LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს ვუჰანის მკვლევრები ღამურების დაინფიცირებას მოდიფიცირებული კორონავირუსით გეგმავდნენ – The Telegraph

239
1

ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გავლენიანი გამოცემა Telegraph ვუჰანის მეცნიერების ჯერ კიდევ სამი წლის წინანდელ გეგმაზე წერს. 

როგორც ირკვევა, 2018 წელს, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები ექსპერიმენტის განხორციელებას გეგმავდნენ – ისინი გამოქვაბულში მცხოვრები ღამურების დაინფიცირებას მოდიფიცირებული კორონავირუსით აპირებდნენ.

მედიასაშუალება წერს, რომ იდეის ავტორებმა პროექტის დაფინანსებისთვის განაცხადი კოვიდ-19-ის პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე 18 თვით ადრე შეიტანეს. ცდების განხორციელებისთვის კი მეცნიერები 14 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.

ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევრები გეგმავდნენ ღამურას კანში შეეშვათ კორონავირუსების ნანონაწილაკები, რომლებიც ახალ ქიმერულ (კომბინირებულ) ცილებს შეიცავდა. ექსპერიმენტის განხორციელების ადგილად მითითებული იყო ჩინეთის პროვინცია იუნანის ერთ-ერთი გამოქვაბული.

პროექტში ასევე მითითებული იყო, რომ მეცნიერებს სურდათ ქიმერული ვირუსების შექმნა (კომბინირებული ვირუსები, რომლებიც რამდენიმე ორგანიზმის გენების სინთეზით იქმნება).

როგორც ტელეგრაფი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, ვუჰანის მეცნიერებს ასევე სურდათ ცვლილებების შეტანა ღამურების კორონავირუსებში, იმის დასადგენად, რამდენად გამარტივდებოდა ვირუსის გადატანა ადამიანის უჯრედებში.

 

 

ტელეგრაფი წერს, რომ ჩინელმა მეცნიერებმა პროექტის დაფინანსებაზე უარი მიიღეს, მიზეზად კი შესაძლო საფრთხე დასახელდა, რომელიც შესაძლოა ცდებს შეექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამის მიუხედავად, მკვლევრები პირობას დებდნენ, რომ ცდების დაწყებამდე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებდნენ.

უცნობი ვირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთმა 2019 წლის ნოემბერში განაცხადა, 31 დეკემბერს კი ქვეყნის ხელისუფლებამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ქალაქ ვუჰანში უცნობი, პნევმონიით მიმდინარე ვირუსის აფეთქების შესახებ აცნობა.

პირველადი გამოკვლევებით, ვირუსის ოფიციალურად დადასტურებული პირველი შემთხვევა ვუჰანის ზღვის პროდუქტების ადგილობრივ ბაზარს დაუკავშირდა.

მოგვიანებით გაჩნდა ეჭვები – “ვუჰანის ლაბორატორიიდან საეჭვო ვირუსის გაჟონვის შესახებ”.

WHO-მ პანდემიის წარმოშობის დასადგენად გამოკვლევები სწორედ ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში დაიწყო.

ჯანმოს მეცნიერები მიმდინარე წლის იანვარში ვუჰანში ჩავიდნენ,  მარტში კი პირველადი კვლევის შედეგები წარადგინეს, რომელშიც ეწერა: “ეპიდემიის გავრცელების ყველაზე სარწმუნო სცენარი არის ვირუსის გადაცემა ღამურებიდან ადამიანებზე სხვა ცხოველების საშუალებით. ვირუსის გაჟონვა ლაბორატორიიდან კი არის ყველაზე ნაკლებ სავარაუდო თეორია.”

ამის შემდეგ მოსაზრება კვლავ შეიცვალა და ჯანმომ კვლევის გაგრძელება კოვიდ-19-ის წარმოშობის შესახებ, ახლა უკვე ვუჰანის ლაბორატორიაში გადაწყვიტა.

ოფიციალურმა ჩინეთმა განაცხადა, რომ გამოძიების დაწყების წინააღმდეგია, გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: კვლევის თემად შემოთავაზებულია ვუჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობა, ეს კი ეწინააღმდეგება მეცნიერებას და საღ აზრს.

გასულ თვეში საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა აშშ-ის კონგრესმენების ნაწილმა და შესაბამისი მოხსენებაც წარადგინა.

ანგარიშში ვკითხულობთ – “ჭარბი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ვირუსმა, რომელმაც კოვიდპანდემია გამოიწვია, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა”.

მოხსენებაშია აღნიშნულია, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (WIV) მეცნიერები კორონავირუსების მოდიფიცირებაზე მუშაობდნენ.

ჩინეთი კი კვლავ უარყოფს აშშ-ისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომ ვირუსი გენმოდიფიცირებულია და ის ვუჰანის დაწესებულებიდან გავრცელდა, ოფიციალური პეკინი ასევე არ ეთანხმება ბრალდებებს, რომ თითქოს ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ინფორმაცია დამალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები