კოლორიტული ბერძნული კუნძულები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ ტურისტებს შორის, რადგან გართობასთან ერთად, საინტერესო არდადეგების მოწყობას სთავაზობენ სტუმრებს.

8 საუკეთესო ბერძნული კუნძული:

იდრა: ხანგრძლივი „არტ-შვებულებისთვის“ – ბერძენ ხელოვანთა მთავარ მექად ქცეულ უნიკალურ ნაკრძალ-კუნძულს, ნატიფი ხელოვნების საკუთარი სკოლა აქვს, რომელიც ქვისგან ნაშენ მდიდრულ სასახლეშია მოწყობილი. ათენიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებულ კუნძულს უამრავი ტურისტი სტუმრობს უქმეებზე, რომლებიც მრავალრიცხოვან გალერეებში მიღებულ შთაბეჭდილებას პოპულარულ The Pirate Bar-ში უზიარებენ ერთმანეთს.

კორფუ: კოსმოპოლიტური ატმოსფერო – კუნძული ვენეციური, ბრიტანული და ფრანგული არქიტექტურის მსუბუქი გავლენით, ძალიან ჰგავს იტალიურ ტოსკანას, თუმცა ბევრად კეთილმოწყობილი პლაჟებით იწონებს თავს, სტუმრებს ცნობილ ბარში Liston-ში უმასპინძლდება კოქტეილებით, უგემრიელეს ვახშამზე კი, რესტორანში Corfu Sailing Club ეპატიჟება.

მიკონოსი: ბოჰემური წვეულებები – კუნძული, რომელიც ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეიყვარა ევროპულმა ბოჰემამ, დღესაც სიამოლვნებით მასპინძლობს ფუფუნების მოყვარულ სტუმრებს დეკადენტურ კაფეებსა და რესტორნებში, პლაჟის ბარებსა და ღამის კლუბებში.

კეფალონია: კინომოგზაურობა – განსაკუთრებული პოპულარობა კუნძულმა 2000-იანი წლების დასაწყისში შეიძინა, როცა ეკრანებზე მელოდრამა „კაპიტან კორელის არჩევანი“ გამოვიდა პენელოპა კრუსისა და ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით. სხვათაშორის, ჯონ გალიანო და ჯონ ბონ ჯოვი სწორედ ადგილობრივ რესტორანს Tassia-ს ანიჭებენ უპირატესობას, როცა უგემრიელესი ზღვის პროდუქტის და პასტის დაგემოვნება სურთ.

სანტორინი: საუკეთესო თაფლობის თვე – მართალია, კუნძულის მთვარი ღირსშესანიშნაობა – ჩაძირული ვულკანი ერთგვარ „ტურისტულ კლიშედ“ ითვლება, მაგრამ ახლადაქორწინებული წყვილებით მაინც არასდროს ღალატობენ მის ფონზე ფოტოს გადაღების ტრადიციას. სხვათაშორის, 3 500 წლის წინ სწორედ სანტორინის ამოფრქვეულმა ლავამ შეაფერადა ადგილობრივი პლაჟის ქვიშა შავად, კლდეები კი, სხვადასხვა ფერად.

სიმი: საბერძნეთის ყველაზე ლამაზი პორტი – მე-19 საუკუნეში სუნელებით მოვაჭრეთა მიერ აგებული ქალაქი დღეს ხელოვნების ნიმუშად ითვლება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან პორტთან ახლოს გაშენებული, ატმისფერად შეღებილი სახლები, კუნძულის სიღრმეში, ფიჭვებსა და კვიპაროსებში ჩაძირული, განსხვავებული არქიტექტურული სტილით ნაშენი მონასტრებით გრძელდება.

ნაქსოსი: ქვიშის პლაჟები – თეთრი ქვიშის პლაჟებზე Agios Prokopios და Agia Anna ძირითადად ოჯახები ისვენებენ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, Plaka-ს უკაცრიელ სანაპიროზე სიმშვიდის მოყვარულები ნებივრობენ, Mikri Vigla კი, იდეალური ადგილია სერფერებისთვის. აუცილებლად დააგემოვნეთ ლიმონის ლიქიორი, ან ადგილობრივი ღვინო უგემრიელეს ყველთან „არსენიკოსთან“ ერთად და თავად მიხდებით რატომ დაარქვა ჰეროდოტემ კუნძულს ნაქსოსი ანუ „ყველაზე ბედნიერი კუნძული“.

სიფნოსი: გასტრონომიული ვარსკვლავი – გასტრონომიული კურორტის ტიტულს სიფნოსი შეფ-მზარეულს ნიკოლაუ ცეილემენტის უნდა უმადლოდეს, რომელიც კუნძულზე დაიბადა, 1910 წელს კი, პირველი ბერძნული კულინარიული წიგნი დაწერა. ტრადიციულ კერძებთან ერთად, სიფნოსის მრავალრიცხოვანი რესტორნები ბერძნული სამზარეულოსთვის საკმაოდ უჩვეულო კერძებსაც სიამოვნებით სთავაზობენ სტუმრებს, დესერტებს შორის კი, განსაკუთრებული პოპულარობით ნუშის ტკბილეული და ვაფლი სარგებლობს ნუგასთან ერთად.

 

მსგავსი თემები