LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისს ოჯახების დალოცვა ვიღაცების წინააღმდეგ არ იყო, დარდი გვაქვს საქართველოზე

147
FB_IMG_1526156108107

ზოგიერთმა მიიჩნია, რომ 17 მაისს ოჯახების დალოცვა ვიღაცების წინააღმდეგ იყო, წინააღმდეგობა არ გვაქვს, გვაქვს დარდი საქართველოზე, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას.

„17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე.

მე მახსოვს ერთი ოჯახი, მღვდლის ოჯახი, რეპრესიების დროს ამ მღვდელს მიუსაჯეს ციხე ციმბირში გაგზავნით და მისმა მეუღლემ გამოიჩინა ისეთი დიდი სულგრძელება და ისეთი დიდი სიყვარული, რომ ამ გადასახლებულ მეუღლეს გაჰყვა იმ მატარებლით, რომლითაც მიჰყავდათ იგი. როცა ჩერდებოდა მატარებელი, ეს მეუღლე გადმოდიოდა მატარებლიდან და მუშაობდა ხალხში, რამდენიმე მანეთს იშოვიდა და მიჰქონდა საჭმელი თავისი მეუღლისათვის. შემდეგ ეს მოძღვარი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა გადასახლებიდან; მათ ეყოლათ შვილი და იგი გახდა დიაკონი, მამა კი კვლავ მღვდლობდა. ეს იყო ბედნიერი ოჯახი. ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში.

ოჯახის სიმტკიცე არის ერის სიმტკიცე და ქვეყნის სიმტკიცე, ამიტომ მე იმ დღეს გითხარით თქვენ, რომ დაალოცვინეთ თავი, თქვენი თავი, მშობლებს.

მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა. სტიპენდიას ვაგროვებდი და რომ მოვდიოდი არდადეგების დროს, მომქონდა საჩუქრები დედისათვის და მამისათვის. იმ პატარა საჩუქრებით ვახარებდი ჩემს მშობლებს და ჩემი მშობლები მლოცავდნენ. მე მაქვს პატარა პანაღია, ეს პანაღია ჩემი მშობლების საჩუქარია, ჩემი მშობლების დალოცვააჩემზე და მას ხშირად ვატარებ.

კიდევ ერთხელ გახსენებთ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც გყავთ მშობლები: გამოიყენეთ ეს ბედნიერი დრო და დაალოცვინეთ თქვენი თავი მათ. ეს მოგცემთ დიდ სიხარულს, დიდ ბედნიერებას.

„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყნასა ზედა“. გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას.

არის ხშირი შემთხვევა, როცა დედ-მამას ჰყავს ერთი შვილი და ისიც კი ცდილობს ცალკე იყოს. იგი უნდა იყოს მშობლებთან და უნდა ეცადოს, მშობლებმა ყოველდღე დალოცონ თავისი შვილი.

დიდება უფალს და მადლობა უფალს; ჩვენ დავაწესეთ ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

“ოჯახის სიწმინდის დღე” საპატრიარქომ მსვლელობით და კონცერტით აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები