LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

107 გარდაცვლილი 3 თვეში – „სიკვდილის ქრონიკა“ საავტომობილო გზებზე

5 მაისი – ქედაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მსხდომი 5 მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.

7 მაისი – დაბა მანგლისთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო 17 პირი დაშავდა.

8 მაისი – სოფელ ქსანთან სამგზავრო ავტობუსმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  3 ადამიანი დაიღუპა.

8 მაისი – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი, მძიმედ დაშავდა.

 

5 დღეში,  ქვეყანაში მომხდარი ავტოავარიებისას 11 ადამიანი დაიღუპა. ბოლო სამ თვეში კი, საქართველოს გზებზე მომხდარი საგზაო კატასტროფების შედეგად 107 ადამიანია გარდაცვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს, 3 თვეში ქვეყანაში სულ 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, ავარიების შედეგად დაშავდა 1 986 ადამიანი, აქედან 54 ინციდენტი სიმთვრალით იყო გამოწვეული.

 

მეტი თუ ნაკლები – სტატისტიკა რეალობის წინააღმდეგ

 

 

გასული წლის ბოლოს, გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, შსს-მ კიდევ ერთი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს,  2016 წელთან შედარებით ავტოავარიების რიცხვის კლება ფიქსირდებოდა. უწყების ინფორმაციით, მსგავსი ტენდენცია ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა. დადებითი შედეგის მიზეზად ე.წ. ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება და ე.წ. ჭკვიანი კამერების გააქტიურება დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ მოხდარი ტენდენციად შეაფასა, მძღოლებზე საჯარიმო მექანიზმების გამკაცრების პირველადი ეფექტის შემდეგ, 2018 წლის პირველმა კვარტალმა რეალობა კვლავ შეცვალა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა, გასული წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 104 იყო. ამავე პერიოდში გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. 2018 წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით 1428 ავტოავარია დაფიქსირდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 1392 იყო. 200 ადამიანით გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც.

 

„მკვლელობების სერია“  გზებზე

 

 

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი საქართველოს გზებზე მომხდარ ავტოკატასტროფებს „მკვლელობების სერიას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა ავარიების გაცილებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

„რეალურად რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ამის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა ან კვლევა არ გვაქვს. დაახლოებით სურათი ასე გამოიყურება, შემთხვევბის 40% არასწორი მანევრირებით ხდება, მკვლელი დარღვევაა სიჩქარის გადაჭარბება, გარდა ამისა, გამომწვევი მიზეზი სეიძლება იყოს: საგზაო ინფრასტრუქტურა, გარე განათება, საგზაო ნიშნების არასწორი მონტაჟი,  გამწვანების ზოლიც კი, რომელიც ავიწროებს გზას ან ფარავს საგზაო ნიშანს. სტატისტიკა არაზუსტია შემთხვევების მშრალად აღრიცხვის შემთხვევბშიც, ხშირად მძღოლები საერთოდ არ რეკავენ პატრულში და ერთმანეთში აგვარებენ ინციდენტს,“ – ამბობს „ფორტუნასთან” დავით მესხიშვილი.

მესხიშვილი საავტომობილო გზებზე ვითარების გამწვავებას ვარაუდობს ზაფხულში, მაშინ, როცა დაიწყება ტურისტული სეზონი, ინტენსიური გახდება გადაადგილება რეგიონების მიმართულებით და ტურისტებთან ერთად, ავტომაქანების რიცხვიც მოიმატებს. “სავტომობილო გზების ასოციაცია“ ამ პერიოდში გზებზე საგანგებო სიტუაციის შემოღებას მოითხოვს. საგანგებო რეჟიმი ყველა საგზაო კამერის ჩართავს და სხვადასხვა დარღვევის ამოსაცნობად, პროგრამულ დატვირთავს, ასევე რადარების ინტენსიურად გამოყენებას და ე.წ. “შავ წერტილებში” (იქ, სადაც ხშირია ავტოავარიები) საინფორმაციო ბანერების განთავსებას გულისხმობს.

 

შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის

 

საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სატრანსპორტი უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის შეხვედრაც გაიმართა. სამუშაო შეხვედრისას ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბების ინიციატივა გაჟღერდა. სამინისტროში, ტრანსპორტის საკითხებზე სხავადსხვა უწყებებში გაფანტული ფუნქციები მოიყრის თავს.

შეხვედრისას საუბარი სიჩქარის გადაჭარბებასა და სიმთვრალეზე სანქციების გამკაცრებასაც შეეხო. ავტოავარიების პრევენციულ მექანიზმად დასახელდა მართვის მოწმობების გაცემის გამკაცრება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, კამპანია “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანი, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა იყო. ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის, შეცვლილი კანონმდებლობის და გამკაცრებული სანქციების მიუხედავად,  რატომ მიიღო ქვეყანამ 2018 წელს კვლავ უარყოფითი სტატისტიკა, ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე განმარტებები ჩვენთან არ გაუკეთებია.

 

პოპულალურები