LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

126

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.

ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

მაია მიმინოშვილის თქმით, წელს მე–11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი იგივე რჩება.

“დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის  დამატებითი ნიმუშები მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  ახალი ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ. ეს მაგალითები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მაია მიმინოშვილის თქმით, იმისათვის, რომ მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები