LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ფილმი საკურორტო რომანზე – რჩეული ფილმები

915
#სტუმრადვარსკვლავთან

საკურორტო რომანებით, რომლის ხიბლი სრულიად უცნობ ადამიანებს შორის ხანმოკლე, ვალდებულებებისგან თავისუფალი ურთიერთობის გაბმაშია, რეჟისორებიც ხშირად ინტერესდებიან და მაყურებელს საკუთარ რომანტიკულ ისტორიებს სთავაზობენ.

„ჰორიზონტთან ახლოს“ (Adrift) – მართალია, ტაიტიზე შემთხვევით გაცნობილ ტამისა და რიჩარდს საკურორტო რომანი მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს ჰპირდება, მაგრამ უძლიერეს შტორმში იახტით ოკეანეში აღმოჩენილებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ბალთასარ კორმაკურას დრამა, რომელშიც მთავარი როლები შეილინ ვუდლიმ და სემ კლაფლინმა შეასრულეს, რეალური ისტორიის მოტივებზე შეიქმნა.

„ექვსი დღე და შვიდი ღამე“ (Six Days Seven Nights) – აივენ რეიტმანის სათავგადასავლო კომედიის მთავარი გმირები გამბედავი პილოტი და ახალგაზრდა ჟურნალისტი არიან, რომლებიც ავიაკატასტროფის შემდეგ დაუსახლებელ კუნძულზე ხვდებიან და არა მხოლოდ ერთმანეთთან შეგუება, არამედ დათმობა და კომპრომისის მოძიებაც უწევთ, თუმცა მტრობა რობინსა და კევინს შორის მალე სიყვარულით იცვლება.

„დიდი შხეფები“ (A Bigger Splash) – 1960-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ფილმის „აუზის“ რიმეიქში რომანს არა უცნობები, არამედ ძველი ნაცნობები აბამენ. იტალიის სამხრეთში ახალგაზრდა საყვარელთან ერთად გამგზავრებულ როკ-ვარსკვლავს ყოფილი საყვარელი სტუმრობს ქალიშვილთან ერთად, თუმცა პარალელურად გაბმული რომანები ყველასთვის უსიამოვნებებით სრულდება.

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ (Eat, Pray, Love) – ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერად ქცეული რომანის ეკრანიზაცია თანამედროვე ამერიკული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის რაიან მერფის და ბრწყინვალე მსახიობების წყალობით იქცა საკულტოდ. ცხოვრებით უკმაყოფილო ელიზაბეტი მძიმე განქორწინების შემდეგ სამოგზაუროდ მიემგზავრება, რათა გაიაზროს წარსული და დაიწყოს ახალი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ხანგრძლივ მოგზაურობაში მთავარი გმირი არც რომანტიკულ თავგადასავლებზე ამბობს უარს.

„დამარქვი შენი სახელი“ (Call Me by Your Name) – კლასიკურმა საკურორტო რომანმა ლუკა გუადანინოს ორიგინალური ინტერპრეტაციით არა მხოლოდ კრიტიკოსებისა და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა, არამედ ახალგაზრდა მსახიობები ტიმოტი შალამე და არმი ჰამერი აქცია ვარსკვლავებად. 17 წლის ელიო ზაფხულის არდადეგებს მშობლების ვილაზე ატარებს და მომხიბვლელ გოგონასთან აბამს რომანს, თუმცა ისტორია სრულიად მოულოდნელ ელფერს იძენს, როცა ვილაზე ელიოს მამის ასისტენტი – ამერიკელი ოლივერი ჩამოდის.

„მიწიერი სილამაზე“ (Toute la beauté du monde) – ტინა, რომელიც მძიმედ განიცდის მეუღლის ავტოკატასტროფაში დაღუპვას, მეგობრის რჩევით ბალიზე მიემგზავრება და მშვიდი გარემოს, არაჩვეულებრივი პეიზაჟების ფონზე აცნობიერებს, რომ ტკივილის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება და არ ღირს მიწიერ სიამოვნებებზე უარის თქმა. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ფრანგულ დრამას არაჩვეულებრივი საუნდთრეკი და მსახიობების ბრწყინვალე თამაში მატებს.

„ტოსკანის მზის ქვეშ“ (Under the Tuscan Sun) – ფილმის მთავარი პერსონაჟი მწერალი ფრენსის მეისი მეუღლესთან განშორების და შემოქმედებითი კრიზისის დასაძლევად იტალიის სამხრეთში მიემგზავრება, სადაც არა მხოლოდ ძველ ტკივილს ივიწყებს, არამედ ახალ სიყვარულსაც პოულობს.

„წერილები ჯულიეტას“ (Letters to Juliet) – ჰარი ვინიკის რომანტიკული კომედია რომლის მოქმედება მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ქცეული წყვილის – რომეოსა და ჯულიეტას მშობლიურ ვერონაში ვითარდება, ხანდაზმული ქალბატონის ისტორიაა, რომელიც ახალგაზრდა სოფის თხოვნით ჩადის იტალიაში შვილიშვილთან ერთად, რათა გაიხსენოს ძველი სიყვარული და მოიძიოს ძველი შეყვარებული. მართალია, ვიქტორი ირონიით უყურებს ბებიას თავქარიან წამოწყებას, მაგრამ სოფიზე შეყვარებული თვითონაც რომანტიკულ თავგადასავალში ებმება.