LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმდენი ბარიერი შემხვდა ტელევიზიებისგან, დაახლოებით 8 კლიპზე უარი მითხრეს” – მასტერი

18
52748916_2344728018871051_4624194792849408000_n

,,ვიზიტორის” სტუმარი, გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი იყო. გიგა ბატკუაშვილთან ინტერვიუში 30 წლის რეპერმა კარიერასა და იმ იმედგაცრუებაზე ისაუბრა, რომელიც ქართული ტელევიზიებისგან იწვნია.

ბავშვობა, სიმღერა, რეპი… საიდან, როგორ წამოვიდა ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში?

რეპერობა ეს არის საკუთარი ცხოვრების გარეთ გამოტანა და მოყოლა, საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი. 15-16 წლის ასაკში, ბოლო ორი კლასი ვსწავლობდი ამერიკაში. იქ ვეზიარე ნამდვილი რეპის, ჰიპ-ჰოპის სიყვარულს. ძირითადად, ვმეგობრობდი შავკანიანებთან, ოღონდ არ მქონდა ეს განსაზღვრული, დაემთხვა, რომ უფრო თბილად, სხვანაირად მიმიღეს. თუფაქი, ნოტარიუს ბიაიჯი პირველად მათ მომასმენინეს. ,,ბიტმეიქინგით’’ დაიწყო ჩემი რეპთან მიახლოება, ჯერ მუსიკას ვქმნიდი რეპისთვის. მეგობარი რომ მიყურებდა, როგორ ვაკეთებდი, ,,კლავიშის მასტერს’’ მეძახდა და აქედან შემერქვა მასტერი.

პირველი რეპ შესრულება…

მაშინ, პატარა ბიჭები ვიყავით და ზედმეტად დრამატიზირებას ვუკეთებდით საკუთარ ცხოვრებას, განგსტერული რაღაცები გვქონდა. შემდეგ უკვე, რომ გავიზარდე, ცხოვრებაზე, ჩემს ყოველდღიურობაზე ვლაპარაკობდი. მაგალითად, 2012 წელს, პატიმრების წამების კადრები დაიდო, მეორე დღეს უკვე პროდუქტი დავდე,  მინდოდა, ჩემი პროსტესტი გამომეხატა ამ ძალადობის წინააღმდეგ, როცა ხარ რეპერი, გაქვს სხვა ინსტრუმენტი. ზოგს შეუძლია კარგად დაწეროს, სტატია გამოაქვეყნოს გაზეთში, მე მაქვს რეპი არჩეული და  სიტყვა არის ყველაზე დიდი იარაღი და გამოვიყენე ეს და პროტესტი გამოვთქვი სიმღერით. ყოველთვის ვეხებოდი სოციალურ პრობლემებს, რაც გარეთ ხდება, რაც უჭირთ.

ოჯახი როგორ შეხვდა ამ ყველაფერს?

დედაჩემი მუსიკასთან ახლოს არის, საგუნდო-სადირიჟორო აქვს დამთავრებული კონსერვატორიაში. მამაჩემი თავიდან სერიოზულად არ უყურებდა ჩემს გატაცებას, ეგონა რომ გადამივლიდა. წლების შემდეგ, როდესაც მეგობრებმა და თანამშრომლებმა ჰკითხეს, მასტერი შენი შვილიაო, იმდენად “გაუსწორდა”, რომ თქვა ჩვენს ოჯახში ერთი კაცი უნდა იყოს, რომელიც შოუბიზნესში წავაო.

რა უნდოდათ მშობლებს რომ გამოსულიყავი?

ვფიქრობ, რომ მამაჩემს უნდოდა ჩინოვნიკის ხაზით წავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დავამთავრე, ბაკალავრიატი, ჯავახიშვილი, შემდეგ ბიზნეს-ადმინისტრირება, მაგისტრატურა,  არ გავყევი ამ პროფესიას. ეს იყო თემა, თუნდაც მამაჩემის გათვალისწინებით. სამსახიობო მინდოდა. არ მახსოვს დაპირისპირება მშობლებთან , რომ რადიკალურ მხარეს აღმოვჩენილიყავით. მამაჩემი ყოველთვის მაჩქარებდა ცოლი მომეყვანა, მაგრამ მამა ბოდიში, რომ დღემდე ვერ ვახერხებ.

რამდენი წლის ხარ?

30-ის, მაგრამ რომ მეკითხებიან ასაკს  ვეუბნები, რომ რეპერები არ ბერდებიან. მინდა მოვიგონო, ჩვენი მეგობარი შურიკა, შავი პრინცი. მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის იყო, არ ეტყობოდა ვერც წარმოგიდგენია, რომ რეპერი 48 წლის იყო.

პირველი სიმღერა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზე…

პირველი გამოჩენა ეს იყო სწორედ ,,ფორტუნა პლუსზე’’, სანამ ტელევიზიაში გავიდოდი, ჯერ რადიო იყო. კაბუ, ძვალი და მე ,,მომე’’, ეგ სიმღერა იყო პირველი. ძალიან გამიმართლა, რომ მაშინ კაბუ და ძვალი ,,ჰაი ლეველზე’’ იყვნენ და გვერდზე, რომ დამიყენეს ახალგაზრდა ბიჭი,  სასიამოვნო იყო.

რა იყო პირველი წარმატება?

