LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

39:24 – საქართველომ ჯაჯგურით მოიგო: პორტუგალია გაგვიძალიანდა, წინ კი რუსეთია

211
84527190-2805319256231822-719421444580179968-o

საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი პორტუგალიასთან გამართა, ოღონდ თამაში არა პორტუგალიის რომელიმე ქალაქში, არამედ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, “სტად ჟან ბუენზე“ ჩატარდა. ეს თავად მასპინძელთა თხოვნა იყო, რომელთაც იმედი ქონდათ ადგილობრივი დიდი სათვისტომოს გამო გულშემატკივარი არ მოაკლდებოდათ. აღსანიშნავია, რომ ამ 20-ათასიან არენაზე მოედანი ხელოვნუსაფარიანია. ქომაგი კი ქართველებსაც ყავდათ და ქართული დროშებიც შესამჩნავად ფრიალებდნენ.

თამაში დიდწილად თანაბარი გამოდგა, პორტუგალიამ ცოტა მოულოდნელად მეტი წინააღმდეგობა გაგვიწია და მოგებაც ჯაჯგურის გარეშე არ გამოვიდა – 39:24.

პორტუგალიის დამარცხებით ბორჯღალოსნები ერთი ტურით ადრე გახდნენ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები, რაც ისტორიაში მეთორმეტედ მოხდა.

თამაში

იყო დრო პორტუგალიასთან ჩვენი გუნდი სასეირნოდ მიდიოდა, თანდათან ამხელა სხვაობა შემცირდა და ახლაც სულ ვუგებთ პირენეელებს, მაგრამ უკვე მეტი ოფლისღვრა გვჭირდება. უნდა აღინიშNოს, რომ მეტოქემ კარგი რაგბი ითამაშა და ნამდვილად იმსახურებს ქებას.

მატჩი ჩვენი ქულებით დაიწყო. ლელო შალვა მამუკაშვილმა დადო, პლუს გარდასახვა და – 0:7. ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიშის გაყაიმება მოახერხეს, მაგრამ ბექა გორგაძის, კაპიტნის ლელომ ისევ დაგვაწინაურა – 7:12. მერე პორტუგალიამ საერთოდ წინ გასვლა მოახერხა, თუმცა ტაიმი მაინც გამარჯვებულებმა დავამთავრეთ. დავით კაჭარავამ თავის 122-ე მატჩში სანაკრებო მატჩში 25-ე ლელო დადო და წარმატებული გარდასახვის გამო ტაიმი 17:14 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. პორტუგალიამ ლელო დაგვიდო და დაწინაურდა – 21:17.  მაგრამ მალევე დავწინაურდით. ლელო ბექა საღინაძემ კიდეზე დადო და 22:21 წინ გავედით. დაახლოებით 6 წუთში ჯარიმით ისევ მასპინძლები აღმოჩნდნენ წინ – 24:22.
ასე 5-6 წუთში გადამწყვეტი ეპიზოდი მოხდა. ჩვენებმა მაგრად შეუტიეს, ლელომდე ცოტა გვაკლდა, როდესაც მეტოქემ ჯარიმით ჩაშალა შეტევა და მსაჯებმა ულაპარაკო საჯარიმო ლელო მოგვცეს. ეს 7-ქულიანი ჯარიმა იყო – 29:24 დავწინაურდით. თან ამის გამო პორტუგალიას კაცი გაუგდეს. ამის მერე მეტოქე გავტეხეთ და ცალკარა წავიდა. ჩვენებმა სულ მალე შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს და ბურთი პირით ხაზს იქით დემე თაფლაძემ დაამიწა – 34:24. კიდევ ცოტა ხანში კი ლელო სოსო მათიაშვილმა დადო და 39:24 უკვე თამაშის დამთავრებას ნიშნავდა.

 

შემადგენლობა

ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში ორი დებიუტანტი გამოჩნდა.
მარქაფაში მოხვდნენ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ქუთაისის “აიას” შუამარბი ლაშა ლომიძე.

ცვლილებები მოხდა ძირითად შემადგენლობაშიც: ორი კვირის წინ ბელგიასთან 78:6 მოგებული მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტოში ერთბაშად რამდენიმე მორაგბე შეცვალა.

სრულად განახლდა შერკინების პირველი ხაზი და თამაში გიორგი თეთრაშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და ლევან ჩილაჩავამ დაიწყეს.
დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა, რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი ორი კვირის წინ, ბელგიასთან ჰქონდა. მას დავით გიგაური შეუწყვილდა.
მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ, ასევე ფლანკერმა გიორგი თხილაიშვილმა. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იყო.
შეიცვალა ღერძი და 9 ნომრის პოზიციაზე თამაში გიორგი ბეგაძემ, ხოლო მგეზავად ლაშა ხმალაძემ დაიწყეს.

ცენტრში გამოცდილი მორაგბეები – ლაშა მალაღურაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ. მალაღურაძესთვის ეს 99-ე კეპი იყო და თუ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუსეთის წინააღმდეგაც ითამაშა, მეოთხე ქართველი ცენტურიონი გახდება, ხოლო კაჭარავა საფრანგეთში 122-ე კეპს მოიხვეჭს.

ფრთებზე გამოცდილი ალექსანდრე თოდუა და ახალბედა დემე თაფლაძე ვიხილეთ. ფულბეკი წინა შეხვედრის მსგავსად სოსო მათიაშვილი იყო.

დებიუტანტების გარდა, მარქაფაში მოხვდნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე, გამოცდილი მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი, ასევე გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

„გვყავს შემადგენლობა, სადაც არიან როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით გამოუცდელი მორაგბეები. გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელთაც როგორც ეროვნულში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებებში, საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდათ. ჩვენ გუნდს არ ვყოფთ ასაკის, ან გამოცდილების მიხედვით და ვცდილობთ ყველა თამაშის წინ დავაბალანსოთ შემადგენლობა, მივცეთ მორაგბეებს სათამაშო დრო“ – თქვა მატჩის წინ ჩვენმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

 

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი);

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.).

შეცვლაზე შევიდნენ თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლაშა ლომიძე (აია).

 

ახლა ყველაზე პრინციპული თამაში გველოდება. ერთ კვირაში, 14 მარტს თბილისში რუსეთს უნდა ვუმასპინძლოთ. მატჩი მიხელ მესხზე 16:00 საათზეა ჩანიშნული. იმედი ვიქონიოთ, რომ კორონავირუსის გამო ამ მატჩს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება, თამაშიც ჩატარდება, ხალხიც ჯანმრთელად იქნება და ქომაგობის საშუალებაც მიეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები