიმე სხვა სიმღერაც ჩემი რეპერტუარიდან. ახლახან მქონდა კონცერტების სერია, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიხილე, თინეიჯერები. გასაოცარი იყო ის, რომ ყველა სიმღერის ტექსტი იცოდნენ ზეპირად – „მითხარი“, „მშვიდობით“, „მაპატიე“, „ო, რა კაია“, „მაჩუქე ეს ღამე“, „ვიცეკვოთ დილამდე“. კლუბში იყო კონცერტები და ვუყურებდი, ხშირად ჩემთან ერთად სცენაზე მღეროდნენ. ნაწილს მე ვმღეროდი, ნაწილს – ისინი და ძალიან სასიხარულო იყო. ვერ ვხსნი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მგონი იმიტომ, რომ ქართული ახალი არაფერი იქმნება. ნებისმიერი ადამიანი, რაც უნდა კარგად იცოდეს უცხოური ენები, მშობლიურ ენაზე ნამღერს სხვანაირად აღიქვამს. ამ სამ წელიწადში ახალი ქართული სიმღერა თითქმის არ გამიგია.

თქვენს რეპერტუარში არის ახალი სიმღერები?

არის, მაგრამ ჯერ არ მაქვს მზად მაყურებლისთვის. მინდა, ჯერ კლიპი გადავიღო და მანამდე ორი-სამი კვირით ადრე დავატრიალო ახალი სიმღერა. როგორც წესი და რიგია. ამას წინათ ვერიკო ტურაშვილის კლიპის პრეზენტაციაზე ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ მაია კაჭკაჭიშვილის ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც ძალიან მომეწონა და ვერიკოს არაჩვეულებრივად აქვს შესრულებული. ქავერების შესრულებით შოუბიზნესი არ იქმნება. არც „ვოისით“, არც „იქს ფაქტორით“… კი, გასართობად შესაძლოა, კარგი შოუებია და თავადაც მიყვარს, როცა კლუბში ქავერს კარგად ასრულებენ, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მეორე მხრივ, თუკი მომღერალი ახალ სიმღერას შეასრულებს, სად უნდა გამოიტანოს, სად შეასრულოს? ყველაფერი თუ ისევ ისე არ აეწყო, როგორც იყო, არაფერი გამოვა. სიმღერაზე მომღერლის გარდა, უამრავი სხვა ადამიანი მუშაობს და ეს ჯაჭვი თავიდან უნდა შეიკრას. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვაპირებთ, შოუბიზნესი თავიდან ავამუშაოთ – ესენი არიან რუსა მორჩილაძე, ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე, ნინო ძოწენიძე, ლელა წურწუმია, სტეფანე, კახაბერი. სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც ქართულენოვან სიმღერას ქმნის და ამითაა დაკავებული.

თქვენ რამდენ ხანში გადაიღებთ ახალ კლიპს?

ზაფხულში. ძალიან კარგი პრეზენტაცია მინდა გავაკეთო. ადგილიც სიუპრიზი იქნება, ჩემი ყველა კლიპის პრეზენტაციაბ ყოველთვის სიუპრიზი იყო, ხან იპოდრომზე ვმართავდი და ხან თბილისის ზღვაზე. მოკლედ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

გიყურებთ და საერთოდ არ შეცვლილხართ გარეგნულად. ამას როგორ ახერხებთ?

რატომ უნდა შევიცვალო (იღიმის)? არანაირი საიდუმლო არ მაქვს. უბრალოდ, ვვარჯიშობ და ჯანსაღ კვებას მივმართავ – ვჭამ მარტო ბოსტნეულს, იშვიათად – ქათმის ხორცს. სხვა არაფერი მინდება. ვცხოვრობ წყნეთში, ჩემს სახლში. რაც შეეხება ვარჯიშს, დავდივარ ტრენაჟორებზე, არაჩვეულებრივი მწვრთნელი მყავს, ლევან გობეჯიშვილი, ერთ-ერთ სავარჯიშო დარბაზში. კარგ მწვრთნელს დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა სწორი ვარჯიშები შეგირჩიოს და სწორად დაგტვირთოს.

თქვენს შემოქმედებაში ბევრი სასიყვარულო სიმღერაა… პირადში რა ხდება?

ჯერჯერობით, არაფერი. მხოლოდ შემოქმედებით ვარ დაკავებული. 21 აპრილს კონცერტი მაქვს „სიელოში“. სხვათა შორის, აქ ყოველთვის გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას უკრავენ. მცირე ხნის წინ მე და „ქუჩის ბიჭებს“ გერმანიაში კონცერტი გვქონდა, ზალიკო ბერგერს მიჰყავდა, პოლიგლოტია და გერმანულიც თუ იცოდა, არ მეგონა (იღიმის). დაახლოებით 500-კაციან დარბაზში გვქონდა გამოსვლა, პატარა ქალაქ კარლსრუეში. ხალხი სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდა. მანამდე მიუნხენში მქონდა გამოსვლა, მოსკოვში, თბილისშიც გავმართე კონცერტი.

რა ეტაპი დაგიდგათ ახლა ცხოვრებაში?

ინტენსიური მშენებლობა მაქვს წყნეთში, ვაწყობ ეზოს, ვალამაზებ. შევიძინე ბევრი ახალი მცენარე. ამით ვარ დაკავებული, სხვათა შორის, არ არის ადვილი საქმე. არ იფიქროთ, რომ უცებ კეთდება. უნდა გათვალო, რა იქნება ხუთი-ათი წლის მერე. ეს საქმე ჩემთვის საინტერესოა. დიდი ხანია, წყნეთში ეს სახლი გვაქვს, არ მიცხოვრია იქ, თბილისში ვცხოვრობდი ჩემს ბინაში. ვეჩვევი ქალაქგარეთ ცხოვრებას, მომწონს, სხვანაირი ენერგეტიკაა, მყავს თუთიყუში პაკო, ძაღლი მაქსი… (იღიმის).

untitled-3
გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

კატეგორიები: ექსკლუზივი

მსგავსი თემები