LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-5-ჯერ კვება – როგორი უნდა იყოს ბავშვის მენიუ შემოდგომა-ზამთარში

ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სწორი და ჯანსაღი კვება წარმოადგენს. არასაკმარისი კვების რაციონი ხშირად სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვის საკვები მდიდარი იყოს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით.

ამჯერად რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის მენიუ შემოდგომა-ზამთარში, ისე, რომ მისი იმუნიტეტი გავაძლიეროთ და ენერგია შევმატოთ.

პედიატრები გვირჩევენ, რომ ბავშვს სეზონური საკვები აუცილებლად მივცეთ, მაგალითად შემოდგომა-ზამთარში მოზარდმა ხილი და ბოსტნეული სეზონურად მიიღოს და უპირატესობა ჩვენს მიწაზე მოყვანილს მივანიჭოთ, რადგან ჩამოტანილს ტრანსპორტირებისას ძალიან ბევრი დანამატი აქვს, რაც ხილს საჭირო ვიტამინებს აკარგვინებს. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, ორგანიზმმა მიიღოს ნახშირწყლები და ცხიმები, ცილების მიღება კი, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. საღამოს კარგია ცილები და მწვანე ბოსტნეული.

რადიო „ფორტუნა“ ესაუბრა პედიატრ ეკა უბერს, რომელმაც კონკრეტული რჩევები მისცა ჩვენს მკითხველს, თუ როგორ უნდა იკვებოს მოზარდი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

სეზონის მიხედვით უნდა იყოს გათვალისწინებული მრავალფეროვანი კება ბავშვისთვის, აცხადებს ეკა უბერი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის კვება იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი. აუცილებელია, ბავშვმა საკვები მიიღოს სეზონური, ანუ ხილი და ბოსტნეული, რაც არის ამ სეზონზე შემოსული, ყველა პროდუქტი საჭიროა ბავშვის იმუნიტეტისთვის,“ – აცხადებს პედიატრი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ეკა უბერის განმარტებით, დაბალანსებული კვება შეადგენს საათობრივ კვებასაც.

„ყველაზე აუცილებელი რამ მინდა აღვნიშნო, ბავშვმა აუცილებლად დღეში 4-5-ჯერ უნდა მიიღოს საკვები. აუცილებელი პირობაა, რომ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მოზარდმა ყოველდღიურად მიიღოს, ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიოთ, არის ის, რომ ბავშვს რაც შეიძლება გვიან ასაკში დააწყებინეთ ცხიმების მიღება. შესაბამისად, მოზარდის კვება უნდა შედგებოდეს მოხარშულებით, შეეცადეთ მაღაზიაში ფერად-ფერადი უცნობი კანფეტები ამოიღოთ და რაიმე სხვა პროდუქტით ჩაუნაცვლოთ. ასევე, ზრდისთვის და იმუნიტეტისთვის ძალიან კარგია რძის პროდუქტები, შეეცადეთ, ბავშვს ერთი კვება მაინც ჰქონდეს რძის პროდუქტებისგან შემდგარი,“ – ამბობს ეკა უბერი.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ენდოკრინოლოგ ეკატერინე ფაცაციას და გავარკვიეთ, თუ როგორია მოზარდის დაბალანსებული კვება, რისგან უნდა შედგებოდეს რაციონი და რა არის ამ სეზონზე უპირატესი.

 

“კვების ჯერადობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. მოზარდის კვება არ უნდა იყოს დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, მას სჭირდება დღეში 6-ჯერ კვება და ყველა მათგანის რაციონი უნდა იყოს სწორად დაბალანსებული.

„მოზარდს კვება 5-6-ჯერ სჭირდება დღის განმავლობაში, მცირე-მცირე ულუფებით, აქედან 3-4-ჯერ ძირითადი კვება და დანარჩენი უკვე წახემსება. აუცილებელია, რომ თევზი, ხორცი, ბოსტნეული და ხილი ყოველდღიურ რაციონს შეადგენდეს,“ – განაცხადა ენდოკრინოლოგმა ეკატერინე ფაცაციამ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, მშობლები განსაკუთრებით უნდა დააკვირდნენ, თუ რას აჭმევენ მოზარდს და კარგად შეურჩიონ დღის რაციონი.

„მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვებს ფუნთუშეული, ცომეული, ტკბილეული, მარილი, შაქარი, სწრაფი კვების ობიექტები მკაცრად ამოიღონ ცხოვრების წესიდან. ამ ყველაფერს ძალიან ცუდ შედეგამდე შეუძლია მიიყვანოს მოზარდი. საერთოდ, რაც უფრო ჯანსაღს და ამავდროულად, ჩვენს მიწაზე მოყვანილ საკვებს მივცემთ ბავშვს, მით უფრო ჯანმრთელი და ენერგიული იქნება ის,“ – ამბობს ეკატერინე ფაცაცია რადიო „ფორტუნასთან“.

როგორც ხედავთ, ბავშვის კვება და მისი რაციონი ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის, ჯანმრთელობისა და ძლიერი იმუნიტეტისთვის.

ნუცა სალუქვაძე

პოპულალურები