LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა უფალს იმისთვის, რომ ნატო გელაშვილის შვილი ვარ” – ლუკა ჭოხონელიძე

12
luka joxonelidze news

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი და პროექტის „მხოლოდ ქართული“ მონაწილე, ლუკა ჭოხონელიძე. მომღერალმა რადიოს მსმენელს პროექტის საინტერესო დეტალებზე ესაუბრა.

გვესაუბრე პროქტზე „მხოლოდ ქართული“, როგორ დაიწყო შენთვის 2020 წელი?

შრომაში  დაიწყო და შრომით გაგრძელდა, ძალიან კარგად დაიწყო, კი მქონდა ვირუსი ახალი წლის დღეებში, თუმცა, სადღესასწაული განწყობა მაინც არ დამიკარგავს. ეს იყო პროექტის მესამე სეზონი, წინა სეზონებზეც იყო საუბარი, პროექტში მონაწილეობა მიმეღო, რადგან მე მაშინაც ვმღეროდი, მე და ჩემი ძმა სულ ვმღერით ქალაქურ სიმღერებს. სხვათა შორის, ამის ინიციატორი  დედაჩემი არასდროს ყოფილა, მას არ უყვარს პროექტები, იცის, რომ ემოციური ვარ. როდესაც შესარჩევ ტურში გავედი, ნატოს ოქროს ბილეთი გავუგზავნე და მომწერა, პულსი გამექცაო, ზუსტად ვიცი, რაც იგულისხმა. მისთვის, ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი იყო, რომ პროექტში მალულად მივიდოდი. შესარჩევში გასვლას რაც შეეხება, სხვებზე ოდნავ მეტი მოლოდინი მქონდა, თუმცა, კონკურენცია ძალიან დიდი იყო და შეიძლებოდა, ვერც გადავსულიყავი.

რაც შეეხება დედაჩემის ფაქტორს, მე და ჩემი ძმა ამ ფაქტორის ქვეშ გავიზარდეთ, არ არის მარტივი თავი დამოუკიდებლად დაიმკვიდრო  და არ ასოცირდებოდე ნატო გელაშვილთან, თუმცა, ეს დიდი ბედნერებაა და  მადლობა უფალს იმისთვის, რომ ნატო გელაშვილის შვილი ვარ, დიდი ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრება ასეთ ადამიანთან ერთად გიწევს.

8 ლაივ -კონცერტიდან, 7 ლაივ-კონცერტზე ვიყავი, ნახევარფინალიდან გამოვვარდი. დედაჩემი ლაივებს არ ესწრებოდა, იმ პერიოდში იტალიაში იყო და ვფიქრობ, აქ რომ ყოფილიყო, ორმაგად ვინერვიულებდით, მეც და ისიც.

რომელი ტურები იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ნინო ქათამაძის ტური იყო, აღმაფრთოვანებელი და გამორჩეული. ყველაზე დიდი სიამოვნება სწორედ ამ ტურიდან მივიღე და მასში მთელი გული ჩავდე. ასევე, ინოლა გურგულიასა და მაცაცო სებისკვერაძის ტურები დამამახსოვრდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, საოცრება იყო მათთან მუშაობა, გაგვზარდეს როგორც შემოქმედებითან, ასეე პიროვნულად.

რაც კონკრეტულად მე შემეხება, სხვადასხვა მუსიკალურმა მიმართულებამ გამზარდა, მაგრამ იმასაც ვიტყვი, ამ ჟანრებს  არ მოვეწონე  და არც მე მომეწონა ისინი, ასე რომ ქალაქური ჟანრის ერთგულად ვრჩები.

კონკურენციაზე გვესაუბრე…

ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ პროექტში მონაწილეობა  გამარჯვებისთვის არ მიმიღია. თუმცა, როცა სცენაზე გადიხარ, მაქსიმუმი უნდა დადო, ეს კი ავტომატურად კონკურენციად იქცევა. აუთსაიდერი ორჯერ ვიყავი, ნინო ქათამაძის ტურში და მეორეჯერ, როდესაც  ნიკა გვარამიამ ჟიურის წევრებს სთხოვა, პროექტში დავეტოვებინე. ჟიურს წევრები  კი მას არ დათანხმდნენ. ამის შესახებ საუბარი სულ მინდოდა, მინდა ვთქვა, რომ  იყო გარკვეული უხერხულობა, ვფიქრობდი, არ ვიმსახურებდი ამ შემოთავაზებას, მე ჩემი ნამღერით ვიყავი აუთსადერი, ნიკა ვარამიას ძალიან დიდი მადლობა, თუმცა, სულ რომ ხუთივე ჟიურის წევრი დაეთანხმებინა, მე მაინც უარს ვიტყოდი და პროექტში არ დავრჩებოდი.

რა ხდებოდა პროექტის შემდეგ?

პროექტის შემდეგ, ერთი კვირა მეძინა, ვერც სამსახურში წავედი, ვერც გამოცდებზე. ახლა, ნელ-ნელა გონს მოვდივარ და ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს ვუბრუნდები.

ვინ იყო ფინალში შენი ფავორიტი?

ოთხივე მონაწილე დამსახურებულად იყო ფინალისტი, თუმცა, თავიდანვე ყველას ფავორიტი თამთა იყო. ვთვლი, რომ ის ღირსეული გამარჯვებულია, ძალიან მიყვარს და მზად ვარ გვერდში ნებისმიერ საკითხში დავუდგე.

გვესაუბრე შენი გრანდიოზული საჩუქრის შესახებ, რა ემოციაა, როდესაც ბინას გჩუქნიან?

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მოგების კუთხით, სულ უიღბლოდ ვთვლიდი საკუთარ თავს, არასდროს არაფერი მომიგია. გადაცემაში 15 წუთი საუბრობდნენ, ბოლოს  ვფიქრობდი, მე რაღატო მომიწვიესმეთქი, თუმცა, როდესაც მუსიკა გაისმა, გულში გამკრა, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. ბოლოს ვიფიქრე, რაიმე ვაუჩერს მაჩუქებდნენ, ბინის ამბავი დაუჯერებელი იყო. სანამ სიგელს არ დავხედე, ვერაფერს მივხვდი, ნატოს რეაქციაც ზუსტად ჩემნაირი იყო. უამრავი ადამიანი გვირეკავდა და გულწრფელად გვილოცავდა, ეს შესანიშნავი გრძნობაა.

„ოქროს ტალღა“ გავიხსენოთ, სადაც შენ და შენმა ძმამ, წლის დუეტის კატეგორიაში გაიმარჯვეთ…

აღნიშნული სიმღერა ერთი წლის წინ ჩავწერეთ, ნატომ ის ჩვენთვის  დაწერა. მას ასეთი ჩვევა აქვს, როცა რაიმეს წერს, ყურში ჩაესმის, თუ ვინ უნდა შეასრულოს. ასე რომ ის, ჩვენთვის დაწერა და ვფიქრობ, მას იმედები გავუმართლეთ, ეს ჩვენი  სადებიუტო სიმღერა იყო. დიდი მადლობა „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“, რომ ასეთი სტიმული მოგვცა. მე და ჩემი ძმაც ვეცდებით, ახალი ნამუშევრები შემოგთავაზოთ.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ზოგადად, საქართველოში ხელოვნებისა და მუსიკის კუთხით თავის დამკვიდრება რთულია,  მე რასაც ვაკეთებდი, ისევ იმას გავაკეთებ, მე და ჩემი ძმა იგივე ნაბიჯებით სვლას გავარგრძლებთ. ქართულ მუსიკას ვემსახურებით. ასევე არ არის გამორიცხული, რაიმე უცხოურიც შემოგთავაზოთ.

და ბოლოს, იმის აღნიშვნა მსურს, რომ მონაწილეობას არასდროს, აღარსად მივიღებ, რაც გავიარე, იგივეს გავლა აღარ მსურს, ვთვლი, რომ ემოციურმა ადამიანებმა მსგავს პროექტებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები