LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

1991
70261063-613103642549120-7131551852205703168-n

მაიკლ ჰაუბი იმ ერთ-ერთ მეხანძრეთაგანია, რომელიც 11 სექტემბერს დაიღუპა. CNN-ის ცნობით, მეხანძრის იდენტიფიცირება მხოლოდ 18 წლის შემდეგ შეძლეს.
მაიკლი სამშაბათს დაკრძალეს. 

„ჩვენ გვახსოვს ის და დანარჩენი 342 სხვა მეხანძრე, რომლებიც ამ საბედისწერო დღეს დაიღუპნენ და ვიქნებით მუდამ მადლობელი მათი ვაჟკაცობის გამო“, – ითქვა დაკრძალვის დღეს.

იმასაც აცხადებენ, რომ 200 მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე შეიწირა იმ დაავადებებმა, რომლებიც მათ ტერაქტის შედეგად განუვითარდათ.
„ამ გმირებმა მამაცურად გაწირეს თავი იმისთვის, რომ სხვები გადაერჩინათ“, – ამბობს სახანძრო კომისარი დანიელ ნიგო.

11 სექტემბრის ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი და 60 პოლიციელი.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი აშშ-ში 18 წლის წინ მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ 19 ისლამისტმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრო, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა.
ადგილობრივი დროით 08:46 საათზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ე.წ. ტყუპები) ჩრდილოეთ შენობას ნიუ-იორკში პირველი თვითმფრინავი დაეჯახა.

09:03-ზე კი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას – მეორე სამგზავრო თვითმფრინავი.
09:37-ზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. ხოლო 10:03-ზე, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ციფრი უცნობია. 2006 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზარალმა ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

11 სექტემბრის შემდეგ „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა.

მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.
2001 წლის 11 სექტემბრის (9/11)-ის ტერაქტმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია ტერორიზმის საშიშროების უფრო მკაფიო აღქმა. ტერორიზმი ამ ინციდენტის შემდეგ ყველაზე მწვავე თემა გახდა და დღესაც საერთაშორისო საზოგადოებისგან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ყურადღებას. 11-მა სექტემბერმა ყველას დაანახა, რომ ტერორიზმის სამიზნე აშშ იყო.

2001 წლის 11 სექტემბერს, პერლ ჰარბორის შემდეგ, ამერიკას პირველად დაესხნენ თავს. ამ მოვლენამ აშშ-ს პოლიტიკა და პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა. პირველი, რისი გადაფასებაც მოხდა, ტერორიზმის გაგებაა. 9/11-მდე ტერორიზმი დანაშაულად ითვლებოდა. მას ისეთივე მეთოდებით ებრძოდნენ, როგორც ძარცვას ან ყაჩაღობას. ზიანის და მსხვერპლის მასშტაბიდან გამომდინარე, ამ ტრაგედიას სამხედრო აგრესიის კვალიფიკაცია მიეცა.9/11-მა შეერთებული შტატების დაზვერვის ნაკლოვანებები წარმოაჩინა – ის, რომ ადმინისტრაცია ადეკვატურად ვერ აფასებდა ტერორიზმის საფრთხეს, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ცუდი მუშაობის შედეგი იყო.
ნატო-მ 9/11-ის შემდეგ მყისიერად გამოხატა ამერიკის მხარდაჭერა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და პირველად აამოქმედა მე-5 მუხლი, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების საერთო დაცვას საფრთხის დროს. ამის მიზანი კი იყო ის, რომ ამერიკას მარტო არ ებრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.

2011 წელს ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა, რომელიც ფორმით ზუსტად იმეორებს ტყუპი კოშკების ფუნდამენტის პერიმეტრს. მემორიალზე ტრაგედიის მსხვერპლთა გვარებია ამოტვიფრული.

ახლახან კი ნიუ-იორკის მთავრობამ, ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც სახელმწიფო სკოლებს ავალდებულებს ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ხანმოკლე დუმილით აღნიშნონ ყოველი 11 სექტემბრის დადგომა. კანონი მიზნად ისახავს მომავალი თაობების განათლებას, 2011 წლის 11 სექტემბრის მნიშვნელობის შესახებ – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები