LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა იგეგმება

119
65392312_323986911844090_9151066885196873728_n

მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავში ახალი საინტერესო ტურისტული მიმართულების შექმნა იგეგმება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ბათუმთან ახლოს  ტურისტული თავშესაფრები, პანორამული პლატფორმები და 11 კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკი მოეწყოს ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულთათვის.

პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა ითვალისწინებს:

  • მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას
  • განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების მომზადებას
  • მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას

„მტირალას მთისა და ყოროლისთავის ტურისტულ მიმართულებად განვითარება გააჩენს კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ პროდუქტს რეგიონში, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას. მტირალას მთა მისი ქალაქთან სიახლოვიდან გამომდინარე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის. მთიდან იშლება ზღვისა და მთის ულამაზესი ხედები, სადაც  შესაძლებელია მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის წვიმის პერიოდშიც ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტად იქცევა. იგულისხმება მთაზე გადახურული პანორამული პლატფორმებისა და ტურისტული ატრაქციების მოწყობა. ასევე აღსაღნიშნავია, რომ სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობა მოტივირებულია ჩაერთონ ტურისტულ საქმიანობაში და შესთავაზონ ტურისტებს მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტები,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

მტირალას მთისა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული მიმართულებით განვითარების  გეგმის მიმზადებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.  ტურისტული განვითარების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი  უკვე გამოცხადა და მისი ნახვა მსურველებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ http://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=57020.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები