LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო ფილმი და სერიალი – რას ვუყუროთ კარანტინის დროს?

5803
Moviescarntn

ვიდრე კორონავირუსის გამო სახლში ძალიან დიდი დროის გატარება გვიწევს, ჩვენი მთავარი გასართობი ალბათ მაინც კინოა. თუმცა, შეიძლება სირთულე შექმნას იმან, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს განსხვავებული გემოვნება აქვთ. მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობს შესანიშნავი ფილმები და შოუები, რომლებიც მთელი ოჯახისთვის არის განკუთვნილი. წარმოგიდგენთ იმ სერიალებს და ფილმებს, რომლების ყურებაც თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ. გარწმუნებთ, ყველა კმაყოფილი დარჩება…

სერიალები:

“დაუნტონის სააბატო” / Downton Abbey (2010-2015)

რომანტიკული დრამა, საოჯახო

IMDB: 8.7

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრიტანული სერიალი XX საუკუნის დასაწყისის ინგლისზე მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრშია ბრიტანელი არისტოკრატების, კროულების ოჯახი. სერიალში ასახულია ამ პერიოდის ინგლისში განვითარებულ ტექნიკურ პროგრესსა და ქალთა ემანსიპაციასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო მოვლენები . არისტოკრატების ფონზე, მოთხრობილია უბრალო ხალხის ცხოვრების შესახებაც. “დაუნტონის სააბატო” ემის და ოქროს გლობუსის მფლობელი და გინესის რეკორდების წიგნში შესული სერიალია. სერიალის პოპულარობა მისი დასრულების შემდეგაც კი ისეთი დიდი იყო, რომ გასულ წელს გამოვიდა მისი გაგრძელება ფილმის სახით, იგივე სათაურით – “დაუნტონის სააბატო”.

“ეს ჩვენ ვართ” / This is Us (2016- )

კომედია, რომანტიული დრამა, საოჯახო

IMDB: 8.7

სერიალი პირსონების ოჯახის შესახებ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ახალგაზრდა წყვილი სამ ტყუპს ელოდება, თუმცა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ ხერხდება. პირსონები გადაწყვეტენ სამშობიაროში მიყვანილი მიტოვებული ბავშვი იშვილონ და სახლში სამი ბავშვით დაბრუნდნენ…
“ეს ჩვენ ვართ” არის სერიალი ოჯახურ ურთიერთობებზე და ოჯახის ძალაზე. სერიალს მოგებული აქვს 3 ,,ემი” და 1 ,,ოქროს გლობუსი”. ამ დროისათვის გამოსულია მისი 4 სეზონი.

“ენი” / Anne with an E (2016-2019)

საოჯახო დრამა

IMDB: 8.6

ლოსი მოდ მონტგომერის წიგნის, “ენი მწვანე სახურავების სახლიდან” კიდევ ერთი შესანიშნავი ეკრანიზაცია. სერიალი ობოლი თინეიჯერის, ენ შირლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ენი მეოცნებე გოგონად რჩება, რომელიც არასოდეს კარგავს იმედს. შემთხვევის წყალობით იგი და-ძმა კატბერთების ოჯახში ხვდება, რომლებიც მის შვილად აყვანას გადაწყვეტენ…

“უცნაური ამბები” / Stranger Things (2016 – )

დრამა, საოჯახო, ფანტასტიკა, ჰორორი

IMDB: 8.8

“ნეტფლიქსის” ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში მოქმედება 1980-იან წლებში,აშშ-ის შტატ ინდიანას გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში ხდება. მას შემდეგ რაც პატარა ბიჭუნა, სახელად უილი უჩინარდება, მის ძებნას ოჯახსა და პოლიციასთან ერთად მისი მეგობრებიც იწყებენ. უილის მეგობრებს ამაში დაეხმარებათ გოგონა, რომელსაც ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს. ამ ეტაპზე “უცნაური ამბების” 3 სეზონია ხელმისაწვდომი, სერიალის მე-4, ფინალური სეზონი კი წესით და რიგით, წელს გამოვა ეკრანებზე, თუმცა მისი პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“კოსმოსში დაკარგულები” / Lost in Space( 2018- )

სათავგადასავლო, ფანტასტიკა, საოჯახო

IMDB: 7.3

კიდევ ერთი სერიალი ფანტასტიკის და სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულებისათვის მოგვითხრობს რობინსონების ოჯახზე, რომელიც სხვა ადამიანებთან ერთად დედამიწიდან შორს, ახალ პლანეტაზე დასასახლებლად მიფრინავს. კოსმოსური კატასტროფის გამო რობინსონებს სულ სხვა პლანეტაზე მოუწევთ დაშვება. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა დედამიწის ტიპისაა, რობინსონები და მათი თანამგზავრები მალე აღმოაჩენენ, რომ იქ დარჩენა სახიფათოა. სერიალის მოქმედება ახლო მომავალში, 2046 წელს ვითარდება.
ამ დროისათვის გამოსულია სერიალის 2 სეზონი.

ფილმები:

“კოკო” / Coco (2017)

ანიმაცია, საოჯახო, დრამა

IMDB: 8.4

ოსკაროსანი ანიმაცია “კოკო” პატარა მექსიკელი ბიჭის, მიგელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პატარა მექსიკურ სოფელში ცხოვრობს და მუსიკოსობაზე ოცნებობს. თუმცა მიგელის ოჯახში მუსიკას მაინც და მაინც არ სწყალობენ. სრულიად შემთხვევით, მიგელი გარდაცვლილთა მუსიკითა და ფერებით აღსავსე სამყაროში ხვდება და მოულოდნელად, თავისი ოჯახის საიდუმლოს ამოხსნას შეძლებს.

“პატარა მის ბედნიერება” / Little Miss Sunshine (2006)

საოჯახო, კომედია, დრამა

IMDB: 7.8

საუკეთესო ფილმის იმის შესახებ, რომ მთავარია არა შედეგი, არამედ პროცესი.
ფილმის მთავარი გმირი ოლივი გადაწყვეტს, გახდეს სილამაზის კონკურსის, „პატარა მის ბედნიერების“ მონაწილე. კონკურსზე მას მთელი ოჯახი მიჰყვება, რომლის წევრებიც არიან: უიღბლო მამა, იმპულსური დედა, ძმა, რომელმაც დუმილის აღთქმა დადო, ნარკომანი ბაბუა და სუიციდის ზღვარზე მყოფი ბიძა.

ვინაიდან ოჯახს არც ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ისინი კონკურსზე ფოლკსვაგენის ყვითელი ფურგონით მიემგზავრებიან. მგზავრობისას ოჯახის წევრები ერთმანეთის შესახებ ბევრ ახალს აღმოაჩენენ და უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს…

“მახე მშობლებისთვის” / The Parent Trap (1998)

რომანტიული კომედია, საოჯახო

IMDB: 6.5

ტყუპი დები, რომლებიც განქორწინებულმა დედამ და მამამ დაბადების შემდეგ დააშორეს ერთმანეთს, შემთხვევით ხვდებიან საზაფხულო ბანაკში. ენი და ჰოლი გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ და შესაბამისად ერთი მათგანი გაემგზავრება დედასთან, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს, მეორე კი მამის გასაცნობად მიდის. ტყუპების მიზანია კვლავ შეახვედრონ ერთმანეთს მშობლები…

“თქვენთვის წერილია” / You’ve Got Mail (1998)

რომანტიული კომედია, საოჯახო

IMDB:6.6

კეიტლინ კელის წიგნების პატარა მაღაზია აქვს, თუმცა მისი ბიზნესი სულ უფრო და უფრო უკან მიდის მას შემდეგ, რაც იმავე ქუჩის კუთხეში ჯო ფოქსი, წიგნის მაღაზიათა ქსელის მფლობელი ახალ,უზარმაზარ მაღაზიას ხსნის. ამის გამო კეიტლინს და ჯოს არც ისე მეგობრული ურთიერთობა აქვს. არც ერთმა მათგანმა არ იცის, რომ ანონიმური რომანტიული წერილების გასაცვლელ ვებ-გვერდზე ისინი სწორედ ერთმანეთს უგზავნიან წერილებს.

“მეოჯახე” / The Family Man (2000)

დრამა, საოჯახო, საშობაო

IMDB:6.7

ჯეკ კემპბელი წარმატებული და ნიჭიერი ბიზნესმენია, რომელიც მარტო ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ყველაფერი აქვს, რაზეც ოცნებობს. ასეა იქამდე, ვიდრე მისტიურ უცნობთან მისი შემთხვევითი შეხვედრა ყველაფერს არ შეცვლის. მეორე დილას ჯეკი განსხვავებულ რეალობაში იღვიძებს და ხვდება, რომ სწორედ ასეთი ცხოვრება ექნებოდა, ლონდონში სასწავლებლად წასვლაზე უარი რომ ეთქვა და თავის შეყვარებულზე, ქეითზე დაქორწინებულიყო. თავიდან ჯეკს მხოლოდ ძველი ცხოვრების დაბრუნება სურს, შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ ოჯახი არის ის, რაც მას სრულყოფილი ბედნიერებისათვის აკლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები