LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BG Tone – ახალი პროექტი, რომელსაც გათვლა მსოფლიო ბაზარზე აქვს

„ექსკლუზივის“ სტუმარი პროექტი „BG Tone“ და მისი წევრები – ბექა გელენავა და ლუკა მაჩაბლიშვილი იყვნენ.  გადაცემის ფარგლებში შედგა მათი ერთობლივი სიმღერის „Still feelin’ you” პრემიერა.

ბექა, ადრე ჯგუფ „თბილი-სის“ ფრონტმენი იყავი. რამდენად წარმატებული იყო ის და რა სიტუაცია დაგხვდა, როდესაც მუსიკალური პაუზის შემდეგ დაბრუნდი?
– ზუსტად მაგ პაუზის დროს საქართველოში არ ვიყავი და რომ დავბრუნდი ყველაფერი შეცვლილი დამხვდა ნამდვილად. ბევრი რამე შეცვლილა.
რა გახდა ჯგუფის დაშლის მიზეზი?
– დიდი ხნით მომიწია საქართველოდან წასვლა და სწორედ ამიტომ დაიშალა ჯგუფი. სიმღერების ავტორიც და ფრონტმენი მე ვიყავი.
რა გამოცდილება მოგცათ „თბილისმა“?
– საკმაოდ დიდი. მყავდა მსმენელის არმია, რომელიც სულ ჩვენთან ერთად იყო. გვქონდა ბევრი კონცერტი, რომლებიც ანშლაგით იმართებოდა.
სრულიად სხვა ჟანრში გადაინაცვლე. რამდენად კომფორტულია ის, სადაც ამიერიდან აპირებ მოღვაწეობას?
– რაც აქ არ ვიყავი, უცხოეთშიც სწორედ ამისი მცდელობა მქონდა, რომ მსგავსი ჟღერადობის სიმღერა ჩამეწერა. სხვათაშორის, საქართველოში პრემიერის შემდეგ ერთ-ერთი უკრაინული რადიო გეგმავს ამ სიმღერის დატრიალებას, შემდეგ მიგვაქვს მილანში და ა.შ. ვიტყვი იმასაც, რომ ყველა სიმღერა ინგლისურენოვანი იქნება. იმედი მაქვს, რომ მოთხოვნა იქნება. ჩვენი გათვლა მარტო ქართულ ბაზარზე არ ყოფილა გათვლილი.
ლუკა, მოგვიყევი შენს გამოცდილებაზე…
– თავდაპირველად სხვადასხვ კლუბებში ვუკრავდი, მქონდა კოლაბორაციები, მათ შორის ბექასთანაც. პროდაქშენი ყოველთვის მინდოდა და დაახლოებით ერთ წელზე მეტია მოკრძალებული ჰოუმ-სტუდია გავაკეთე, სადაც ვმუშაობ. შარშან ბექას მოვასმენინე ჩემი რამდენიმე თრექი, სწორედ მისგან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა.
რამდენად კარგად გრძნობ ამ ჟანრში თავს?
– ჰაუსი – ზოგადად, ჩემთან ძალიან ახლოს არის, შესსაბამისად ერთგვარი გამოწვევა იყო და მომენტალურად დავთანხმდი ბექას. ძალიან საინტერესო სამუშაო პერიოდი გვქონდა.
– აზრთა სხვადასხვაობა მუშაობის დროს გქონიათ?
ბექა:
როდესაც მუსიკას რამდენიმე ადამიანი აკეთებს, ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, რაც თავიდან არ მეგონა. გვაქვს კიდევ ახალი თრექების გეგმა, რომელზეც მუშაობას მალე დავიწყებთ.
რამდენად გაქვთ იმედი, რომ თქვენი ნამუშევარი გაამართლებს კომერციულად?
– მე ყოველთვის მქონდა ჩემი მიდგომა ამ საკითხთან და ლუკაც ამავე აზრის აღმოჩნდა. ყოველთვის მინდოდა იმისი კეთება, რაც მომწონდა და არ მქონია გათვლები. ისე გამოვიდა, რომ ეს ყველაფერი ამართლებს.
სასიყვარულო ბალადებიდან საცეკვაო მუსიკამდე წახვედით. რამ განაპირობა ეს ყველაფერი?
– სხვათაშორის, ტექსტს თუ მოუსმენთ, სასიყვარულო თემატიკა აქაც იგრძნობა, ასე რომ არც ისე შორს წავსულვართ.
რაც შეეხება პროექტს, რატომ „BG Tone“?
– დიდი ისტორია არ დევს ამ სახელწოდებაში. ჩემი სახელისა და გვარის ინიციალებია და ასე დავარქვით საერთო პროექტს.
–  სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
ლუკა: ჟანრობრივად შევინარჩუნებთ ამ მიმართულებას, თუმცა ბევრი სიახლეა დამუშავების პროცესში, თუმცა ეს არ არის ჩვენი მთავარი პროფესია, უფრო ჰობის დონეზეა და მეც და ბექაც თავისუფალ დროს ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ამიტომ არ ვიცით, როდის შევძლებთ დასრულებას.
– ეს კონკრეტული სიმღერა როგორ შეიქმნა?
ბექა: მილანში ჩვენს მიერ შეიქმნა და ფრთები აქ შევასხით მე და ლუკამ. მთავარი სათქმელი კი არის გრძნობები – still feelin’ you.
წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი