LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის ჰიტები – ფილმები, რომლებსაც ყველაზე მეტად ველით (ნაწილი I)

345
page

პანდემიის გამო დახურული კინოდარბაზების და გადადებული პრემიერიების შემდეგ კინომოყვარულები სრულიად განსხვავებულ 2021 წელს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის შემოსვლის ზუსტი თარიღიც არ ვიცით, მაინც შეგვიძლია კინოთეატრებში დაბრუნებაზე ვიოცნებოთ და დაველოდოთ წლის ყველაზე საინტერესო პრემიერებს, რომლებსაც მსოფლიო სულმოუთქმელად ელის…

ფილმები, რომლებსაც ყველაზე მეტად ველით (ნაწილი I)

,,მოგზაურობა ამერიკაში 2“ / Coming 2 America

პრემიერის თარიღი: 5 მარტი

1988 წლის საკულტო სათავგადასავლო-კომედიის სიქველი აფრიკის გამოგონილი ქვეყნის, ზამუნდას ყოფილი პრინცის, აკიმ ჯოფერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უკვე აკურთხეს მეფედ. აკიმი ღელავს იმაზე, რომ მხოლოდ ქალიშვილი ჰყავს, ქვეყნის კანონის თანახმად კი მემკვიდრე მხოლოდ მეფის ვაჟი შეიძლება იყოს. მოულოდნელად მისი უდიდებულესობა იგებს, რომ აშშ-ში ჰყავს ვაჟი, რომელზეც არაფერი იცოდა. აკიმი თავის ერთგულ თანაშემწესთან, სემთან ერთად კვლავ ამერიკაში მიემგზავრება, სადაც კიდევ უფრო მომხიბლავი და არაპროგნოზირებადი თავგადასავლები ელის… ფილმის პრემიერა „ამაზონ პრაიმზე“ შედგა.

რაია და უკანასკნელი დრაკონი“ / Raya and the Last Dragon

პრემიერის თარიღი: 5 მარტი

„დისნეის“ მორიგი ულამაზესი ანიმაცია დრაკონების მიერ შექმნილი ჯადოსნური სამყაროს, კუმანდრას შესახებ, სადაც დრაკონები უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ. თუმცა არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე ერთი, უკანასკნელი დრაკონი ბინადრობს, რომლის მოძებნაც ადამიანებმა ყველაზე რთულ მომენტში უნდა სცადონ, რათა საკუთარი სამყარო იხსნან. დრაკონის მოძებნას სწორედ მთავარი გმირი, რაია გადაწყვეტს… კინოთეატრების გარდა, ფილმი ხელმისაწვდომი იქნება არხზე დისნეი +.

სამართლიანობის ლიგა“ – ზაკ სნაიდერის ვერსია – Zack Snyder’s Justice League

პრემიერის თარიღი: 18 მარტი

არხი:  HBO Max

2017 წლის ფილმის, “სამართლიანობის ლიგის“ ზაკ სნაიდერისეული სარეჟისორო ვერსია, რომელშიც მთავარი ანტაგონისტი, დარკსაიდი აღმოჩნდება. ბრიუს უეინი უცხოპლანეტელთა მოახლოებული  შემოჭრის შესახებ შეიტყობს და ხვდება, რომ კაცობრიობის გადასარჩენად მხოლოდ ბეტმენი ვერ იბრძოლებს. სწორედ ამიტომ, პლანეტის საუკეთესო დეტექტივი სუპერძალების მქონე ადამიანების გუნდის შეკრებას გადაწყვეტს…

,,სიკვდილის დრო არ არის“ / No Time To Die

პრემიერის თარიღი: 2 აპრილი

გაზაფხულზე ბონდიანას მორიგ ფილმსაც ვიხილავთ, რომელშიც სუპერ-ჯაშუშის როლს კვლავინდებურად დენიელ კრეიგი მოირგებს. რასაკვირველია ჯეიმს ბონდს, რომელმაც სამსახური დატოვა და იამაიკაზე წყნარ ცხოვრებას მიჰყო ხელი, სიმშვიდე დიდხანს არ უწერია. ყოფილ აგენტ 007-ს ახალ თავგადასავლებში ჩაბმა მას შემდეგ უწევს, რაც  მოულოდნელად ძველი მეგობარი, ფელიქს ლიტერი ეწვევა…

,,ჩუმი ადგილი 2“ / A Quiet Place Part II

პრემიერის თარიღი: 23 აპრილი

  Paramount+, კინოთეატრები

2018 წლის ჰორორის, “ჩუმი ადგილის“ სიქველი პოსტ-აპოკალიფსური მსოფლიოს შესახებ, სადაც სიჩუმე გადარჩენის ერთადერთი გზაა, ეკრანებს მალე დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ჯონ კრაზინსკის ფილმს, რომელშიც მთავარ როლს კვლავ ემილი ბლანტი ასრულებს, მაყურებელი თავდაპირველად მხოლოდ ნიუ-იორკის კინოთეატრებში და „პარამაუნთ +“-ზე ნახავს, 23 აპრილიდან ფილმი აშშ-ის კინოთეატრებში გავა, მისი მსოფლიო პრემიერა კი 17 სექტემბერსაა დაგეგმილი.

,,შავი ქვრივი“ / Black Widow

პრემიერის თარიღი: 7 მაისი

სტუდია „მარველის“ მეოთხე ფაზის პირველი ფილმი  „სუკ“-ის ყოფილი აგენტის და “შურისმაძიებლების” ელიტარული გუნდის წევრის, ნატაშა რომანოფის წარსულის ამბავს მოგვითხრობს და ნათელს ჰფენს  არაერთ კითხვას მის იდუმალ ბიოგრაფიაზე. მაყურებელი გაიგებს, თუ როგორ გახდა ნატაშა „შავი ქვრივი“…

 „გოძილა კონგის წინააღმდეგ“ / Godzilla vs Kong

პრემიერის თარიღი: 21 მაისი

არხი: HBO Max, კინოთეატრები

ფანტასტიკური ექშენ-ფილმი ორი ლეგენდარული კინომონსტრის – რადიოაქტიური მუტანტი-გოძილას და უზარმაზარი გორილა-კინგ-კონგის ეპიკური შერკინების შესახებ. ამ ფილმზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის, ის უბრალოდ უნდა ნახოთ, თანაც აუცილებლად დიდ ეკრანზე!

,,კრუელა“ /  Cruella

პრემიერის თარიღი: 28 მაისი

დისნეის ცნობილი ფილმის,  “101 დალმატინელი”-ს ამბის პრიკველი კრუელა დე ვილის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს და ნათელს ჰფენს დალმატინელის ჯიშის ძაღლებისადმი მისი სიძულვილის ნამდვილ მიზეზს. გლენ ქლოუზის შემდეგ კრუელას როლი ემა სტოუნმა მოირგო.

ფორსაჟი“ 9 – Fast & Furious 9

პრემიერის თარიღი: 28 მაისი

ლეგენდარული ექშენ-ფრენშაიზის მეცხრე ნაწილი ქუჩის რბოლების შესახებ ეკრანზე მაისის ბოლოს დაბრუნდება. დომენიკ ტორეტო ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრობს, თუმცა აღმოაჩენს, რომ წარსულს ვერასდროს გაექცევა…

ფრანგული დისპეტჩერი“ / The French Dispatch

ფილმში მოვლენები მე-20 საუკუნის გამოგონილ ფრანგულ ქალაქში ვითარდება, სადაც ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის დამატებითი გამოცემის, “France Dispatch”–ის განყოფილება მდებარეობს. ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პრემიერა ზაფხულში შედგება.

,,ვენომი 2 : დაე იყოს ქარნიჯი“ / Venom: Let There Be Carnage

პრემიერის თარიღი: 25 ივნისი

ჟურნალისტი ედი ბროკი, რომელიც პირველ ფილმში უცხოპლანეტული სიმბიოტის, ვენომის მატარებელი გახდა, ბნელი წარსულის მქონე ფსიქოპათს, სერიულ მკვლელ  კლეტუს კესიდის დაუპირისპირდება. კლეტუსი, რომელიც ასევე სიმბიოტთანაა გაერთიანებული, ქარნიჯის სახელით ხდება ცნობილი. ის ქალაქში მაშტაბური ხოცვა-ჟლეტის მოწყობას გეგმავს.

,,მინიონები – გრუს აღზევება“ / Minions: The Rise of Gru

პრემიერის თარიღი: 2 ივლისი

პატარა მოუსვენარი არსებების, მინიონების მხიარული თავგადასავლები გრძელდება და ამჯერად ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედის, გრუს ბავშვობაზე მოგვითხრობს. 12 წლის გრუს სუპერ-ბოროტების საიდუმლო ორგანიზაციის,  “ბოროტი ექვსეულის” წევრობა სურს და ამის მისაღწევად გეგმასაც შეიმუშავებს. გრუს ხომ ყველაფერი შეუძლია, რადგან მინიონების სახით ერთგული მიმდევრები ჰყავს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები