LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი ლაჟვარდოვან სანაპიროზე მოგზაურობისთვის

756
bluesky-movies

ევროპული, პირველ რიგში ფრანგული ფილმები ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევა, რადგან ყველაზე მარტივი ისტორიაც კი, არაჩვეულებრივი ბუნებრივი დეკორაციების ფონზე ვითარდება, რაც ნებისმიერ ფილმს განუმეორებელი თვითმყოფადი ატმოსფეროთი ავსებს.

“ქურდის დაჭერა” (To Catch a Thief, 1955)ალფრედ ჰიჩკოკის მსუბუქი დეტექტვი გრეის კელისა და კერი გრანტის მონაწილეობით მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობაა, რადგან საინტერესო სიუჟეტი, საფრანგეთის სამხრეთის ულამაზესი პეიზაჟები და  გრეის კელის მდიდრული კოსტუმები ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს.

“და ღმერთმა შექმნა ქალი” (And God Created Woman, 1956) – დრამა, რომელიც როჟე ვადიმმა ბრიჯიტ ბარდოსა და ჟან-ლუი ტრენტინიანის დუეტთან ერთად შექმნა, დიდი ხანია მსოფლიო კინოს კლასიკად ითვლება, თუმცა 1950-იან წლებში ფრანგულმა ცენზურამ ფილმი ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნია და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მის გაქირავებაში ჩაშვებას.

“გამარჯობა, სევდავ” (Bonjour Tristesse, 1958) – ფრანსუაზა საგანის ამავე სახელწოდების რომანის პირველი ეკრანიზაცია, რომელიც ოტო პრემინგერმა ჯინ სებერგთან და დევიდ ნივენთან ერთად განახორციელა, ახალგაზრდა ქალის ისტორიაა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში ატარებს ზაფხულს და ერთნაირი წარმატებით ახერხებს შეყვარებას და შეძულებას, სიხარულის და სევდის განცდას.

“აუზი” (La Piscine, 1969) – ჟაკ დერეს დრამა რომი შნაიდერისა და ალენ დელონის მონაწილეობით, საუკეთესო ნიმუშია ბალანსისა მსუბუქ სიუჟეტსა და მთავარი პერსონაჟების მოზღვავებულ ვნებებს შორის, რომელთა ჩახლართული ურთიერთობების თვალის დევნება სულ უფრო საინტერესო ხდება, მით უფრო, რომ ფილმი ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 60-იანი წლების ლაჟვარდოვანი სანაპიროს არაჩვეულებრივ ატმოსფეროს.

“მონაკოს პრინცესა” (Grace of Monaco, 2014) – ჰიჩკოკის და კელის ერთობლივი ნამუშევრის ნახვის შემდეგ მართლაც საინტერესო იქნება თავად გრეის კელის ახლოს გაცნობა ოლივიე დაანის ბიოგრაფიული ფილმში, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანმა განასახიერა.