იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობს, – ამის შესახებ გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ პოპიაშვილმა განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო.

“ყველა მტკიცებულება, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული, სადავოდ ვცანით. იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოესპო, იმის გამო, რომ ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია,” – აღნიშნა პაპოშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ნებიერიძე დუმილის უფლებას სასამართლოში დაარღვევს.

“შემდგომში დუმილს არ აპირებს. ექსპერტიზის დასკვნა, როცა სასამართლოზე იქნება გამოკვლეული და ექსპერტები დაიკითხებიან, მერე მოგაწოდებთ ინფორმაციას. გამამართლებელ განაჩენს ველოდები თუ არა, ამას არ და ვერ გეტყვით, მაგრამ არსებითი განხილვის ეტაპზე ყველაფერი გამოიკვეთება, თითოეულ მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა,” – აღნიშნა ადვოკატმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 6 მარტს, 14:00 საათზე დაინიშნა.

მსგავსი თემები