,,პოპულარობა არ არის ისეთი თემა, რომელიც შენ სხვებზე მაღლა გაყენებს და უფლებას გაძლევს, რომ ქედმაღალი იყო'' - მზია შარაშიძე

რატომ დაირქვა მზია შარაშიძემ ლუკა და როგორი იყო პირველი ეთერი ახალ არხზე – გადაცემა ,,ვიზიტორის” სტუმარი ტელეწამყვანი და ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მზია შარაშიძე იგივე ლუკა იყო.

რატომ დაირქვი ლუკა?

ლუკა დავირქვი რადიოში. 106-ში რომ მივედი ჩვენმა დირექტორმა მზია არ არისო ისეთი სახელი, რომელიც ახალგაზრდა დიჯეის უხდებაო და იქნებ რამე სახელი მოიფიქროო. სახელების მოფიქრება ძალიან მიჭირდა, კატა მყავდა და ერქვა ფისო, ჩიტი მყავდა ერქვა – ჩიტი. როცა მკითხა შეთანხმებულ დღეს რა მოვიფიქრე, იმ წუთას დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა დამერქვა. წინ მედო სუზან ვეგას დისკი, რომელშიც მეორე ტრეკი იყო ,,ლუკა’’, ცნობილი სიმღერა იმ პერიოდში და ასე გადავწყვიტე, რომ ლუკა დამერქვა.

მესამე არხი… როცა დაგირეკეს და გადაცემის წამყვანობა შემოგთავაზეს. როგორი იყო შენი რეაქცია?

გამიხარდა. (იღიმის) მაესტროდან რომ წამოვედი, ვმუშაობდი რუსთავი 2-ზე, მიმყავდა ,,ბინა’’, შემდეგ იყო ,,დილა იმედზე’’, ბოლოს განახლებულ მაესტროზე ,,შუა დღე’’. მას შემდეგ, რამდენიმე წლიანი პაუზა მქონდა. ბევრი ვიფიქრე შევძლებდი თუ არა ორი სამსახურის შეთავსებას, საბოლოოდ დავთანხმდი და მგონი სწორად მოვიქეცი. განსხვავებულია ყველა იმ პროექტისგან, რომლებიც აქამდე გამიკეთებია. ჩვენ გვაქვს ასეთი მიმართულება, რომ ვაშუქებთ მნიშვნელოვან სოციალურ სიახლეებს, ან ისეთ თემებს, რომლებზეც ხალხი ვერ თანხმდება, რაც ეთერი დაიწყო ერთი წუთით არ მოვდუნებულვართ.

პირველი ეთერი ახალ არხზე…

ძალიან ვინერვიულე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ეთერი არ არის ჩემთვის სიახლე, ახალ გადაცემაში რომ ხვდები, თან შენს მეწყვილეებს არ იცნობ კარგად, დრო გჭირდება… თავიდან არ ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი თანაწამყვანები, ძალიან საყვარელი ადამიანები, ღელავდნენ, იმიტომ რომ მათთვის პირველი ეთერი იყო და მეც შევისრუტე მათი მღელვარება. პირველი რამდენიმე წუთია ხოლმე კრიტიკული და თუ ეს გადალახე, მერე მოეშვები. მითუმეტეს, როცა უკვე ყოველდღე ეთერში ხარ, ეს უკვე ჩაის დალევასავით არის.

ლუკა და პოპულარობა… იცვლება ამ დროს ადამიანი?

ალბათ იცვლება, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ შევცვლილვარ. ადამიანებს, რომლებიც არ მიცნობენ, რატომღაც გონიათ ხოლმე, რომ ცალკე კუნძული მაქვს ჩემთვის გამოყოფილი და იქიდან ვიცქირები. ჩემმა მეგობრებმა ვინც მიცნობს იციან, რომ ისევ ის ლუკა ვარ. პოპულარობისადმი მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, რაც განსაკუთრებულად გაქცევს. მე არასდროს არ მქონია თვითმიზანი, რომ პოპულარული გავმხდარიყავი ან ცნობადი სახე ვყოფილიყავი. ტელევიზიებში მუშაობაც, არც ერთხელ არ მომხდარა ჩემი ინიციატივით. გამოდიოდა, რომ მთავაზობდნენ და ბევრი ფიქრის შემდეგ, ვთანხმდებოდი და ვამბობდი, რატომ ვფიქრობდი ამდენ ხანს. პოპულარობა არ არის ისეთი თემა, რომელიც შენ სხვებზე მაღლა გაყენებს და უფლებას გაძლევს, რომ ქედმაღალი იყო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი: