LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვეში საქართველოში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა

164
Capture

2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219-მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სოციცხლე სუიციდით დაასრულა – სტატისტიკაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დღეს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და ქვეყანას პრევენციის პროგრამა შემუშავებული არ აქვს.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებითაა გამოწვეული.

„სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც გარკვეული შემთხვევები ძალიან ტრაგიკულად სრულდება, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისკენ. გარკვეულ სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე. სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს ე.წ. სტაციონარული ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში შარშან პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები