ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის ცენტრში „ჰოლიდეი ინნ“ – ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა. თელავში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. „ჰოლიდეი ინნ“ – ი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მომუშავე პირველი სასტუმროა თელავში. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს და 65 ადამიანი დასაქმდა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა მომეცა, თელავში სასტუმრო „ჰოლოდეი ინნ“-ის ოფიციალური გახსნა მიმელოცა მისი მესვეურებისთვის. არაჩვეულებრივი ობიექტი შეემატა კახეთს, თელავს, დასაქმდა 65 ადამიანი. სასტუმრო ჯერ კიდევ სატესტო მუშაობის პერიოდშიც კი 50%-ზე მეტად იყო დატვირთული, დღეიდან კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმროს გახსნისას. ნათია თურნავას განცხადებით, თელავის „ჰოლიდეი ინნ“ – ი კარგი დასასვენებელი ადგილია როგორც შაბათ-კვირის, ისე არდადეგების გასატარებლად.

85 ნომრიან სასტუმროში, საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა ბრენდმა. სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალური მყუდრო სივრცით სტუმრების გასართობად და სამუშაოდ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი “ბატონთან” ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, ხოლო მეხუთე სართულზე ევროპული რესტორანი და ბარი „იბერიკო“, საუკეთესო ხედით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს ღია ტიპის საცურაო აუზით პანორამული ხედებით, საუნით, ორთქლის აბანოთი და თანამედროვე სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე.

მსგავსი თემები