პირველივე კლიპი იყო ჩემთვის პირველი წარმატება. შემდეგ ია ჩანტლაძესთან დუეტი, ,,არ მიყვარხარ”, რემიქსი. კარიერის დასაწყისშივე იყო ეს წარმატებები. მერე უკვე ,,ოქროს ტალღის’’ ჯილდოები… მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანები, როცა სიყვარულს, სითბოს გამოხატავენ… გარეთ, როცა დამიძახებს ვიღაც და მანქანაში აუწევენ და მასმენინებენ, აი, შენს ტრეკს ვუსმენო, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება.

დღეს რა დონეზეა საქართველოში რეპი?

მე ვფიქრობ, ყველაზე მაღალ დონეზე, რაც კი ოდესმე ყოფილა. წარსულს რომ გადავხედოთ, ძალიან დაიხვეწა. თვითონ რეპერებმაც შეიცვალეს შეხედეულება. თავიდან იყო მარტო ქალებზე და კაიფზე სიმღერა, ან იყო სულ პროტესტზე საუბარი. ახლა მრავალფეროვანი გახდა, ამერიკული სტილისტიკაც შემოვიდა. 2008-2009 წლებში, მე იმდენად ბევრ კონკურენტს ვერ ვხედავდი, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენცია რეპში არის.

მაგრამ მაინც ვიწრო სეგმენტია ესტრადისგან განსხვავებით…

რეპერები გაცილებით ბევრს მუშაობენ, ვიდრე ესტრადის მომღერლები. მე ამ სფეროში ვარ და ვიცი. უფრო მეტი რეპ კლიპი იდება, ვიდრე საესტრადო სიმღერა. თვეში დაახლოებით 4 კლიპი იდება რეპერის, ნახვებითაც მოწინავეები ვართ.

ის უფრო ჩანს ტელესივრცეში…

იმდენი ბარიერი შემხვდა ტელევიზიებისგან, დაახლოებით 8 კლიპზე უარი მითხრეს, მერე ვთქვი, რომ კარგი, აღარ მინდა. (იღიმის)

 გქონია იმედგაცრუება?

კი, იმედგაცრუება იყო მაგალითად, როდესაც ამხელა პროექტზე ვიმუშავე, რასაც ჰქვია გია ყანჩელთან თანამშრომლობა. როცა ტრეკის “ნუში” გაკეთება დავიწყე, დიდი ხანი ვფიქრობდი და ვუსმენდი. შემდეგ გავაკეთე დემოვერსია და გადავგზავნე ბატონ გიასთან, ბევრი მეუბნებოდა უარი იქნებაო, არც მე მეგონა, რომ ასეთი დიდი პიროვნება დამთანხმდებოდა. ბოლოს მოვიდა მეილი, “მოგვეწონა თქვენი მუსიკალური გადაწყვეტა, უბრალოდ კლიპის ვიზუალი შეგვითანხმეთო”. მახსოვს, რომ წრეზე დავრბოდი, ასეთი დონის მუსიკას ეხები და თან აკეთებ სრულიად განსხვავებულ სტილში. შემდეგ უკვე, რადგან ბატონმა გიამ თანხმობა გვითხრა, გადავწყვიტეთ ზურა ყიფშიძის გადაღება. ეს პროდუქტი მივიტანეთ ტელევიზიებში და მივიღეთ უარი. ეს იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება და მაშინ ვთქვი, რომ არ გინდათ თქვენ და  მე მაშინ ჩემი გზით წავალ. იმის მერე აღარ მიმიტანია ვიდეოკლიპი ტელევიზიაში და სხვათაშორის ვერ ვიტყვი რომ გულდაწყვეტილი ვარ, სამაგიეროდ ინგა გრიგოლიამ მიმიწვია თავის გადაცემაში. (იღიმის)

როგორ ფიქრობ, რატომ გითხრეს უარი?

არ დავასახელებ, ვიდეოკლიპი გავუგზავნე ერთ-ერთ ცნობილ შოუს, ზუსტად 2 თვე ველოდებოდი პასუხს. ბოლოს, პასუხი მოვიდა – უარი.  გეტყვიან, რომ გადაცემა გვაქვს ჩაწერილი, მერე გეტყვიან, რომ სეზონი მთავრდება… შემდეგ ისე მოხდა, რომ გადაცემის წამყვანი გავიცანი ახლოს. ნაცნობობის შემდეგ, კიდევ მოგვიწია ერთხელ შეხვედრა და თვითონ მითხრა, ის სიმღერა მოვისმინე შენი, მაგრად მომეწონაო, შორენას რომ ახსენებ და ბიჭოლასო, და ზუსტად ეგ ტრეკი მქონდა გაგზავნილი წელიწადნახევრის წინ, რომელზეც ასევე უარი მივიღე. დარწმუნებული ვარ არც ჩართეს. სოციალური ქსელი ისე მაქვს მობილიზებული, რომ შემიძლია ახლა წავიდე, რაიმე სიმღერა დავწერო, დავდო სახლიდან და ჰქონდეს უამრავი ნახვა. აქედან გამომდინარე საკუთარი ტელევიზია მაქვს და, რა თქმა უნდა, მეხმარება სიმღერების გაჰიტებაში ,,ფორტუნა პლუსი’’.

როგორც მუსიკოსს საიდან მოგდის მუზა… ?

პირდაპირი მნიშვნელობით, რაღაც ამბიდან რომელიც გადამხდა.

რეპერი, ვისთანაც დუეტს ჩაწერდი?

ალბათ, დრეიკთან. რეპერები გაწიე გვერდზე, რიანასთან ჩავწერდი. (იღიმის)

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიჩანაწერი:

გადაცემის ვიდეოჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები