ზამთრის სეზონზე, გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვების იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა. გთავაზობთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლებიც “სიამოვნებით იზრუნებენ” თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე.

ასკილის ნაყენი – С ვიტამინით მდიდარ საკვებს შორის ჩემპიონი ასკილია, რომლის შეთავაზება ბავშვისთვის ოთხი თვის ასაკიდან შეიძლება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ იმუნიტეტისთვის მეტად სასარგებლო პროდუქტს ორგანიზმიდან კალიუმის გამოდენის თავისებურებაც აქვს, ამიტომ ასკილის ნაყენის მირთმევისას (2-3-კვირიანი კურსი ერთთვიანი შესვენებით) აუცილებლად უნდა შეავსოთ ბავშვის მენიუ კალიუმით მდიდარი პროდუქტით (ბანანით, ქიშმიშით, ჭერმის ჩირით).

თაფლი – მიკრო- და მაკროელემენტებით, ფერმენტებით და ვიტამინებით მდიდარი თაფლი მხოლოდ იმ ბავშვებისთვისაა სასარგებლო, ვისაც პროდუქტზე ალერგია არ აღენიშნება. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი ასკილის ნაყენს, ჩაის, ფაფას ან მოუმზადეთ პატარას უგემრიელესი დესერტი. 200 გრამი ჭერმის ჩირი, 200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი ნიგოზი, 200 გრამი შავი ქლიავი, 3 კოვზი თაფლი და ერთი ლიმონი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, მიღებული მასა კარგად აურიეთ თაფლთან ერთად, გააცივეთ მაცივარში და ყოველ დილას, საუზმემდე 15-20 წუთით ადრე ერთი ჩაის კოვზით შესთავაზეთ თქვენს პატარას.

ნიორი – სელენიუმით და სილიციუმით მდიდარი ბაქტერიციდული ნიორი С და Е ვიტამინების მოქმედებას უწყობს ხელს. სხვათაშორის, სასარგებლო თვისებებს ნიორი თერმული დამუშავების დროსაც ინარჩუნებს, ამიტომ წვნიანსა და სალათთან ერთად, მისი მირთმევა მოთუშულ ბოსტნეუთან ერთადაც შეიძლება, განსაკუთრებით ეფექტურია ნიორი გრიპის ეპიდემიისას, რადგან მისი წყალობით ორგანიზმი ბევრად აქტიურად ებრძვის ვირუსს.

სტაფილო – კაროტინი, რომელსაც დიდი ოდენობით შეიცავს სტაფილო, მირთმევის შემდეგ ორგანიზმში А ვიტამინად იქცევა. ამასთანავე, სტაფილო, რომლის მიღება განსაკუთრებით ეფექტურია მწვანე ვაშლთან ერთად სალათში ან წვენი სახით, წმენდს სისხლს და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, არეგულირებს მეტაბოლიზმს და აქტიურებს ორგანოების მუშაობას. თუმცა, სატაფილოს, ისე როგორც ნებისმიერი სხვა სასრგებლო პროდუქტის მირთმევა ზომიერადაა საჭირო, რადგან გადაჭარბების შემთხვევაში პატარას ღვიძლი ვერ შეძლებს კეროტინის გადამუშავებას და კანი გაუყვითლდება.

თევზი – ომეგა 3-ის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზი აძლიერებს იმუნიტეტს და ამაგრებს სისხლძარღვებს, ფოსფორი და იოდი კი,  ააქტიურებს ტვინის მუშაობას და უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებას. გაითვალისწინეთ, რომ თევზის დაგემოვნება პატარას მხოლოდ 2 წლიდან შეუძლია დეგუსტაცია კი, უმჯობესია ნაკლებად ცხიმიანი  თევზით დაიწყოს.

თხილი – ცნობილი ანტიოქსიდანტით Е ვიტამინით და ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თხილი, რომელიც მცენარეულ ცხიმს წარმოადგენს,  ღირებულებით კი,  პრაქტიკულად ცხოველურ ცილას უთანაბრდება, ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ზრდას და უზრუნველყოფს სისხლძარღვების ელასტიურობას. პირველად თხილი პატარამ 5 წლის ასაკში უნდა გასინჯოს, მანამდე კი, დარწმუნდით, რომ არ აღენიშნება პროდუქტზე ალერგია.

ზეითუნის ზეთი – უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ზეთი, რომელსაც ძველბერძნები “თხევად ოქროს” უწოდებდნენ და ხშირად ვალუტის ნაცვლადაც იყენებდნენ, ეფექტურად ებრძვის ქოლესტერინს, ხელს უწყობს მოზარდი ორგანიზმის ძვლის სისტემის განვითარებას და ამაგრებს ნაწლავების კედლებს. ზეითუნის ზეთის შეთავაზება პატარასთვის 7 თვიდან შეგიძლიათ წვნიანში ან ბოსტნეულის სალათში ერთი წვეთის დამატებით.

მსგავსი თემები