LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება – რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

342
კალაძე ტაქსი

თბილისში, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში გაცემულია A კატეგორიის ტაქსის 19 348 ნებართვა, ხოლო B კატეგორიის – 7 798 ნებართვა. რეფორმის პირველ ეტაპზე კი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 21 000 უკატეგორიო ტაქსის ნებართვა გაიცა.

ტაქსების რეფორმის II ეტაპი 2019 წელს განხორციელდა, როდესაც ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე, ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. A კატეგორიის ტაქსებზე განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი – თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით „TAXI თბილისი“.

რაც შეეხება განსხვავებებს, A კატეგორიის ტაქსის სტანდარტული მონაცემებია:

• თეთრი ფერის
• ტექნიკური ინსპექტირების მქონე
• მარცხენასაჭიანი
• ხუთკარიანი
• ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშნით მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“.

A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს აქვთ საშუალება გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის.

კერძოდ:

• ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით სარგებლობა;
• რეკლამის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება და შემოსავლის მიღება;
• გადაეცემათ უფასოდ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი;
• გადაეცემათ მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები.

B კატეგორიის ტაქსია:

• მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსით მომსახურება შესაძლებელი იყო 2021 წლის პირველ იანვრამდე.
• არ მოეთხოვება ავტომობილის თეთრი ფერის სტანდარტი.
• ტაქსი, რომელიც კლიენტებს ემსახურება მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მეშვეობით.

B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ აქვთ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება, კერძოდ:

• ვერ სარგებლობენ ტაქსის გასაჩერებელი საპარკინგე ადგილებით.
• არ აქვთ უფლება განათავსოს ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი”.
• საკრებულოს დადგენილების თანახმად, არ დაუშვას მგზავრის ქუჩიდან აყვანა.
• უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე.

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარადგინეს.

კახა კალაძის განცხადებით, „ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი“.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გააცნო საზოგადოებას ტაქსის რეფორმის პრინციპები და ეტაპები. მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო.

„ვისაც არ ჰყავდა თეთრი ავტომანქანა, დავეხმარეთ, რომ შეეღებათ ან გადაეკრათ თეთრი ფირი ისე, რომ ერთი ლარის გადახდაც არ უწევდათ. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი – თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით TAXI TBILISI, გარდა ამისა, მათთვის დედაქალაქში გაჩნდა ადგილები, სადაც შეუძლიათ ავტომანქანების გაჩერება და ამაში არანაირ გადასახადს არ იხდიან. აღნიშნული რეფორმის შედეგად გაიცა ნებართვები: A კატეგორიაში 19 348, ხოლო B კატეგორიაში – 7 798. მეორე კატეგორიაში გადიან ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და მუშაობენ აპლიკაციით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე დასძინა, რომ ნებართვა, რომელსაც ტაქსის მძღოლები ფლობენ, პირველი აპრილიდან უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელს შეეძლება, აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს.

„ეს ნებართვა პირველი აპრილიდან იქნება თქვენი საკუთრება მუდმივად. მეტ ლიცენზიას, ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს საერთოდ. ის ოჯახებიდან გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც თავის დროზე აღებული აქვს ნებართვა. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ამ ნებართვით გააგრძელოს საქმიანობა, ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეეძლება, ამ საქმიანობის ლიცენზია გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არ ეღირება, არამედ გაცილებით მეტი. ამას ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზენტაციაზე რეფორმის მესამე ეტაპის დეტალებზე თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა.

„ტაქსების რეფორმაზე რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა ბაზარი და ამასთანავე, გაგვეუმჯობესებინა ტაქსით მომსახურების ხარისხი. მესამე ეტაპზე, შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. ერთწლიანი, A კატეგორიის ნებართვები გახდება მუდმივი, უვადო. ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა, ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა-მიღება და ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ A კატეგორიის სანებართვო ბაზარზე, ფიზიკური პირების გარდა, იურიდიული პირებიც შემოვლენ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული, ძველი სისტემით, A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის უცხოელ ექსპერტებს.

პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ასევე, შეიქმნება A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი“.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ელი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის მუდმივ ნებართვას.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც იყო ერთწლიანი, გახდება მუდმივი, უვადო. დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა ბაზარზე – ყიდვა, გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სანებართვო ბაზარზე შემოვლენ იურიდიული პირებიც.

2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას, ხოლო 2023 წლის 1-ელი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტა, ვისზე გაიცემა ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ტაქსის მუდმივი ნებართვა.

როგორც ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი ნებართვა გადასცემს ყველა იმ პირს, რომელიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.

მისივე თქმით, პირმა, ვისაც ახალი, უვადო ნებართვის მიღების სურვილი აქვს, თუმცა A კატეგორიის ნებართვა აქამდე არასდროს აუღია, 20 მარტამდე ძველი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვა უნდა აიღოს.

რაც შეეხება B კატეგორიასთან დაკავშირებულ ნებართვას, ხმალაძის განმარტებით, უცვლელი რჩება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები