LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ლარად ზღვაზეც და მთაშიც – რა ჯდება საქართველოში დასვენება პანდემიის პირობებში

2419
#FORTUNANEWS (1)

წელს კორონავირუსმა დასვენება განსაკუთრებულ გამოწვევად აქცია, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ ყველანი გახსნილ ცას, უცხო ქვეყნებს და დიდ შესაძლებლობებს მივეჩვიეთ.

ახლა კი ეკონომიკისა და ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც შინ დასვენებას გვირჩევენ. მართალია, მრავალფეროვნების ნაკლებობას არც საქართველოს კურორტებზე ვუჩივით, თუმცა აქამდე საკუთარ ქვეყანაში დასვენება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ხშირად იმაზე მეტიც, ვიდრე საზღვარგარეთ.

ახლა პანდემიამ შესაძლოა, საქართველოში პრემიუმ კლასის სასტუმროებში დასვენება ხელმისაწვდომი გახადოს.

სასტუმროები ბათუმში

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები პროგნოზირებენ და მაღალი კლასის სასტუმროების ვებგვერდებიც სწორედ ამას ამბობენ, რომ წელს საქართველოში დასვენების ფასი იკლებს.

“ტურიზმის ინსტიტუტის” დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ტურისტების კლებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არის, შესაბამისად ეს ფასებზე უნდა აისახოს.

“ტურიზმზე მოთხოვნა ნაკლები იქნება, რეალურად კი მიწოდება ბევრი გვაქვს: ბევრი განთავსების ობიექტი, რესტორანი, გიდი გვყავს, აქედან გამომდინარე ფასი დაიწევს. მაღალი კლასის სასტუმროებს მაგალითად ბათუმში უკვე აქვთ შეთავაზებები ფასდაკლების სახით,” – ამბობს ის “ფორტუნასთან”.

აჭარაში ფასები რომ საგრძნობლად არის შემცირებული ამას booking.com -დანაც მიხვდებით დაარა მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე. საიტზე განთავსებული შეთავაზებების მიხედვით, ერთი ღამით ბათუმში დასვენება 20 ლარიდანაა შესაძლებელი. შეკვეთილში კი ამ ფასად ერთი ადამიანი მაღალი კლასის სასტუმროებშიც დაისვენებს.

გამონაკლისი არ არის არც რეგიონები, ბორჯომ-ბაკურიანი, სურამი, მანგლისი ფასები ყველგან თითქმის განახევრებულია. როგორც ქსელურ სასტუმროებში და აპარტამენტებში ისე კერძო გამქირავებლებთან.

სასტუმროები ბაკურიანში

ოფიციალურ საიტებზე ასეთი სახლების სიმცირეა, თუმცა პირად საუბრებში გამქირავებლები აცხადებენ, რომ დამსვენებლების მიღება 40-50%იანი ფასდაკლებებით უკვე დაიწყეს.

“ამ ვირუსის გამო, დამსვენებლების მიღება 20-25 ლარებში დავიწყე. ასე ვაპირებ მთელი სეზონის განმავლობაში, შემდეგ ვნახოთ რა იქნება. დამსვენებლები უკვე მყავს,” – განაცხადა “ფორტუნასთან” სურამში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ.

20 ლარად დასვენება მთაში თუ ბარში ძალიან კარგია, თუმცა ამ პირობებში, ზოგიერთი ისედაც ბიუჯეტური სასტუმრო შესაძლოა საერთოდ გაქრეს, რადგან მათ დამსვენებლის ნაკლებობის გამო, გახსნა არც უღირდეთ. განსაკუთრებით ეს სეზონურ ობიექტებს ეხება.

“ყველა შეეცდება ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანონ და საბოლოო ჯამში შესაძლოა ექსპლუატაციაში არც შევიდნენ. ეს აჭარისთვის იქნება ყველაზე მძიმე. ჩვენ ვართ დამოკიდებული საშუალოდ 4 თვეზე, სადაც უცხოელი ტურისტების ნაკადების 2/3 მოგვაკლდება, რაც დიდი დარტყმა იქნება,” – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუ რა დამატებითი ფილტრის გავლა მოუწევს უცხოელ ტურისტს საქართველოში დასასვენებლად, თუმცა უკვე დაანონსებულია საკმაოდ “მკაცრი” ზომები, ამიტომ წელს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ადგილობრივების და რისკიანი მეზობლების იმედად რჩება.

ქართველი დამსვენებლებით, რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტების ნაკლებობით მიღებულ ზარალს ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა მხოლოდ ამის ცდა შეგვიძლია. სწორედ ამიტომ იწყება ოფიციალური პირების ყველა გამოსვლა მოწოდებებით საქართველოში დასვენებაზე.

ასე რომ, “გაატარე ზაფხული საქართველოში” კვლავ აქტუალურ მოწოდებად რჩება. მას ემატება “მეტი სიფრთხილე” “სოციალური დისტანცია”და კორონის ეპოქის სხვა მოწოდებები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები