,,საიდუმლო სირობა'' ღმერთივითაა, ყველამ იცის, რომ არსებობს, მაგრამ წაკითხული არავის არ აქვს,'' - ერეკლე დეისაძე

,,ფორტუნა პლუსის” გადაცემა ,,ვიზიტორის” სტუმარი მწერალი, რეჟისორი, მომღერალი, ერეკლე დეისაძე იყო, რომელმაც წამყვანთან, გიგა ბატკუაშვილთან საუბარში ბავშვობის, ხმაურიანი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
 
– ბავშვობა…
 
მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, რომ ბავშვად დავრჩე. ერთხელ ვთქვი კიდეც, რომ გავიზრდები ბავშვი უნდა გამოვიდე-მეთქი. რაც წლები გადის და ბავშვობას კარგავ, კარგავ იმ ფასეულობებს და ღირსებას, რის გამოც ბავშვობა ძვირფასია. შემდეგ სწავლობ სვლებს, რაღაცებთან გამკლავებას, ვიდრე ამას ისწავლი, ბევრად უფრო კარგია ყველაფერი.
 
– კითხვა…
 
წიგნის სიყვარული მშობლებიდან მოდის. საბავშვო ლიტერატურიდან დისტანცირებული ვიყავი, მაინტერესებდა ის, რაც აკრძალული იყო და არ მოიპოვებოდა მარტივად.
 
– პირველი პროტესტი…
 
როცა მივხვდი, რომ ბილწსიტყვაობას რეაქცია ჰქონდა, ძალიან დამაფიქრა ამ ფაქტმა. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. როცა ვირწმუნე ამ სიტყვების ძალა, შემდეგ დავიწყე ამ სიტყვების მოშინაურება, ტრანსფორმირება, გაცნობა, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ იარაღის ძალას ვერ ხვდებიან ხოლმე, სამწუხაროდ, ადამიანები.
 
– პროფესიით რა ხარ?
 
რეჟისორი. თეატრალური მაქვს დამთავრებული, მაგრამ ეს არ იყო ის პროფესია, რომელიც მინდოდა. პირადპირ რომ ვთქვა, ჯარში არ მინდოდა წასვლა და ამიტომ ჩავაბარე უნივერსიტეტში. არ არის ჯარი ის ადგილი, სადაც მე ჩემს თავს ვხედავ. რასაც ვაკეთებ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი წელი ყაზარმულლზე ყოფნა. უნივერსიტეტისადმი ინტერესი არასდროს  მქონია, სწორედ იმან, რომ ნებაყოფლობითი არ იყო ჯარში წასვლა, იძულებული გამხადა ჩამებარებინა უნივერსიტეტში.
 
– ,,რაც მამას უნდა”…
 
რადგან ვიმღერე, ეს თავისუფლება მე მამაჩემმა მომცა. მე და მამაჩემი იმდენად ახლობლები ვართ, რომ დისკუსიაში დაიბადა ეგ იდეა, რომ მე ამაზე უნდა მემღერა. ამ ყველაფერს განაპირობებს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობ, იზრდები. ზუსტად იმიტომ ვიმღერე, რომ გაღიზიანება გამოეწვია, რადგან სიმართლე მწარეა. ჰგონიათ, რომ ადრესატი მამაები არიან. რეალურად ადრესატი არის თაობა, რომელიც თვითგამორკვევის პროცესს ვერ გადის, რადგან მათ დაუგეგმეს ცხოვრება. ეს სიმღერა არის ადამიანზე, რომელიც თვითონ უნდა გაერკვეს საკუთარ თავში, საკუთარ არჩევანში და თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სხვაგვარად რევოლუცია არ მოხდება. ამ სიმღერის დაწერისას ხელი მოვაწერე იმას, რომ როცა მამა გავხდები, იგივე ტექსტით შეიძლება მეც მომიტრიალდეს, თუ ამას დავიმსახურებ, შვილი.
 
– ,,საიდუმლო სირობა”…
 
ეს წიგნი, სხვათაშორის, დაწვეს… გარკვეულწილად ღმერთივითაა, ყველამ იცის, რომ არსებობს, მაგრამ წაკითხული არავის არ აქვს. ეს წიგნი დარჩება მითიურად.
 
– რა მოგწონს და რა არა ქართულ ტრადიციებში?
 
ბევრი მიფიქრია ამ ყველაფერზე. არის ტრადიციები, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ რასაც ტრადიაციას ეძახიან, ადამიანის შინაგან კულტურაზე მიუთითებს. ან ხარ კულტურული, ან – არ ხარ. ტრადიციებში მომწონს სტუმარ-მასპინძლის ტრადიცია. მომწონს ქართული სუფრის ფორმა, მაგრამ არ მომწონს ფარისევლობაში გადასული ზედმეტი სიტყვების რახარუხი. ტრადიციები დროსთან უნდა იყოს სინთეზში.
 
– მუსიკა…
 
მუსიკამდე პოეტი უფრო ვარ. მე არ მაქვს მუსიკალური განათლება, ყველაფერი სმენით მოდის. შინაგანად მუსიკოსი ხარ, ან არ ხარ. ის მიმართულება, რაც მე ავიღე, მუსიკაც ერთგვარი იარაღია ამ მიმართულებაში, ფორმა არის როგორ მივაწოდო სათქმელი ადამიანს. მუსიკა იდეალური ფორმა გამოდგა ამისთვის, რაც კარგად ესმის მსმენელს.
 
– რომელი უფრო ემოციურია როცა მღერი, თუ როცა კითხულობ…
 
მედლის ორი მხარეა, თუმცა სცენაზე ბევრად მეტია. იქ მარტო ტექსტი არ არის, იქ არის მუსიკა და იქ შენ ხარ. როცა წიგნია, იქ ტექსტია და მკითხველი პირისპირ. სცენაზე ყოფნას სხვა ადრენალინი მოაქვს ყოველთვის…
 
– ყვითელი…
 
ყვითელ პრესასთან აღარ ვმეგობრობ. ეგ ეტაპი გავიარე, ახლა უბრალოდ დანახვაც არ მინდა ამ ყველაფრის. რაც უფრო დისტანცირებული ვიქნები, უკეთესია ჩემთვის. მე ყოველთვის განვითარებისკენ ვისწრაფვი. რადიოების მიმართ უფრო კარგი დამოკიდებულება მაქვს.
 
– შეყვარებული როგორი ხარ?
 
ძალიან ნაყოფიერი. (იღიმის) ხანდახან არის, როცა არავინ არ არის და შენ ილუზიას ქმნი, გინდა ამ ილუზიაში ვიღაც კონკრეტული ადამიანი ჩასვა, ხშირ შემთხვევაში ეს ილუზია ინგრევა და თავიდან იქმნება. ეს ძალიან საინტერესო პროცესია… ახლა, ამ ეტაპზე, ძალიან შეყვარებული ვარ…
 
 – სამომავლო გეგმები…
სულ მალე ახალი ვიდეოკლიპი დაიდება, რომელიც გადავიღეთ მე და Vinda Folio-მ. ჩვენ ჩავწერეთ ალბომი, რომელიც სექტემბერში საფრანგეთში გამოვა. გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული – ,,ერეკლესია”, რომელიც სრულად გაიყიდა.