მას შემდეგ რაც რუსეთმა, ფაქტობრივად, ტურისტული ემბარგო დაგვიწესა და საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, ქვეყანაში აქტიური კამპანია დაიწყო უცხოელი ტურისტების მოსაზიდად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფები სოციალურ ქსელში, სადაც ვიზიტორებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებენ და ჩვენთან დასვენებას ურჩევენ.

უამრავი ადამიანი პუტინის სანქციას, ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, ერთი ახალი ინიციატივითაც გამოეხმაურა – ისინი ტურისტებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ. სანაცვლოდ ტურისტებმა ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უნდა დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია. კამპანიას უკვე უამრავი ადამიანი შეუერთდა – ტექსტი სოციალურ ქსელში ქართულ და ინგლისურ ენებზე ვრცელდება.

ცხადია, „ფორტუნა“ უერთდება „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia კამპანიას და წარმოგიდგენთ 10 ულამაზესს და შედარებით ნაკლებად ცნობილ ადგილს,  რომელიც შეგიძლიათ საქართველოში იხილოთ.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაისვენონ საქართველოში, როგორც უცხოელებმა ისე ადგილობრივებმა, ასეთი მიზეზი უამრავია, თუმცა ამჯერად მხოლოდ 5-ს გამოვყოფთ:

  1. ისტორია
  2. ხალხი
  3. არნახული სილამაზე
  4. ღვინო
  5. დაბალი ფასები

ყურადღებას არნახულ სილამაზეზე შევაჩერებთ და გთავაზობთ ქართული უნიკალური ტურისტული ადგილების დაპირებულ 10-ეულს. ფოტოები აღებულია ვებგვერდიდან:  georgiantravelguide.com

1. ეგრისის ქედი არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქედის ქვედა ზონა, 1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), ხოლო სულ ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებით. ეგრისის ქედი არაერთი ულამაზესი ტბის მშობელია: ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), ოხოჯეს ტობა (ცაშკიბულის ტობა, პატარა ტბა), კალალიშ ტობა, დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, ოკარეს ტობა, ლაკუმურაში და სხვა.

2. ლომისმთა — მთა საქართველოში, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ქვაბისხევისა (მტკვრის მარცხენა შენაკადი) და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ზემო დინებათა წყალგამყოფზე. ლომისმთის ბილიკზე  თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყეები, ლომისმთის მწვერვალი, ალპური მდელო და წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.

3.უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) – ის საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე მის თავზე, მის თავზე ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ უშბის მყინვარი, ასევე ულამაზესი ხედი სვანეთზე. ჩანჩქერის ძირში მისასვლელად ფეხით სავალი მანძილი არის დაახლოებით 3კმ (ერთი მიმართულებით), ხოლო თუ ჩანჩქერის თავზე გინდათ მოექცეთ დამატებით 3კმ გავლა მოგიწევთ.

4. ქორულდის ტბები – მდებარეობს ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში, ზღვის დონიდან 2850 მ-ზე. ტბებს გარს აკრევს კავკასიონის მყინვარები და მწვერვალები. პანორამულ ხედზე დაინახავთ შხარას, თეთნულდს, უშბას, ლაილას და სხვას. ტბებში არეკლილი მწვერვალები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ქორულდის ტბები მესტიიდან 10 კმ-ში მდებარეობს.

5.ლიკანის ხეობის ბილიკი – შესანიშნავი საშუალებაა დაკავებული ადამიანებისათის ერთ დღეში იხილონ ლიკანის ხეობაში არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნება და პანორამული ხედები.

6.ომალოდან ომალომდე: ჩაღმათუშეთისა და გომეწრის ხეობის სოფლები –წრიული მარშრუტი იწყება ომალოდან, გაივლის ჩაღმათუშეთის სოფლებს ხახაბოსა და ჭიღლაურთას და გადადის გომეწრის ხეობაში. გომეწრის ხეობაში მარშრუტი მოიცავს სოფლებს გოგლურტა, დოჭუ, ბოჭორნა და ბრუნდება ომალოში.

7.საირმის სვეტები -ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი – საირმის სვეტები. საირმის უდაბნო სოფელ ალპანასა და ჭრებალოს შორის სოფელ საირმესთან მდებარეობს. მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს უღელტეხილიდან, სადაც გზა აღმართსა და დაღმართს შორის იკეცება, აღმოსავლეთით მოსჩანს საირმის კლდოვანი სვეტები.

8.კაკლის ყურე -წარმოადგენს ნახევარკუნძულის ფორმის მქონე მდინარე ალაზანში შეჭრილ ყურეს, სადაც შემორჩენილია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები. სრულყოფილად მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა.

9.მაზერი – გულის უღელტეხილი – მესტია – ბილიკი მდიდარია პანორამებით და თვალწარმტაცი ხედებით. მარშრუტზე შეძლებთ იხილოთ: მწვერვალები გულბა, მწვერვალები უშბა, ლაილა, თეთნულდი, შხარა, გესტოლდა, კტინი, რუსთაველის პიკი, აილამა და სხვა მშვენიერი პეიზაჟები, საძოვრები და ხშირი ტყე. მარშრუტი იწყება ბეჩოს თემის სოფელი ბაგვდანარშის ასახვევთან. იგი მიემართება აღმოსავლეთით და რამდენიმე საათში ავდივართ „ გულის“ ნასოფლართან, სადაც შემორჩენილია სახლებისა და კოშკების ნანგრევები, „გულის“ გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია (IX-X საუკუნე). გულის უღელტეხილიდან ბილიკი ეშვეობა დაბლა ხეობაში და ფერდობით გადადის ქორულდის ტბებისკენ.

10.ცოდვილთ ქოხები განვითარებული შუასაუკუნეების (X-XV სს) პერიოდის გამოქვაბულების კომლექსია, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფანშეტის სამხრეთით, აჭკალნის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. იგი ბერების სადგომი იყო. კომპლექსი სამიარუსიანია და ბაზალტისქანიან კლდეშია გამოკვეთილი. მიწისძვრის შედეგად მისი დიდი ნაწილი ჩამოქცეულია.

ფოტოები და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ტურისტულ ადგილებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: georgiantravelguide.com

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები