LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 101 მილიარდ ლარს მიაღწევს: ფინანსთა მინისტრი

54
ლაშა ხუციშვილი

2026 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 101 მილიარდ ლარს მიაღწევს – განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, 2023 წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რის შედეგადაც მშპ-ის ზომა მიმდინარე ფასებში 80 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2022 წლის მოსალოდნელი მშპ 72 მილიარდ ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. 2023 წლისთვის მცირდება ბიუჯეტის დეფიციტის ნიშნული და ის 3%-ზე მცირე იქნება, ხოლო სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 40%-ს ჩამოსცდება.

“ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე მცირდება, ხოლო ვალის მოცულობა ჩამოსცდება 40%-ის ნიშნულს. მშპ-ის ზრდა გათვალისწინებულია 5%-ის ოდენობით და ესაა კონსერვატიული მიდგომით დაგეგმილი. მშპ-ის ზომა 2023 წელს 80 მილიარდ ლარამდე მიაღწევს. 2020 წლის შემდეგ, დაახლოებით, 30 მილიარდით გაიზარდა მშპ-ის მოცულობა. რაც შეეხება ერთ მოსახლეზე მშპ-ს ზომას, ის გადააჭარბებს 7.5 ათას დოლარს, რაც ბუნებრივია, მაღალი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ იმ ზრდის ტემპს, რაც წინა წლებში არსებობდა. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2026 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ მშპ-ის ზომა იქნება 101 მილიარდი ლარი და ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით 9.5 ათასი დოლარი,” – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილმა დღესვე წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე ისაუბრა.

“ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას აქვს, უზრუნველყოფს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: პირველ რიგში კი, ექსპორტის ზრდა, რაც მამოძრავებელია ამ ეკონომიკური ზრდის. ასევე ტურიზმის აღდგენა და მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ტურიზმის აღდგენის ხელშეწყობისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმი ამ წელს ხარჯვით ნაწილში 100%-ით იქნება აღდგენილი. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, რომლებმაც საშუალება მისცა ეკონომიკას, მეტად გაზრდილიყო. ამას გარდა, ფიქსირდება მაღალი მოთხოვნა როგორც შინამეურნეობებში, ასევე ბიზნეს აქტივობებში. ბოლო 2-3 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესის ბრუნვა”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.