LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი, რომელიც მზიან იტალიაში გამოგზაურებთ

4255
mvswsnnnws

ამ დროისათვის იტალიაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოგზაურობა მხოლოდ ვირტუალურად არის შესაძლებელი. ყველა მოგზაურობა გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა, ვიდრე კარანტინის წესებს ვიცავთ და სახლში ვრჩებით, მაინც შეგვიძლია თვალი შევავლოთ პიცის და მაკარონის სამშობლოს შესანიშნავ პეიზაჟებს. ეს 5 ფილმი დაგეხმარებათ კიდევ ერთხელ დატკბეთ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყნის, იტალიის ბუნებით და ხედებით.

,,წერილები ჯულიეტასთვის” / Letters To Juliet (2010)

სენტიმენტალური მელოდრამა ამანდა სეიფრიდის მონაწილეობით იტალიის დაუვიწყარი პეიზაჟების ხედით ანებივრებს მაყურებელს.
სოფი, რომელიც მწერლობაზე ოცნებობს, საქმროსთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ქალაქში, ვერონაში მიემგზავრება. ჯულიეტას სახლში სტუმრობისას სოფი ძველ სასიყვარულო წერილს იპოვის, ერთ-ერთს იმ მრავალთაგან, რომლებსაც უიმედოდ შეყვარებულები ჯულიეტას სწერენ და კედლებზე მიკრულს ტოვებენ. სოფი გადაწყვეტს თავის ნაპოვნ წერილს ჯულიეტას სახელით უპასუხოს, თუმცა არ იცის როგორ შეცვლის ეს წერილი მის ცხოვრებას…

,,რომში სიყვარულით” / To Rome With Love (2012)

ვუდი ალენის ამ მხიარულ, ირონიულ და დამატყვევებელ კინოსურათს ნამდვილად შეუძლია გახდეს გზამკვლევი იტალიის დედაქალაქში მოგზაურობის მსურველთათვის. აქ ყველაფერია – რომის ვიწრო ქუჩები, უზარმაზარი პროსპექტები, ხალხმრავალი ადგილები და ძველი ქალაქის ნანგრევები. თუ ამ ყველაფერს ალეკ ბოლდუინის, პენელოპა კრუსისა და ჯესი აიზენბერგის სამსახიობო ოსტატობას, საინტერესო სიუჟეტს და შესანიშნავ დიალოგებსაც დავუმატებთ, ნამდვილად შესანიშნავი ფილმის რეცეპტს მივიღებთ.

,,მოპარული სილამაზე” / Stealing Beauty (1996)

ბერნარდო ბერტოლუჩის კინოკლასიკა, რომელშიც მთავარ როლს ლივ ტაილერი და ჯერემი აირონსი ასრულებენ, სხვა მრავალი კინოღირსების გარდა იმითაც გამოირჩევა, რომ იტალიის შესანიშნავ ხედებს გვთავაზობს. დედის თვითმკვლელობის შემდეგ ამერიკელი გოგონა ლუსი იტალიაში მიემგზავრება. იგი ტოსკანაში სტუმრობს მეგობრებს და ნამდვილ სიყვარულსაც ხვდება.

,,დიდი ლაქა” / A Bigger Splash (2015)

ოსკაროსანმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ, რომელიც ჟაკ დერეს ლეგენდარული ფილმით, “აუზით” იყო შთაგონებული, 2015 წელს “დიდი ლაქა” გადაიღო. ფილმის მოქმედება სარდინიასთან ახლოს მდებარე კუნძულზე, პანტელერიაზე ვითარდება. ფილმში მთავარ როლებს ტილდა სვინტონი, მატიას სქოინაერტსი, რალფ ფაინსი და დაკოტა ჯონსონი ასრულებენ.
როკ-ვარსკვლავისა და რეჟისორის ცნობილი წყვილი შვებულებას კუნძულზე ატარებს, თუმცა მათ იდილიას მოულოდნელი სტუმრები – ძველი მეგობარი და მისი ქალიშვილი არღვევენ…

,,დამიძახე შენი სახელი” / Call me by your Name (2017)

ლუკა გუადანინოს კიდევ ერთი ფილმი იტალიის შესანიშნავი ხედევით, რომელიც ნამდვილად შეძლებს თქვენს მეგზურობას ამ ულამაზეს ქვეყანაში. ფილმში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და არმი ჰამერი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი 1983 წლის ზაფხულში, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქ კრემაში ვითარდება. 17 წლის ელიო პერლმანი, რომელიც ოჯახთან ერთად მე-17 საუკუნის საგვარეულო სახლში ისვენებს, მამამისის ამერიკიდან ჩამოსულ დოქტორანტს, ოლივერს ხვდება. ფილმი სწორედ ოლივერის და ელიოს ნაცნობობის, მეგობრობის და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.