LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარია, როდესაც განათლებულ ადამიანს წიგნის დაწერა და  კარტოფილის დათესვაც კარგად შეუძლია” – მაკა ჩიჩუა

8
maka-chichua-vizitor2020

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი და ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, რომელმაც წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

რადიო ჩემთვის ჯადოსნური გარემოა, არ ხედავ და გესმის მხოლოდ ხმა, ეს ბგერების სამყაროა, საოცარი შეგრძნებაა და ფანტასტიკური გარემო, მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი რადიოში.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მხატვარი ვარ,  სულ ამ პროფილით ვმუშაობდი, ყოველთვის მიყვარდა ეს საქმიანობა. რაც სამსახიობო კარიერას შეეხება, პირველად ლევან კიტიას ფილმში „ტრასა“ გადამიღეს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ზოგჯერ მიფიქრია, ხომ არ მეღალატა ჩემი პროფესიისთვის და მსახიობობას გავყოლოდი, თუმცა, მე განმარტოვება უფრო მიყვარს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ცას და ჰორიზონტს ვხედავდე, ამიტომაც გადავსახლდი დუშეთში. სადაც ვცხოვრობ, იქაური გარემო მკარნახობს, რა ვხატო. ასე რომ, საბოლოოდ არჩევანი მაინც მხატვრობაზე შევაჩერე.

იყო გარკვეული სკანდალი ფილმში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გვესაუბრე აღნიშნულ თემაზე…

გაუგებარი შეფასებები იყო ჩემთვის, პირველი ლედი ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი წარსულით და შეუძლია, ყველანაირი პროფესია ჰქონდეს. იმ ფილმში გარკვეული სასიყვარულო სცენა იყო, ამან გამოიწვია დისონანსი, ეს ამბის ხელზე დახვევას უფრო ჰგავდა, იმისთვის, რომ შემდეგ სკანდალი გამოეწვიათ, თუმცა, არ გამოუვიდათ. თითიდან გამოწოვილი სკანდალები მალევე იფუშება.

რაც ჩემს რეაქციებს შეეხება, მეც ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მაქვს ხოლმე გარკვეული რეაქციები, თუმცა, უსიამოვნო ფაქტებს მალევე ვივიწყებ.

,,ჩემი ცოლის დაქალებში” როგორ მოხდვით?

ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და მსურს, ბევრ რამეში მოვსინჯო საკუთარი ძალები. მოვსინჯე თავი კინოსა და მუსიკაში. ახლა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვმონაწილეობ. ამ სერიალზე ვგიჟდები, არცერთ სერიალს არ ვტოვებ. ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი სერიალების შესახებ ვსაუბრობდით და როდესაც ჩემი საყვარელი სერიალი  დავასახელე, მკითხა, რამე რომ იყოს, მიიღებ მონაწილეობასო? რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი ცხადი იყო და როლიც მალევე მივიღე. სხვათა შორის, მაინცდამაინც, ჩემი როლით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მსურს ის მეტად სახასიათო გავხადო.

გიორგი ჩემსავით ჩართული სერიალში არ არის, თუმცა, ზოგჯერ უყურებს ხოლმე და სერიალის დეტალებსაც მეკითხება. ამ სერიალში, ჩვენი რეალობა ძალიან კარგად არის წარმოჩენილი, რაც მთავარია, სათქმელი გადმოცემულია ხარისხიანი იუმორით და მცირე, უბოროტო სარკაზმით.

მე სულ იმას ვაკეთებ, რასაც ვთვლი, რომ გამომდის, ან ვთვლი, რომ უნდა ვცადო. ასე რომ, როდესაც პირველი ლედი  ვიყავი, სერიალში მონაწილეობას მაშინაც დაუფიქრებლად მივიღებდი.

როდესაც გიორგი პრეზიდენტი ხდებოდა, რა გრძნობები დაგეუფლა, როგორ გარდაიქმენი?

ძალიან დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია, რომ უფრო მეტ რამეზე მეფიქრა და ადამიანებთან ღრმა კონტაქტში შევსულიყავი. ეს თავისთავად გამომივიდა, პარალელურად შშმ პირების თემაც წამოვიდა. როდესაც პირველი ლედი ხარ, უფრო მეტს ესმის შენი, ასე რომ, შენი გეგმები უფრო კარგად შეგიძლია განახორციელო. ამერიკაში „პირველი ლედი“ არის სამსახური, გარკვეული მოვალეობებით, აქ კი შეგიძლია არაფერი აკეთო, ეს შენი ნებაა.

პრეზიდენტის ცოლობა ზოგჯერ საინტერესო, ზოგჯერ კი  მოსაწყენია, არსებობს გარკვეული ეტიკეტი და რეგლამენტი. თუმცა, მე არ გამივლია რაიმე კურსი, მე ვიყავი ჩემი საკუთარი თავის ჩამცმელიც, თუმცა არ ყოფილა რაიმე უხერხულობის და შებოჭილობის მომენტი, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფერში, მსახიობობა მეხმარებოდა.

ცოტა ხნის წინ, გიორგიმ დააანონსა, რომ კვლავ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, რა რეაქცია გქონდათ?

პრინციპში ვფიქრობ, რომ გიორგი პოლიტიკიდან შორს არც წასულა, ის გულანთებული პატრიოტია და ძალიან უნდა, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და წინ წავიდეთ უკეთესი მომავლისკენ. როგორც კი იგრძნო, რაღაც ტიპის კრიზისი, გადაწყვიტა, თავისი როლი კვლავ ითამაშოს ამ მნიშვნელოვან პროცესებში, აქ უკვე ჩვენი ევროპული მომავლის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

გახსოვთ ალბათ, რომ მან მეორეჯერ აღარ იყარა კენჭი. როდესაც ქუჩაში დავდიოდი მეჩხუბებოდნენ, ეს რა გაგვიკეთეო, ის ჩვენი იმედი იყოო და რატომ არ იყარა მეორეჯერ კენჭიო, საზოგადოება ჩემგანაც ელოდა გარკვეულ ქმედებებს. ვთვლი, რომ გიორგის დიპლომატიით საქმის გაკეთება ყოველთვის შესანიშნავად  გამოსდიოდა. რა თქმა უნდა, გულნატკენიც მრავალჯერ ყოფილა, თუმცა, ვფიქრობ, რომ გულის ტკენის გარეშე გულწრფელი ვერ იქნები. გიორგი არის ფილისოფოსი, მას ამ მხრივ აქვს განათლება მიღებული, ასეთი ადამიანები კი ქვეყნის ტკივილს, უფრო სათუთად იღებენ.

მოდით, ცოტა გავაშარჟოთ, ჩვენც ხომ შეგვიძლია ხანდახან ხუმრობა. ახლა პრეზიდენტის სასახლე ორად გაიყო, ერთი საბანკეტო დარბაზად აქციეს, მეორე კი რეზიდენციაა. იცით, მინდა საზოგადოებამ  იცოდეს, რომ ჩვენ არც კი გვდომებია სასახლის გადაკეთება და ჩვენზე მორგება.

ჩვენ ვცხოვრობდით ძალიან კარგად, ვცხოვრობდით  ტყეში და არა ბეტონში, გიორგი ჩამოდიოდა თბილისში, მუშაობდა და შემდეგ ბრუნდებოდა სახლში და ხშირად ამბობს ხოლმე, რომ კრიზისული პერიოდები მარტივად, სწორედ ამიტომ გადაიტანა.

როგორო დედაა მაკა?

მე მყავს 28 წლის მაშო, რომელიც უკვე დიდია. 42 წლის ასაკში გადავწყვიტე გამეჩინა ჩემი თემო, რომელმაც უზარმაზარი სიხარული და ბედნიერება მოგვიტანა მე და გიორგის. შემდეგ გადავწყვიტე კიდევ გამეჩინა, 47 წლის ასაკში გავაჩინე მეორე, ექიმმა მითხრა, რომ თუკი ჯანმრთელობა შემიწყობდა ხელს, გამეჩინა. მეც მზად ვიყავი და გაჩნდა თომა, რომელიც არის 2 წლის. არ ვარ „გიჟი დედა“,  ვღელავ, როცა ავად გახდებიან, ვღელავ, როგორც ყველა დედა და მიხარია, როდესაც იტყვიან პირველ სიტყვებს, ასე რომ ვარ ჩვეულებრივი დედა.

რაც გიორგის შეეხება, ის  ძალიან კარგი მამაა, მას არანაირი მოვლითი, რუტინული საქმიანობა არ აკისრია, ამ საქმიანობას ძირითადად მე ვეწევი, მე და ჩემი დამხმარე ქალი. ჩვენ  ტყეში ვცხოვრობთ და იქ დამხმარეს გარეშე, უბრალოდ  წარმოუდგენელია.

გიორგიმ ყველანაირი საქმინობა აითვისა, შედუღება, ელექტრიკოსის საქმინობა, ცდილობს ყველაფერი თავად გააკეთოს. ზოგმა დაცინვა იცის ამ საკითხზე, ალბათ სწორედ ის ადამიანები არიან ასეთები, ვისაც თავადაც სურს და არ გამოსდის.  ასეთი ადამიანებითვის დაცინვა და ზემოდან ყურება მარტივია. საოცარია, როდესაც განათლებულ ადამიანს წიგნის დაწერა და  კარტოფილიც დათესვაც კარგად შეუძლია.

გიორგიმ შეიძინა სადურგლო აპარატები, სახელოსნო აქვს გაკეთებული და მას საკუთარი ხელით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. დიდი ბედნიერებაა, როდესაც საკუთარი მიწა გაქვს. რატომ უნდა დავიქირავოთ მუშახელი, როდესაც შემიძლია მიწაზე თავად ვიმუშავო. მიწასთან მუშაობა ადამანისთვის საოცრად ორგანულია. ბედნიერებაა, როდესაც შენი სამყოფი ბადრიჯანი, პომიდრი და კარტოფილი თავად მოგყავს.

გავიხსენოთ მიშა სააკაშილი, ხან ჩაფხუტი ეხურა, ხან კომბალი ეჭირა, ეს იყო პიარის ნაწილი და რატომ არის გასაკვირი, როდესაც ადამიანი რეალურად აკეთებს ამ ყველაფერს.

ხარ თუ არა გურმანი?

არ მიყვარს ჭამა, გურმანი არ ვარ, მიყვარს სუფთა და ნატურალური პროდუქტები, ვერ ვჭამ სწრაფი კვების პროდუქტებს, ძირითადად ერთი ტიპის საკვებით ვიკვებები. ძალიან მომწონს იაპონური სამზარეულო.

გვესაუბრე შოუს შესახებ რომელიც „მთავარზე“ გადის…

საქართველო კულტურის მხრივ, მუდამ საინტერესო იყო. კულტურის სფეროთი ყოველთვის კაშკაშა ვარსკვლად ვენთებით მსოფლიოში. ასე რომ, ძალიან საინტერესო პროექტია. ვდილობთ, ხელოვან ადამიანებზე ვისაუბოთ და ჩვენს სატელევიზიო სივრცეში წინ წამოვწიოთ.

ძალინ ბევრი სამუშაო გვაქვს,  შესაძლებლობები კი დიდია. არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, გვაქვს სტუდია და ყველანაირი პირობა, ასე რომ, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სათქმელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები