LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რეჟისორის 5 საუკეთესო ფილმი, რომელიც მათი შემოქმედების ,,სავიზიტო ბარათად” იქცა

1768
directorsnews-2021-04-06-08-50-08-993934

რა თქმა უნდა, ნიჭიერ რეჟისორებს ძლიერი ნამუშევრებიც მრავლად აქვთ, თუმცა ყველა ოსტატმა მაინც ერთი გამორჩეული ფილმით გაითქვა სახელი, რომელიც საკუთარი შემოქმედების ,,სავიზიტო ბარათად” აქცია.

კრისტოფერ ნოლანი “დასაწყისი” (Inception) – მართალია, სამეცნიერო-ფანტასტიკური ტრილერი, რომელიც გაცნობიერებული სიზმრების იდეის საფუძველზე შეიქმნა, ჟანრობრივად ძარცავზე შექმნილ ფილმს ჰგავს, თუმცა ტრადიციულ ბოევიკებისგან განსხვავებით, ნოლანის ნამუშევარში გმირების მიზანს არა კონკრეტული ნივთის გატაცება, არამედ მსხვერპლის ცნობიერებაში სასურველი იდეის შთაგონება წარმოადგენს. ვიზუალური ეფექტებით გამორჩეულ ფილმში სამსახიობო დასიც ფანტასტიკური შეიკრიბა. მთავარი როლები  ლეონარდო დი კაპრიომ, ტომ ჰარდიმ, მარიონ კოტიარმა, მაიკლ კეინმა, ელენ პეიჯმა და კენ ვატანებემ შეასრულეს.

სტივენ სპილბერგი “შინდლერის სია” (Schindler’s List) – ისტორიულმა დრამამ, რომელიც თომას ქენილის რომანის “შინდლერის კიდობნის” მიხედვით შეიქმნა, პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული კინოპრემია მოიპოვა და მსოფლიო კინოს შედევრების ნუსხაში შევიდა, თავად სპილბერგმა კი, რომელიც მანამდე ფართო აუდიტორიაზე გათვლილი გასართობი ფილმების ოსტატად ითვლებოდა, სერიოზული დრამატული რეჟისორის რეპუტაცია შეიძინა და ახალ ამპლუაში მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

მარტინ სკორსეზე “ტაქსის მძღოლი” (Taxi Driver) – დრამამ რობერტ დენიროს მონაწილეობით, რომელიც 1976 წელს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა, არა მხოლოდ მარტონ სკორსეზეს მოუტანა წარმატება, არამედ ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ამერიკულ კინოში, რადგან სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ე.წ. ახალ ჰოლივუდურ კინოს, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებული თემები წამოსწია წინა პლანზე.

ბილი უაილდერი “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” (Some Like It Hot) – მართალია, უაილდერის ფილმი რიშარ პოტიეს ფილმის “სიყვარულის ფანფარების” მოტივებზე შეიქმნა, მაგრამ ფრანგული მელოდრამისგან განსხვავებით, რომელიც თავიდანვე მარცხად შეფასდა, ამერიკული ვერსია მსოფლიო კინოს კლასიკად იქცა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. აღსანიშნავია, რომ ფილმმა არა მხოლოდ მის ავტორს, არამედ მთავარი როლის შემსრულებელს – მერლინ მონროს მოუტანა აღიარება, რომლისთვისაც სწორედ ექსცენტრიკული კომედია იქცა საუკეთესო ნამუშევრად.

ალფრედ ჰიჩკოკი “ჩიტები” (The Birds) – სასპენსის ოსტატის ნამუშევარმა, რომელმაც თითქმის ყველა ჟანრი გააერთიანა – ფანტასტიკური ტრილერით დაწყებული, ტრადიციული მელოდრამით დასრულებული, არა იმდენად ორიგინალური სიუჟეტის, რამდენადაც ვიზუალური ეფექტების წყალობით იქცა შედევრად. მართალია, ჰიჩკოკს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა ვერც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლეს მაყურებელზე მსგავსი ეფექტის მოხდენა.