LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის 7 პრემიერა „ნეტფლიქსზე“, რომელსაც ველით

745
netflix-movies-news345

„ნეტფლიქსი“ თავის ერთგულ მაყურებელს ყოველთვის ანებივრებს საინტერესო პრემიერებით და გამონაკლისი არც 2020 წელი იქნება. ტრადიციულად, გულდაწყვეტილი არავინ დარჩება: სერიალების მოყვარულებს საყვარელი შოუების ახალი სეზონები ელით, გარდა ამისა, არხზე რამოდენიმე საინტერესო ფილმის და რეალითი შოუს პრემიერაც შედგება. მაშ ასე, რას გვთავაზობს „ნეტფლიქსი“ 2020 წელს?

სექსუალური განათლება / Sex Education

სერიალი, დრამა, კომედია

სეზონი 2, პრემიერის თარიღი : 17 იანვარი

სერიალის პირველ სეზონში მაყურებელი უკვე შეხვდა ოტის მილბურნს და მის მეგობარ მეივს, რომლებმაც მორდეილის საშუალო სკოლაში სექსუალური კონსულტაციის იატაკქვეშა კაბინეტი გახსნეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ოტისს სექსუალური გამოცდილება არ აქვს, იგი დედამისის, პროფესიონალი სექს – თერაპევტის გამოცდილებას და რჩევებს იყენებს თავისი თანატოლების დასახმარებლად. სერიალის მეორე სეზონში 8 ეპიზოდი იქნება.

ყველა ბიჭისთვის, ვინც ოდესმე მიყვარდა / To All the Boys I’ve Loved Before

სერიალი, რომანტიკული კომედია

სეზონი 1, პრემიერის თარიღი: 12 თებერვალი

ჯენი ჰანის რომანტიკული კომედიის პირველი, წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ „Netflix”-მა მისი სიქველის სერიალის სახით გადაღება გადაწყვიტა. 2018 წელს გამოსული ფილმის მთავარი გმირი 16 წლის ლარა ჯინია, რომელიც ყველა ბიჭს, ვინც კი ოდესმე უყვარდა,  გრძელ სასიყვარულო წერილებს სწერს და შემდეგ ინახავს. ლანას ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც მისი წერილები გასაჯაროვდება… სერიალი ორიგინალი ნოველის გაგრძელებაზე „P.S. I still love you”-ზეა დაფუძნებული.

 

Next in Fashion

რეალითი შოუ, სეზონი 1

2020 წელს „ნეტფლიქსზე“ რეალითი შოუს მოყვარულებს ახალი შოუ, „Next in Fashion” ელით. შოუს  პირველი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რეალითი შოუს წამყვანები ალექსა ჩენგი და მოდის ექსპერტი ტან ფრანსი იქნებიან. შოუში მონაწილეობას 18 დიზაინერი მიიღებს, გამარჯვებული კი 250 000 დოლარით დაჯილდოვდება.

„რებეკა“ / Rebecca

გოთიკური დრამა, მისტიკა

იმისთვის, რომ ალფრედ ჰიჩკოკის შემდეგ ვინმემ კიდევ მოჰკიდოს ხელი „რებეკას“ ეკრანიზაციას, ნამდვილად გამბედაობაა საჭირო, რასაც „ნეტფლიქსის“ გუნდი არასოდეს უჩიოდა. 1940 წლის კლასიკური ფილმის მსგავსად, „ნეტფლიქსის“ „რებეკაც“ დაფნა დიუ მორიეს კლასიკურ გოთიკურ რომანს ეფუძნება. ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს არმი ჰამერი, ენ დაუდი, კრისტინ სკოტ-ტომასი და ლილი ჯეიმსი შეასრულებენ. ჯერჯერობით ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, მაყურებელი მას ეკრანებზე 2020 წლის მეორე ნახევარში იხილავს.

„მატრიოშკა“ / Russian Doll

სერიალი, სათავგადასავლო, კომედია, დრამა

სეზონი 2

2020 წელს „ნეტფლიქსს“ სერიალი Russian Doll მეორე სეზონით დაუბრუნდება.პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მეორე სეზონში 8 სერია იქნება. შესაბამისად მაყურებელს კიდევ მიეცემა საშუალება, თვალი მიადევნოს ნადიას თავგადასავალს –  ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც თავის დაბადების დღეზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ნადიას ძველი ცხოვრების დასასრულის დღე მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.

სერიალის მეორე სეზონშიც, ისევე როგორც პირველში, მთავარ როლს ნატაშა ლიონი შეასრულებს.

ედი / The Eddy

სერიალი, მუსიკალური დრამა

სეზონი 1

ოსკაროსანი რეჟისორის, დემიენ შაზელის მუსიკალური დრამა ცნობილი ნიუ-იორკელი პიანისტის, ელიოტ უდოს თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც მშობლიური ქალაქის დატოვებას და პარიზში გამგზავრებას გადაწყვეტს. სერიალში მთავარ როლს ანდრე ჰოლანდი ასრულებს, პრემიერის ზუსტი თარიღი კი ჯერ არ დასახელებულა.

,,სელენა” / Selena:The Series

ბიოგრაფიული მინი-სერიალი

ბიოგრაფიული ორსერიიანი ფილმი სელენა კვინტანილა-პერესის, „გრემის“ მფლობელი მომღერლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 23 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. სელენა სიცოცხლეს საკუთარი ფან-კლუბის მენეჯერმა, იოლანდა სალდივარმა გამოასალმა. აღსანიშნავია, რომ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებამდე „ნეტფლიქსმა“ ნებართვა მომღერლის ოჯახის წევრებისაგან აიღო. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ფორმატი –  ნეტფლიქსი სელინას ისტორიას ორნაწილიანი ფილმით გვიამბობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები